ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მილერი: ამერიკის მორიგი ნაბიჯები მთლიანად საქართველოს ქმედებაზე იქნება დამოკიდებული


„ქართველები შაბათს მივიდნენ საარჩევნო უბნებზე, სადაც საარჩევნო გარემო განპირობებული იყო მმართველი პარტიის პოლიტიკით, მათ შორის, საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვით და ამომრჩეველთა დაშინებით. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო არათანაბარი სათამაშო მოედნის შექმნას და შეარყია საზოგადოებისა და საერთაშორისო [საზოგადოების] ნდობა სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ”, - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს, ამ განცხადებით გამოეხმაურა. დღევანდელი პრესკონფერენცია, მეთიუ მილერმა, სწორედ საქართველოზე საუბრით დაიწყო.

მან გაიმეორა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკების მოწოდება, საარჩევნო დარღვევების გამოძიების აუცილებლობასთან დაკავშირებით.

“ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, საარჩევნო დარღვევების სრული გამოძიების მოთხოვნაში. ასევე მოვუწოდებთ, პატივი სცენ გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტურ უფლებას”, - უთხრა ჟურნალისტებს მილერმა.

მილერმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, კარგად გაიაზრონ რა ტიპის პოლიტიკის წარმოება სურთ და ამ გადაწყვეტილებისას, საქართველოს მოსახლეობის ნებაც გაითვალისწინონ: “ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ ოფიციალურ პირებს, ისეთი პოლიტიკის გაძლიერების ნაცვლად, რომელსაც ავტორიტარები აქებენ, განიხილონ ურთიერთობა, რომელის ქონაც ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან სურთ. საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს სურს, რომ ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირში იხილოს. საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც მოქმედი მათვრობის მიერაა წარმოდგენილი და მიღებული, ხაზს უსვამს ამ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანებას. ყველა მხარე ემხრობოდა ამ მიზანს, მაგრამ მმართველმა პარტიამ გადადგა ნაბიჯები, რომლებიც შეუთავსებელია ამ კურსთან”.

მილერის თქმით, საქართველოს ჯერ არ დაუკარგავს დემოკრატიულ გზაზე დაბრუნების შანსი და ამისთვის რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.

“საქართველოს მთავრობას შეუძლია თავიდან დაბრუნდეს ევროატლანტიკურ, დემოკრატიულ გზას - კანონის უზენაესობის პატივისცემით, საარჩევნო პროცესში დაფიქსირებული პრობლემების გადაჭრით, არადემოკრატიული კანონმდებლობის უკან გაწვევით და ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო რეკომენდაციების ზედმიწევნით კარგად შესრულებით. ამ წლის განმავლობაში, ჩვენ მუდმივად მოვუწოდებდით საქართველოს მთავრობას, შეეწყვიტა ანტიდემოკრატიული ქმედებები და დაბრუნდებოდა თავის ევრო-ატლანტიკურ გზას”, - განმარტავს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი.

შეკითხვაზე პასუხად, აღიარებს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, მილერმა თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს სურს საარჩევნო დარღვევების გამოძიება მოხდეს.

საარჩევნო დარღვევების გამოძიებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე მილერმა დააკონკრეტა: "მე არ მითქვამს, რომ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა ჩაატარონ ეს გამოძიება. ჩვენ გვაქვს კონსულტაციები ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან და განვიხილავთ რომელმა უწყებამ შესაძლოა რომ ეს გამოძიება ჩაატაროს".

პრესკონფერენციაზე საუბრის დროს, მილერმა ასევე დაამატა, რომ ამერიკის სამომავლო ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებით, მთლიანად იქნება დამოკიდებული საქართველოს ქმედებებზე.

შეკითხვაზე პასუხად, ხედავს თუ არა რუსეთის ჩართულობას საქართველოს არჩევნებში, მილერმა თქვა, რომ ამაზე პასუხი, ამ ეტაპზე, არ აქვს და გამოძიებას დაელოდება. თუმცა, მან ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის ქმედებებს.

„ჩვენ ვნახეთ, რომ მმართველმა პარტიამ გადადგა ნაბიჯები, რომელსაც შეეძლო შეეზღუდა ქართველებისთვის სრულად თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა. ჩვენ ვნახეთ ხმების მოსყიდვა, დარბევები…”, - თქვა მილერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგამდე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებები გააკეთეს ამერიკის ჰელსინკის კომისიასა და სახელმწიფო დეპარტამენტში. ორივე უწყებაში, საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს არსებულ სავარაუდო დარღვევებზეა საუბარი და ისმის მოწოდებები საქართველოს მთავრობისადმი, რომ გამოიძიონ არსებული საქმეები.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განცხადებაში ისიც თქვა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს არჩევნების შედეგები არ გამოუცხადებიათ სამართლიანად და თავისუფლად.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედგეებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

  • „ქართული ოცნება“ - 53,931%;
  • "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
  • "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
  • "ძლიერი საქართველო" - 8,81%;
  • "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების შედეგი არ აღიარეს. შედეგების არ აღიარებაში ოპოზიციას უერთდება ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG