ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოში მიმდიანრე პროცესებს ყურადღებით ადევნებს თვალს. განცხადებას ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ბენ კარდინი ავრცელებს.
სოციალურ ქსელ „ექსში“ კარდინი წერს, რომ აქტიურ კომუნიკაციაშია ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციასთან, რათა განისაზღვროს შესაბამისი რეაგირება.
„მე გავაგრძელებ არჩევნების შემდგომ გარემოს მჭიდრო მონიტორინგს და ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციასთან მუშაობას, რათა განვსაზღვრო შესაბამისი რეაგირება აშშ-საქართველოს ურთიერთობაში“, - წერს მერილენდის შტატის სენატორი კარდინი.
მანამდე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ სენატორი კარდინი აქტიურ კომუნიკაციაში იყო ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, რათა სათანადო რეაგირება მოჰყვეს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში „უხეში გადაცდომების შესახებ შემაშფოთებელ ცნობებს“.
ცოტა ხნის წინ საქართველოში მიმდინარე პროცესებს ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი.
"მიუხედავად ჩვენი ბოლოდროინდელი შეშფოთებისა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ, ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ დავინახავდით საქართველოს მთავრობის ნებას, ჩაეტარებინა თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, რომელიც ასახავდა ქართველი ხალხის სურვილებს. რეალურად, ამ შაბათ-კვირის საპარლამენტო არჩევნებში სხვა რამის მომსწრე გავხდით,”- წერია განცხადებაში.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც ცესკოს მონაცემებით ხმების 54% ქართულმა ოცნებამ მიიღო, საქართველოს პრეზიდენტისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხრიდან არ არის აღიარებული. სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ქართულ არჩევნებში რუსეთი ჩაერია. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს.