საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ, საარჩევნო დარღვევები კვლავ აქტუალური თემაა არა მარტო ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. "ამერიკის ხმა" მეთიუ ბრაიზას, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილეს და ორ ევროპარლამენტარს, რასა იუკნევიჩიანესა და რიჰო ტერასს ესაუბრა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე შეფასებების გასკეთებლად.
ამერიკის პოზიცია
ამერიკის მხრიდან საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე შეფასებები ჯერ სახელმწიფო დეპარტამენტიდან, კონგრესიდან და სენატიდან, შემდეგ კი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირის, ჯო ბაიდენის მხრიდანაც გაკეთდა.
“სულ ახლახან, საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის არაერთი ბოროტად გამოყენების ფაქტი, ასევე ამომრჩევლის დაშინება და იძულება.
ამერიკა ნამდვილად შიშობს, რომ [საქართველოს] არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი.
საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები ამ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელზეც დამოუკიდებელ საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს არ უთქვამთ, რომ თავისუფალი და სამართლიანი იყო.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა, გააუქმოს ისეთი კანონები, როგორიც არის ე.წ. „უცხოური გავლენის კანონი“, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, და დაიწყოს დაუყონებლივ, ინკლუზიური დიალოგი საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალასთან, არჩევნების მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით”,- ვკითხულობთ პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებაში.
მეთიუ ბრაიზა გვეუბნება, რომ ეს სერიოზული მესიჯია საქართველოს ხელისუფლებისთვის და ასევე საკმაოდ უჩვეულო ნაბიჯი ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან. მისი თქმით, არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, როგორც წესი, მისალოცი განცხადებები კეთდება და არა მსგავსი შინაარსის და ასეთი ტრიბუნიდან.
“როგორც წესი, დაახლოებით, ამ დროისთვის უკვე გაჟღერდებოდა მისალოცი გზავნილი. თუმცა, ის, რაც ახლა მოხდა, ნიშნავს იმას, რომ ამერიკა ნამდვილად შიშობს, რომ [საქართველოს] არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ვფიქრობ, დენ ტვინინგმა "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან" ძალიან კარგად განმარტა, რომ როდესაც მთავრობა ცვლის და არღვევს საარჩევნო წესებს, მაშინ ის ართმევს საკუთარ მოსახლეობას შანსს, რომ ხმა მისცეს, ან საკუთარი პოლიტიკური აზრი გამოხატოს. ეს კი დემოკრატიულ პროცესსში დემოკრატიას ვნებს”,- გვეუბნება ბრაიზა და ამატებს, რომ “ძალიან დიდი სიმბოლური ესკალაციაა, როდესაც განცხადებები სახელმწიფო დეპარტამენტიდან პრეზიდენტის დონემდე ავიდა. ეს საკმაოდ უჩვეულოა”.
საქართველოს მთავრობას პრეზიდენტ ბაიდენის განცხადება კარგად არ მიუღია. თქვეს, რომ ის ვერ განსაზღვრავს, ჩატარდა თუ არა ქვეყანაში არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად. ქვეყნის პრემიერ-მინისტრისგან კი მოვისმინეთ, რომ ერთადერთი პრობლემა საქართველოსა და დასავლეთს შორის უკრაინის ომის გამო არსებობს და როგორც კი ომი დასრულდება, მხარეები ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან დაიწყებენ. მეთიუ ბრაიზა ამბობს, რომ რეალური პრობლემები დასავლეთსა და საქართველოს შორის უკრაინის ომს არ უკავშირდება.
ძალიან დიდი სიმბოლური ესკალაციაა, როდესაც განცხადებები სახელმწიფო დეპარტამენტიდან პრეზიდენტის დონემდე ავიდა. ეს საკმაოდ უჩვეულოა
“საქართველოს მთავრობის ასეთი განცხადებები პროპაგანდაა "ქართული ოცნების" მხრიდან. ეს იმავე პროპაგანდის ნაწილია, როდესაც მათ დანგრეული უკრაინის ფოტოები და საქართველოს მშვიდობიანი ფოტოები ერთად გამოაქვეყეს. ისინი შიშზე დაფუძნებულ ტაქტიკას მიჰყვებიან. ყველამ იცის, რომ აქამდე ისინი ამბობდნენ, თითქოს ამერიკა ცდილობდა ისინი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩაეთრია- ეს სრულიად სასაცილო ტყუილებია. ამერიკას არასდროს ენდომება, რომ საქართველო ომში ჩაერთოს, რაში უნდა დასჭირდეს ამერიკას საქართველო, რა სამხედრო შესაძლებლობების მოტანა შეუძლია მას ისეთის, რაც იმაზე უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ის, რაც უკრაიანას შეუძლია, ევროპულ და ამერიკულ რაკეტებთან ერთად? ასე რომ [პასუხია] არა! თუ უკრაინაში რუსეთის ომი დასრულდება, ეს პრობლემა არ იარსებებს. მაგრამ პრობლემები ამერიკასა და საქართველოს, ან ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქართველოშივე იქმნება”,- განმარტავს დიპლომატი.
მისივე თქმით, პრეზიდენტ ბაიდენს სრული უფლება ჰქონდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაეკეთებინა: “რაც შეეხება განცხადებას იმაზე, რა უფლება ჰქონდა ამერიკის პრეზიდენტს, რომ ქართულ დემოკრატიაზე კომენტარი გაეკეთებინა- ეს ძალიან ღრმა პრობლემის ნაწილია. საქართველო, რომელიც ასე უყვარს და რომელზეც ზრუნავს ამერიკა ისეთი საქართველოა, რომელიც დემოკრატიულ რეფორმებს ატარებს ევროკავშირის წევრობისთვის.
ევროპელი პარტნიორები კი ჩვენი [ამერიკის] ყველაზე ახლო მოკავშირეები არიან იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან ერთად. ასე რომ ამერიკას სურს, რომ საქართველო წარმატებული იყოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან მიმართებაში. როდესაც საქართველოში არჩევნები ცუდად ტარდება, საქართველო შორდება ევროკავშირს. ასე რომ სრულიად მისაღებია, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოში დემოკრატიის პროგრესზე განცხადება გააკეთოს”.
ბრიუსელის პოზიცია
მწვავე განცხადებები არც ბრიუსელიდან წყდება. გარდა წევრი სახელმწიფოების კანონმდებლებისა და საგარეო უწყებების წარმომადგენლებისა, 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკომისიამაც. ევროკავშირის უმაღლეს უწყებაში ამბობენ, რომ ვერ გასცემენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეკომენდაციას იქამდე, ვიდრე ქვეყანა კურსს არ შეიცვლის, არ დაუბრუნდება პროევროპულ გზას და უკან არ გაიწვევს ე.წ უცხოეთის აგენტების, ასევე ოჯახური ღირებულებების კანონებს და არ გამოიძიებს საარჩევნო დარღვევებს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის განცხადებით, საჭიროა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დარღვევების "გამჭვირვალედ" გამოძიება და ე.წ. აგენტების კანონის, ასევე ე.წ. "ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის" გაუქმება, რათა საქართველო კვლავ დაუახლოვდეს ევროკავშირს.
ამის შესახებ მან ევროკავშირის კომისრის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მათ გაფართოების ყოველწლიური ანგარიში წარადგინეს.
უნდა დავიწყოთ სანქციებზე ფიქრი საქართველოს მმართველი პარტიის წინააღმდეგ
"საქართველში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გამორჩეოდა სერიოზული დარღვევებით, ამას სჭირდება დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება. მე ახლა ერთიმეორის მიყოლებით არ ვისაუბრებ ამ დარღვევებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად, არც ამის საწინააღმდეგო უთქვამთ. ასე რომ, ჩვენ ვართ იმ ზონაში, რომელიც მოითხოვს გამოძიებას, რათა გაირკვეს, რა მოხდა და როგორ შეეძლო ამ ყველაფერს არჩევნების შედეგებზე ემოქმედა.
