„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ყველა იმ საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდა - ეს მოთხოვნა 2263 საარჩევნო უბანს ეხება.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სულ 3111 საარჩევნო უბანი გახსნა.
საიამ საოლქო საარჩევნო კომისიებს უკვე წარუდგინა საჩივრები. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ საჩივრების დაკმაყოფილება ხელახალი არჩევნების ჩატარების საფუძველია, რადგან ტექნოლოგიური უბნების შედეგების გაბათილება არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე.
„საია დავობს, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას. მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისია ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას ნათლად მიუთითებდა ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველსაყოფად ყველა აუცილებელი ზომის მიღების საჭიროებაზე. მიუხედავად ამისა, ამ უფლების დაცვა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ვერ უზრუნველყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს", - ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციაში, და განმარტავენ იმ ფაქტებს, რაც მათი თქმით, მიუთითებს მასშტაბურ დარღვევებზე.
"კერძოდ, „ქართული ოცნების” მიერ საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი - ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს. ბიულეტენების ხარისხი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკანა მხარეს არ დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი. ამ ორი მოცემულობის თანხვედრა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მაღალ რისკებს ადასტურებს და არღვევს ხმის ფარულობასა და ნების თავისუფალ გამოვლენის პრინციპებს“, - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.
მისივე თქმით, ორგანიზაციამ 26 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს, რამდენიმე ასეული დარღვევა დააფიქსირა. საიას სადამკვირვებლო მისიას სულ წარდგენილი აქვს:
- 11 საჩივარი წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ დარღვევებზე;
- კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული აქვს 589 დარღვევა/ცუდი პრაქტიკა;
- გარდა ტექნოლოგიებით განსაზღვრული 2263 უბნის ბათილობისა, დამატებითი საფუძვლებით მოთხოვნილია 1 ტრადიციული უბნის შედეგების გაბათილება;
- 460 უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა და შედეგების ხელახალი გადათვლა;
- 349 უბნის შემთხვევაში შესაბამისი უბნის კომისიის წევრის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი. უწყების ცნობით, სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში 31 ოქტომბერსაა დანიშნული.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 53,931%-ით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ: "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%; "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%; "ძლიერი საქართველო" - 8,81%; "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. "ქართული ოცნება" ბრალდებებს უარყოფს, ხელისუფლება ამბობს, რომ არჩევნები დემოკრატიული ნორმების დაცვით წარიმართა.