საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ცოტა ხნის წინ, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევები სწრაფად იქნეს გამოძიებული.
"უკვე ბევრი წელია, ქართველი ხალხი იღწვის და იბრძვის დემოკრატიისთვის. მათ აქვთ უფლება იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას და აქვთ უფლება ნახონ, რომ საარჩევნო დარღვევები იქნება გამოძიებული სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. ქართველები, როგორც ყველა ევროპელი, საკუთარი ბედის პატრონები უნდა იყვნენ”, - ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნდობლობა გამოუცხადა. მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთის ჩარევის შედეგად, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს.
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს ევროპელ ლიდერებს მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის პროტესტს.
ამ წუთებში, თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეებს უკვე მიმართა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, ახლა კი სცენაზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გამოდიან.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო სიას აუქმებს და არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.
ცესკოს მონაცემებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, პარტია "ქართულმა ოცნებამ" 54% აიღო, რასაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, დამაჯერებელ გამარჯვებას უწოდებს.
Facebook Forum