შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ბლინკენი ამბობს, რომ ამ არჩევნების სანდოობისადმი გარკვეული კითხვები არსებობს და ამის მიზეზი, როგორც არჩევნების დღეს მომხდარი დარღვევები, ისე წინასაარჩევნო პერიოდში არსებული გამოწვევებია.
“საქართველოს სიცოცხლით სავსე დემოკრატია 2004 წლიდან [ქვეყნის] სიძლიერის წყარო იყო და გუშინდელი აქტივობა ცხადყოფს ქართველი ხალხის დამოკიდებულობას დემოკრატიისადმი. თუმცა, 2024 წელს საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო გარემო გამოირჩეოდა მმართველი პარტიის მიერ საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩეველთა დაშინებით. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო არათანაბარი სათამაშო მოედნის შექმნას და შეარყია საზოგადოებისა და საერთაშორისო [საზოგადოების] ნდობა სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები შეთანხმდნენ, რომ არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ცნობებს დარღვევებისა და ერთეული ძალადობების შესახებ.
საერთაშორისო დამკვირვებლებს [არჩევნების] შედეგები არ გამოუცხადებიათ თავისუფლად და სამართლიანად“,- ვკითხულობთ სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.
ბლინკენი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და შესაბამის უწყებებს, რომ დროულად გამოიძიონ შესაძლო დარღვევები.
„ჩვენ ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრული გამოძიების თაობაზე.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, პატივი სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ერთად აღმოფხვრან საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზები”,- ამბობს ბლინკენი რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ განცხადებაში.
ამერიკის პირველი დიპლომატი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის დასავლური მიზნების მისაღწევად საჭირო პირობებს: “საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნები, რომლებიც გათვალისწინებულია ქვეყნის კონსტიტუციით, მოითხოვს, რომ მთავრობამ პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოების წევრების უფლებებს და საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტურ თავისუფლებებს”.
საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ, “ქათულმა ოცნებამ”. თუმცა, არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ არც მსხვილი ოპოზიციური პარტიები და არც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც 27 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ არჩევნებს ლეგიტიმურად არ ცნობს. ამავდროულად, “ქართული ოცნება” გამარჯვებას ზეიმობს და ამბობს, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არჩევნები დარღვევების გარეშე ჩატარდა.