ბოლო თვეებია ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დააშორა ქვეყანა ევროკავშირს, დააშორა მის ღირებულებებსა და პრინციპებს”,- უთხრა ბორელმა ჟურნალისტებს.
ამ განცხადებას მნიშვნელოვანსა და საყურადღებოს უწოდებენ ევროპარლამენტარები. “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში რასა იუკნევიჩიანე და რიჰო ტერასი ამბობენ, რომ “ევროკავშირმა განაცხადა ის, რაც ისედაც აშკარა იყო”. “მაგრამ ჩემი აზრით, ახლა სანქციებზე უნდა ვკონცეტრირდეთ, სანქციებზე ივანიშვილისა და იმ ადამიანებისთვის, ვინც გასული წლების განმავლობაში შეამცირეს ქვეყანაში ოპოზიციის არსებობის შესაძლებლობა, ვინც მანიპულირებას ახდენდა მედიით, ფლობდა მედიას და არ აძლევდა საშუალებას ოპოზიციას, რომ იქ საკუთარი აზრი გაეჟღერებინა- ეს ანტიდემოკრატიული განვითარების კლასიკური მაგალითია. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, რომ უნდა დავიწყოთ სანქციებზე ფიქრი საქართველოს მმართველი პარტიის წინააღმდეგ”,- გვეუბნება თადარიგის გენერალი და ევროპარლამენტის წევრი რიჰო ტერასი.
რასა იუკნევიჩიანე კი აღნიშნავს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების ფონზე, მისთვის ნათელია, რომ ნატოსა და ევროკავშირის კარი, რომელზეც აქამდე გამუდმებით ისმოდა, რომ ქართველებისთვის ღია იყო, ახლა იხურება.
“დიახ, [ევროპის] კარი იხურება მაგრამ ეს თავად ქართველების ხელით ხდება. იმათი ხელით, ვინც "ქართულ ოცნებას" ხმა მისცა, მაგრამ პირველ რიგში მათი ხელით, ვინც არჩევნებზე მანიპულაცია მოახდინა და ის თავისუფალ და სამართლიან გარემოში არ ჩაატარა და ჩაიდინა ის საშინელება, რომ საკუთარი ძალის გამოყენებით, ქართველი ხალხისგან არჩევნები მოიპარა”,- ამბობს ევროპარლამენტარი.
საერთაშორისო გამოძიება
კვირის განმავლობაში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ორჯერ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ევროპელ პარტნიორებთან ერთად, განიხილავს, ვის შეუძლია საქართველოში ჩატარებული არჩევნების პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების გამოძიება.
საარჩევნო დარღვევების გამოძიებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ,მილერმა დააკონკრეტა: "მე არ მითქვამს, რომ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა ჩაატარონ ეს გამოძიება. ჩვენ გვაქვს კონსულტაციები ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან და განვიხილავთ, თუ რომელმა უწყებამ შეიძლება რომ ეს გამოძიება ჩაატაროს",- უთხრა ორშაბათს, 28 ოქტომბერს ჟურნალისტებს მილერმა.
შესაძლოა [დასავლეთისგან] იყოს ზეწოლა, რომ მოხდეს გამოძიება, რომელიც შესაძლოა მთავრობას არც უნდოდეს
ოთხშაბათს, 30 ოქტომბერს კი მან დასძინა, რომ გრძელდება კონსულტაციები ევროპელ პარტნიორებთან. გამოძიებისკენ მოწოდება კი ვაშინგტონიდან საქართველოს ხელისუფლებას მიემართებოდა.
„ასევე, ჩვენ ცხადი გავხადეთ, რომ კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში იმის შესახებ, თუ სხვა რა გამოძიებები შეიძლება იყოს სათანადო და შესაბამისი", - თქვა მილერმა.
მეთიუ ბრაიზა, რომელიც წლების განმავლობაში იყო სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, ამბობს, რომ ეს საკმაოდ უჩვეულო ნაბიჯია, თუმცა, ამას შესაძლებლობად ხედავს.
“ეს საკმაოდ უჩვეულოა. უცებ დაფიქრებისას არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც ეუთო, ან ევროკავშირი ვინმეს აიძულებდეს რამის გამოძიებას…"ქართულ ოცნებას" რომ ყველაფრის წარმოჩენა სურდეს და დასამალი არაფერი ჰქონდეს, მაშინ ისინი მიიღებდნენ ეუთო/ოდირს, ან ამის გაკეთება შეუძლია ვეროპული ოჯახის რამდენიმე წარმომადგენლობას. მაგალითად, საპარლამენტო ასამბლეა, ევროსაბჭო, ვენეციის კომისია, ლოგიკური არჩევანი იქნებოდა.
ჩემი აზრით, იმ განცხადებიდან გამომდინარე, რაც თქვენ ახსენეთ, შესაძლოა [დასავლეთისგან] იყოს ზეწოლა, რომ მოხდეს გამოძიება, რომელიც შესაძლოა მთავრობას არც უნდოდეს”,- განმარტავს ბრაიზა.
საერთაშორისო გამოძიებაში პრობლემას ვერც ევროპარლამენტარი რიჰო ტერასი ხედავს:” საქართველოში სხვადასხვა საერთაშორისო დამკვირვებლები აკვირდებოდნენ არჩევნებს, ვფიქრობ, სწორედ მათ შეგვიძლია მივმართოთ ამ ტიპის გამოძიებისთვის”.
საქართველოს პროკურატურამ გამოძიება საარჩევნო დარღევევებთან დაკავშირებით უკვე დაიწყო. ქვეყნის მმართველი პარტიის წევრები კი ამბობენ, რომ საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობა არ არსებობს, რადგან საქართველო სუვერენული ქვეყანაა და მას თავადაც შეუძლია ამ შესაძლო დარღვევების გამოძიება.
საქართველოს ოპოზიცია, რომელიც არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ამბობს, რომ საჭიროა საერთაშორისო დონის სწრაფი და ყოვლისმომცველი გამოძიება.
პრეზიდენტის როლი
ოპოზიციასთან ერთად, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და არალეგიტიმურს უწოდებს ქვეყნის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც. მან გარკვეული ლიდერის ფუნქცია აიღო ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების გაერთიანებისა და საარჩევნო შედეგებისთვის ბრძოლაში.
პრეზიდენტი ხშირად საუბრობს საარჩევნო დარღვევებზე. ის საქართველოს პროკურატურაშიც დაიბარეს, იმისთვის, რომ მის ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე ისაუბროს. თუმცა, პრეზიდენტმა ამაზე უარი განაცხადა. მტკიცებულებები კი, რომლებიც მას გააჩნია, თავად წარუდგინა საზოგადოებას საჯაროდ.
რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაში საქართველოს პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ დროში საკმაოდ უცნაურად დაემთხვა ის, რომ რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მისი დაპატიმრება და გადაყენება მოითხოვა და მალევე ის პროკურატურაში დაიბარეს.
საზოგადოების ნაწილმა, პრეზიდენტის მსგავსად ამას ხაზი გაუსვა. ამ დამთხვევაში, საშიშ ტენდენციას ხედავს მეთიუ ბრაიზაც.
“რაც შეეხება პროკურორის მიერ [პრეზიდენტის] გამოკითხვაზე დაბარებას, ეს არაკონსტიტუციური და უკანონოა. ესაა აშკარად დაშინების მცდელობა. შეიძლება "ქართული ოცნების" ზედა ეშელონებში ნერვიულობენ, რომ სიტუაცია მათ კონტროლს აღარ ექვემდებარება. მედვედევის განცხადება, შესაძლოა მიიღეს, როგორც იმის სიგნალი, რომ ჯობია ყველაფერი დროულად მოაგვარონ და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ქუჩაში მორიგი ქაოტურობის პერიოდი არ მიიღონ”,- ამბობს ბრაიზა.
საქართველოს სჭირდება მტკიცე ლიდერშიფი ევროპული მხრიდან
სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი პრეზიდენტის როლს უსვამს ხაზს და ახლანდელ სიტუაციაში მისი ლიდერობის აუცილებლობაზე საუბრობს.
“ჩემი აზრით, ის წარმოუდგენელ სიმამაცეს იჩენს. მე მას იმ დროიდან ვიცნობ, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ის იყო ფრანგი დიპლომატი, რომელიც ნამდვილ ქართველ პატრიოტად გადაიქცა. მან იცის, რომ საკუთარ უსაფრთხოებას აყენებს საფრთხეში, როდესაც ასეთ რამეებს ამბობს. ვინ იცის რა მოხდება, როდესაც მსგავსი განცხადებები ამოსდის პირიდან დმიტირი მედვედევს”,- გვეუბნება ყოფილი დიპლომატი.
საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად აფასებს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანეც, რომელიც ამბობს, რომ კრიზისში მყოფ ქვეყანას, ახლა დასავლური სტილის ლიდერშიფი სჭირდება:
“საქართველოს სჭირდება მტკიცე ლიდერშიფი ევროპული მხრიდან, არ ვამბობ ოპოზიციის მხრიდან, რადგან ის ადამიანები, ვინც ახლა ოპოზიციად მოიაზრებიან, იქნებიან ეს პოლიტიკოსები, არასამთავრობოები, თუ ახალგაზრდები, ისინი ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. ასე რომ ასეთი ევროპული ლიდერობა საჭიროა და მე ყოველთვის ველოდი, რომ პრეზიდენტი ამ როლს თავის თავზე აიღებდა”.
რუსეთის სავარაუდო გავლენა არჩევნებზე
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან მალევე, არჩევნების რუსული კვალისა და რუსეთის ჩარევის შესახებ დაიწყო საუბარი. ის ამაზე საუბრობდა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მედიასთან.
„ჩვენ ვნახეთ, რომ რუსული პროპაგანდა პირდაპირ იქნა გამოყენებული [არჩევნებში]“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეტედ პრესთან" ინტერვიუში და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა „რუსეთთან ხელჩაკიდებული“ მუშაობდა.
რუსეთის თამაში გეგმა არის, გააკეთონ ყველაფერი, რათა არჩევნებზე გავლენა მოახდინონ და საკუთარი მიმართულებით წაიყვანონ.
მეთიუ ბრაიზა ამბობს, რომ ამის მყარი მტკიცებულება ჯერ არ უნახავს, თუმცა, ასევე მისი თქმით, “ალოგიკური” იქნება იმის ფიქრი, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში არ ჩარეულა.
“როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რომ რუსეთი არ ჩარეულა [საქართველოს არჩევნებში]? მათ ქვეყნის 20%-ზე მეტის ოკუპაცია მოახდინეს; ქვეყანაში შეიჭრნენ; საქართველოში არსებობს ხელისუფლება, რომელმაც რუსეთთან ურთიერთობა აღადგინა; გააუქმა ანაკლის პორტი და გააკეთა ბევრი რამ, რაც რუსეთს სურს.
ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან, ემანულ მაკრონის ხელახლა არჩევის პროცესიდან და ევროპაში ჩატარებული სხვადასხვა არჩევნებიდან გავიგეთ, რომ რუსეთის თამაში გეგმა არის, გააკეთონ ყველაფერი, რათა არჩევნებზე გავლენა მოახდინონ და საკუთარი მიმართულებით წაიყვანონ. ვერ წამომიდგენია, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც ისინი ამას არ გააკეთებდნენ, იქნებოდა ქვეყანა, რომლის 20%-იც ოკუპირებული აქვთ”- ამბობს ბრაიზა.
რუსეთის საქართველოს არჩევნებში და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის საკითხის შეფასებისას, გაცილებით უფრო კატეგორიული იყო ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე:
“პირველივე დღიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მოიგო არჩევნები [2013] წელს, ეს [რუსული] ოპერაცია დაიწყო. ჩემთვის გაცილებით ნათელი გახდა ეს მათი [ქართული ოცნების] მეორე ვადის დროს.
