საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ჩინეთი, უნგრეთი და თურქეთი აღიარებს და „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. არჩევნების შედეგებს საქართველოს პრეზიდენტი და ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელმაც პარლამენტში მანდატები მოიპოვა უნდობლობას უცხადებს.
ერთ-ერთი პირველი ვინც „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ვიქტორ ორბანი იყო. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოშიც ჩავიდა და ქართველ კოლეგას ირაკლი კობახიძეს გამარჯვება პირადად მიულოცა.
მაშინ, როდესაც ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანთან შეხვედრისთვის ემზადებოდა, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. პეკინმა საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
„ჩინეთი აღნიშნავს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეუფერხებლად ჩატარდა. ჩინეთი ქართველი ხალხის არჩევანს ყოველთვის სცემს პატივს და გულწრფელად იმედოვნებს საქართველოს სტაბილურობასა და კეთილდღეობას. ჩვენ მზად ვართ საქართველოსთან ერთად ვიმუშაოთ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებით“, - ამბობს ლინ ჯაიანი.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მიულოცა სომხეთის პრემიერ-მინისტრმაც. ნიკოლ ფაშინიანმა განცხადება სოციალურ ქსელ „ექსში“ ქართულ ენაზე გაავრცელა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა და იმედი გამოთქვა, რომ „არჩევნების შედეგები წარმატების მომტანი იქნება ქართველი ხალხისთვის“.
„გულწრფელად გილოცავთ 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში თქვენი ლიდერობით პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებასა და პირველი ადგილის მოპოვებას. ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შედეგები წარმატების მომტანი იქნება საქართველოს ხალხისა და ჩვენი რეგიონისთვისაც. სასიხარულოა, რომ არჩევნებმა, რომელმაც ქართველი ხალხის ნება გამოკვეთა, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა“,- ამბობს თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ მოგვიანებით გაავრცელა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის წერილიც. სადაც აზერბაიჯანის ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„ამ გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მეგობარი ქართველი ხალხის მიერ ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მიერ განხორციელებული პოლიტიკური კურსის მხარდაჭერა. "გულითადად გილოცავთ თქვენს ქვეყანაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას“,- წერს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი წერილში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
Facebook Forum