საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს.
ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან ელიან არჩევნების წინა პერიოდში და კენჭისყრის დღეს გამოვლენილი დარღვევების დროულ გამოძიებას.
"გამოვთქვამთ შეშფოთებას ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების შესახებ ახლახან გამოქვეყნებული პირველი დასკვნების შემდეგ, რომელიც მიუთითებს ამომრჩევლების მიმართ „ზეწოლაზე, დაშინებასა და მუქარაზე“ და „დემოკრატიულ უკუსვლაზე“.
ველით საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ გამოიძიებს კენჭისყრამდე და კენჭისყრის დროს გამოვლენილ დარღვევებს და განახორციელებს ეუთოსა და ევროპის საბჭოს კომისიის სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად, ცნობილი როგორც ვენეციის კომისია, რეკომენდაციებს.
ფუნდამენტური თავისუფლებების, პოლიტიკური პლურალიზმისა და სამოქალაქო საზოგადოების პატივისცემა და დაცვა საჭიროა, რათა საქართველომ დაადასტუროს თავისი ევროპული საფუძველი", - წერია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა 27 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ კარგად ადმინისტრირებული საარჩევნო დღის მიუხედავად, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა არაერთი ხარვეზი აღმოაჩინეს როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ისე თავად არჩევნების დღეს.
მათ შორის:
- არჩევნების პერიოდში არსებული პოლარიზებული გარემო;
- ამომრჩევლებზე ზეწოლისა და დაშინების ფაქტები, რაც ფართოდ იყო გავრცელებული საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების მიმართ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში;
- დისბალანსი ფინანსური რესურსების კუთხით და ამ მხრივ მმართველი პარტიის უპირატესობა, რაც ქმნიდა არათანაბარ სამოქმედო სივრცეს;
- პოლარიზებული მედიაგარემო და კერძო მედიასაშუალებების ინსტრუმენტალიზება პოლიტიკური პროპაგანდისთვის, რაც ზეგავლენას ახდენდა პროცესის მიუკერძოებელ გაშუქებაზე და აბრკოლებდა ამომრჩევლების შესაძლებლობას, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით. არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე საუბრობს.
არჩევნების შედეგებს არ აღიარებს არც საქართველოს პრეზიდენტი და საზოგადოებას მოუწოდებს, 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეკრებით დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებაზე ოპოზიციის ლიდერებთან ერთად მივა.
Facebook Forum