ბიძინა ივანიშვილი ერთხელაც არ ჩამოსულა ბრიუსელში, ან ნებისმიერ სხვა დედაქალაქში იმისთვის, რომ ქვეყნის პროევროპული მომავლისთვის ეზრუნა. მათ არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მეგობარი ჰყოლოდათ ევროპაში, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება უზრუნველეყოთ. პირიქით, ისინი ბრალდებებს ავრცელებდნენ და თავს ესხმოდნენ საქართველოს ყველა მეგობარს”,- გვეუბნება ევროპელი კანონმდებელი.
შემდეგი ნაბიჯი- სანქციები
ვაშინგტონსა და ბრიუსელში არ წყდება მოწოდებები საქართველოს მთავრობისადმი, გამოიძიოს საარჩევნო დარღვევები და პატივი სცეს ქართველი ხალხის არჩევანს. ასეთივე საჯარო განცხადებებისა და გაფრთხილებების შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ე.წ უცხოეთის აგენტების კანონის მიღების გამო, საქართველოს ხელისუფლების წევრების ნაწილს სავიზო და ფინანსური შეზღუდვები დაუწესა.”ამერიკის ხმის” შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ იგივე ახლაც განმეორდეს, მეთიუ ბრაიზამ, სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, რომელიც წლების განმავლობაში ახლოდან აკვირდებოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ქვეყნის პოლიტიკურ დინამიკას, ასე გვიპასუხა:
“ნამდვილად, აბსოლუტურად. ამერიკამ უკვე დაუწესა სანქციები კონკრეტულ პირებს [საქართველოში]. ტრანსატლანტიკური ოჯახი და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება შეჯახების კურსს ადგანან. მაგრამ ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის უფრო ღრმა [პრობლემაა], რომ ისინი შეჯახების კურსზე არიან ქართველ ამომრჩეველთან, რომლის 80%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ამ დაძაბულობის ფონზე, ვფიქრობ, რომ სულ უფრო და უფრო მეტ სანქციებს ვიხილავთ ამერიკისგან და ევროპისგან, რადგან როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობამ ხელი ჩაიქნია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე”.
სანქციებს არ გამორიცხავენ, მეტიც, მათ აუცილებლობაზე საუბრობენ ბრიუსელშიც. რიჰო ტერასი გვეუბნება, რომ „სანქციები უნდა დაუწესდეთ იმ ადამიანებს, ვინც ხმა მისცა არადემოკრატიულ კანონებს და რა თქმა უნდა, ოლიგარქ ივანიშვილს, რომელიც ოფიციალურად არ ყოფილა ჩართული ამ კანონის მიღებაში, მაგრამ ის [სიტუაციას] სცენის მიღმა მართავს და ეს კლასიკური ოლიგარქიული ქცევაა. ასე რომ, ფინანსური სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ მნიშვნელოვანია”.
რასა იუკნევიჩანე კი ამბობს, რომ ევროკავშირი განსახილველად ყველა ვარიანტისთვისაა მზად.
“ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავთ, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას დაწყებული მათგან, ვინც კანონი დაარღვია, ვინც არ ჩაატარა არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად, იმიტომ რომ [ქართველ] ხალხს არჩევნები მოპარეს. რა თქმა უნდა, წინ რთული პერიოდია და ვიქრობ, რომ ჩვენ ევროპარლამენტში ვიქნებით ძალიან მტკიცე, ძლიერი და მკაფიო [საქართველოსთან მიმართებაში]”,- ამბობს იუკნევიჩანე.
საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ არჩევნები ქვეყანაში თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა. ამის დასამტკიცებლად ისინი ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას იშველიებენ და ამბობენ, რომ ეს იყო საუკეთესო შეფასება ბოლო წლების განმავლობაში.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, მას გაყალბებულს უწოდებს და ამბობს, რომ სამომავლო გეგმისა და ბრძოლის სტრატეგიას საქართველოს მოსახლებას მომდევნო კვირაში წარუდგენს.