ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია საქართველოში, 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ბორელისა და ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირი მოუწოდებს ცესკოს და სხვა უწყებებს, სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიონ საარჩევნო დარღვევები.
"მოვუწოდებთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ, განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ეს დარღვევები უნდა დაზუსტდეს და აღმოიფხვრას. ეს აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ევროკავშირი, ასევე პოლიტიკურ პარტიებს "კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგისკენ" მოუწოდებს.
"ახლა უმთავრესია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკური სპექტრის ირგვლივ. ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს განახორციელოს, დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.
ამ კონტექსტში, ევროკავშირი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი, უნდა გაუქმდეს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
27 ოქტომბერს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა პრესკონფერენცია გამართეს. პასკალ ალიზარდი, ეუთოს სპეციალური კოორდინატორი და ეუთოს მოკლევადიან დამკვირვებელთა ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კარგად ადმინისტრირებული საარჩევნო დღის მიუხედავად, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა არაერთი ხარვეზი აღმოაჩინეს, როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ისე თავად არჩევნების დღეს.
მათ შორის ის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გამოყოფს:
- არჩევნების პერიოდში არსებული პოლარიზებული გარემო;
- ამომრჩევლებზე ზეწოლისა და დაშინების ფაქტები, რაც, მისი თქმით, განსაკუთრებით ფართოდ იყო გავრცელებული საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების მიმართ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში;
- დისბალანსი ფინანსური რესურსების კუთხით და ამ მხრივ მმართველი პარტიის უპირატესობა, რაც ქმნიდა არათანაბარ სამოქმედო სივრცეს;
- პოლარიზებული მედიაგარემო და კერძო მედიასაშუალებების ინსტრუმენტალიზება პოლიტიკური პროპაგანდისთვის, რაც ზეგავლენას ახდენდა პროცესის მიუკერძოებელ გაშუქებაზე და აბრკოლებდა ამომრჩევლების შესაძლებლობას, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი.
- ქალების ნაკლები წარმომადგენლობა პარტიულ სიებსა და კამპანიებში.
ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით. არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე საუბრობს. საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ქართველი ხალხი "რუსული სპეცოპერაციის მსხვერპლი" გახდა. 28 ოქტომბერს საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის 16:00 საათისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი დათვალა. ხმები ასე გადანაწილდა:
- "ქართული ოცნება" - 53,93%;
- "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,03%;
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,161%;
- "ძლიერი საქართველო" - 8,814%;
- "გახარია საქართველოსთვის" - 7,771%.
ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.