ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ჩავიდა


უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოშია. ორბანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს სამთავრობო დელეგაცია დახვდა და ახლა ის თბილისში, სასტუმრო "თბილისი მერიოტში" იმყოფება.

თბილისში ჩასვლამდე, ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გამარჯვება მიულოცა საპარლამენტო არჩევნებში, რომლის შედეგსაც საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები უნდობლობას უცხადებენ.

რუსეთაველის გამზირზე, სასტუმროდან რამდენიმე მეტრში, სადაც ვიქტორ ორბანი დაბინავდა, ამ წუთებში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც სიტყვით უკვე გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი.

ვიქტორ ორბანი, 29 ოქტომბერს შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის, ის შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.

საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც ვიქტორ ორბანს აეროპორტში დახვდა, ხაზგასმით ამბობს, რომ "უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ევროპასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას".

„ეს არის ძალიან მკაფიო მხარდაჭერა - უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ბატონ ვიქტორ ორბანის ვიზიტი საქართველოში. ეს არის აღიარება იმ მნიშვნელოვანი გამარჯვების, რომელიც არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ „ქართულმა ოცნებამ" მიიღო საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სრული მხარდაჭერა. ეს არის, მათ შორის, პატივისცემა მოსახლეობის სწორი არჩევანის და ვფიქრობ, რომ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც გვქონდა", - ამბობს ლევან დავითაშვილი.

ორბანის საქართველოში ვიზიტამდე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტი და მისი განცხადებები "არ წარმოაჩენს ევროკავშირს". უნგრეთი, როტაციის პრინციპით, ახლა ევროკავშირის თავმჯდომარე სახელმწიფოა.

"ორბანი დღეს მიემგზავრება საქართველოში... სავარაუდოდ იმისთვის, რომ გამოხატოს თავისი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ... ორბანმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში რაც არ უნდა თქვას, ის ევროკავშირს არ წარმოადგენს", - ამბობს ბორელი.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG