ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის განცხადებით, საჭიროა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დარღვევების "გამჭვირვალედ" გამოძიება და ე.წ. აგენტების კანონის, ასევე ე.წ. "ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის" გაუქმება, რათა საქართველო კვლავ დაუახლოვდეს ევროკავშირს.
ამის შესახებ მან ევროკავშირის კომისრის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მათ გაფართოების ყოველწლიური ანგარიში წარადგინეს.
"საქართველში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გამორჩეოდა სერიოზული დარღვევებით, ამას სჭირდება დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება. მე ახლა ერთი მეორის მიყოლებით არ ვისაუბრებ ამ დარღვევებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად, არც ამის საწინააღმდეგო უთქვამთ. ასე რომ, ჩვენ ვართ იმ ზონაში, რომელიც მოითხოვს გამოძიებას, რათა გაირკვეს რა მოხდა და როგორ შეეძლო ამ ყველაფერს არჩევნების შედეგებზე ემოქმედა.
ბოლო თვეებია ვხედავთ რომ საქართველოს ხელისუფლებამ დააშორა ქვეყანა ევროკავშირს, დააშორა მის ღირებულებებსა და პრინციპებს.
ჩვენი ანგარიშით, საქართველოს ვთავაზობთ ევროკავშირთან ხელახლა დაახლოების მკაფიო გზას, თუკი იქნება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ნება. ეს არის "უცხოური გავლენის შესახებ კანონის" გაუქმება, რასაც აქვს შემზღუდავი ეფექტი სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებზე, ასევე ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმება. დისკრიმინაცია არ არის ღირებულება ჩვენს ევროპულ ოჯახში...
ძალიან მნიშვნელოვანია თვალყური ადევნოთ მომდევნო დღეებში განვითარებულ მოვლენებს იმ დარღვევების გამოძიებისა და გარკვევის შესახებ, რაც დაფიქსირდა საარჩევნო, სადამკვირვებლო ჯგუფების მიერ", - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა პრესკონფერენციაზე.