ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესმენი უილსონი საქართველოს შესახებ განცხადების გამო ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებს


ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი პრეზიდენტის ადმინისტრაციას აკრიტიკებს. მისი აზრით, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, არ იყო საკმარისად მკაცრი.

კონგრესმენი უილსონი ინიციატორი და თანაავტორია ჯერ კიდევ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე შეერთებული შტატების კონგრესში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მიღებული "მეგობარი აქტის". რომელიც ე.წ. აგენტების კანონის გამო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სანქცირებასაც ითვალისწინებს.

„სამარცხვინოა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია აკანონებს „ქართული ოცნების" მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ხელისუფლების ავტორიტარულად ხელში ჩაგდებას” - დაწერა დღეს, 29 ოქტომბერს, უილსონმა სოციალურ პლატფორმა "X"-ზე.

სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონები, რომლებიც ძირითად თავისუფლებებს ხელყოფენ, აღმოფხვრან ხარვეზები საარჩევნო პროცესში და საქართველო წაიყვანონ ევროატლანტიკური მომავლისკენ.

"მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები შეთანხმდნენ, რომ არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ცნობებს დარღვევებისა და ერთეული ძალადობების შესახებ. საერთაშორისო დამკვირვებლებს [არჩევნების] შედეგები არ გამოუცხადებიათ თავისუფლად და სამართლიანად“, - ვკითხულობთ სახელმწიფო მდივნის განცხადებაში. აქვე ენტონი ბლინკენი დასძენს, რომ საქართველოს სიცოცხლით სავსე დემოკრატია 2004 წლიდან [ქვეყნის] სიძლიერის წყარო იყო და 26 ოქტომბრის აქტივობა ცხადყოფს ქართველი ხალხის დამოკიდებულობას დემოკრატიისადმი.

"თუმცა, 2024 წელს საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო გარემო გამოირჩეოდა მმართველი პარტიის მიერ საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩეველთა დაშინებით. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო არათანაბარი სათამაშო მოედნის შექმნას და შეარყია საზოგადოებისა და საერთაშორისო [საზოგადოების] ნდობა სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ", - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის 27 ოქტომბრის განცხადებაში.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე განცხადება აქამდეც გაავრცელა. გუშინ მან განაცხადა, რომ მხარს უჭერს ზურაბიშვილსა და ქართველებს მაშინ, როცა პრეზიდენტი ოპოზიციურ პარტიებთან ერთად უარყოფს გასულ უქმეებზე გამართული არჩევნების შედეგებს და მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდებს.

"მე ვდგავარ პრეზიდენტ ზურაბიშვილის და ქართველი ხალხის გვერდით ამ ბრძოლაში და ვაფრთხილებ "ქართული ოცნების" მთავრობას, რომ არ გამოიყენოს ძალადობა პროტესტის გასაჩუმებლად. მსოფლიო გიყურებთ", - წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე. კომისია ორპარტიულია, და ის სენატორებით და კონგრესმენებით, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩეველთა ხმების 53,93 % მიიღო. ოპოზიციური პარტიები არჩევნების ამ შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემენ. ხელისუფლება მოწინააღმდეგეებს არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობაში სდებს ბრალს.

XS
SM
MD
LG