ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიკორსკი: ევროპა ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს


"ქართველ ხალხს ევროპული ოცნება აქვს. არავის აქვს უფლება მოიპაროს ეს ოცნება დაშინებითა და მანიპულაციებით. სრული სოლიდარობა საქართველოს ხალხს და პრეზიდენტ ზურაბისთვილს", - ეს განცხადება ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა "X"-ზე გამოაქვეყნა.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე საუბრობენ ბალტიისპირეთის სახელმწიფოების სხვა ლიდერები და დიპლომატებიც.

"ეუთოს ანგარიში საქართველოს არჩევნების თაობაზე ადასტურებს არაერთ დარღვევას და გადაცდომას. რა უღირსობაა. მივესალმები ხალხს, ვინც გამოვიდა, მასშტაბურად მისცა ხმა მიუხედავად დაშინებისა. მათ სურვილს ევროპული მომავლის თაობაზე საქართველოს ნებისმიერმა ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს", - ამბობს ბაიბა ბრაჟე, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

"არჩევნები უნდა ეფუძნებოდეს თავისუფლებასა და პატიოსნებას. ნებისმიერ არჩევნებში დარღვევების თაობაზე ბრალდებებს ძალიან სერიოზულად ვეკიდები და მივაქცევ ყურადღებას იმას, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია საქართველოში", - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გებრიელიუს ლანდსბერგისი.

ესტონეთის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ ამ არჩევნებმა გააღრმავა ის შეშფოთება, რაც დასავლეთში საქართველოს დემოკრატიული განვითარების თაობაზე არსებობდა:

"საქართველოს მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება არჩევნების შემდგომი პერიოდი, იქნება თუ არა შემდგომი ნაბიჯები გადადგმული ევროპული ღირებულებების და ნორმების პატივისცემით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო პერიოდი იყოს მშვიდობიანი, ძალადობის გარეშე, და აქ ხელისუფლებას განსაკუთებული პასუხისმგებლობა აკისრია. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენათა განვითარებას და განვაგრძობთ დემოკრატიისკენ საქართველოს გზის მხარდაჭერას", - ამბობს მარგუს ცაჰკნა "ამერიკის ხმისთვის" გაგზავნილ წერილში.

არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთიც:

"ბელარუსიფიკაცია" რეალური საფრთხეა. თუ ქართული კოშმარის ლიდერი შეასრულებს თავის განცხადებებს, არსებობს ოპოზიციის, დამოუკიდებელი მედიისა და კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების გასამართლების და აკრძალვის საფრთხე. ევროკავშირი ამას არ უნდა შეეგუოს", - ამბობს როთი.

არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა რადეკ სიკორსკიც, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

"საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ევროპა ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს", - ამბობს სიკორსკი.

XS
SM
MD
LG