ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორბანი, საქართველოს ხელისუფლებას გამარჯვებას ულოცავს


უნგრეთის პრეზიდენტის ვიზიტი თბილისში.
უნგრეთის პრეზიდენტის ვიზიტი თბილისში.

საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს, იმ დროს, როდესაც საერთაშორისო პარტნიორების მიერ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის თაობაზე გზავნილები ჯერ კიდევ არ ჩანს, საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდა.

უნგრეთის პრემიერი, თბილისში ჩამოფრენისთანავე სასტუმრო "მერიოტში" დაბინავდა, სადაც იმ დროს საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან პოლიტიკური ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობდა; სასტუმროს გარეთ კი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია იმართებოდა.

სტუმარმა სასტუმროს შენობა მალევე დატოვა, პროტესტის მონაწილეებისგან შეძახილებისა და სტვენის ფონზე. დღეს, 29 ოქტომბერს უნგრეთის პრემიერმა საქართველოს პრემიერთან ერთად ბრიფინგი გამართა. ირაკლი კობახიძემ, პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტორს, რომ ამ ეტაპზე, უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. ორბანის ვიზიტი “განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია.”

თბილისი, 28 ოქტომბერი, 2024
თბილისი, 28 ოქტომბერი, 2024

სწორედ იმ დროს, როდესაც უნგრეთის პრემიერ მინისტრი საქართველოში უნდა ჩამოსულიყო, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ “ორბანი ევროკავშირის სახელით ვერ ისაუბრებს”. “რაც არ უნდა განაცხადოს ბატონმა ორბანმა იმ დროს, როდესაც იქნება საქართველოში, ის არ წარმოადგენს ევროკავშირს. ევროკავშირის როტაციის წესით არჩეულ პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკის წარმოების უფლებამოსილება არ გააჩნია”,- განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

პრემიერმა კობახიძემ თქვა, რომ მისი მთავრობის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია და რომ ამ თვალსაზრისით, უნგრეთს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. “მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უნგრეთი იყო საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე და ძალიან დიდი, განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებისას. ამისთვის მე, პირადად, ვიქტორ ორბანს, ისევე როგორც მთლიანად ჩვენს უნგრელ მეგობრებს, უნგრეთის ხელისუფლებას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. რა თქმა უნდა, მომავალშიც გაქვს მხარდაჭერის დიდი იმედი. ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს საერთო ფასეულობები. განსაკუთრებულად მივესალმებით უნგრეთის ხელისუფლების ძალისხმევას, აქტიურად დაიცვას საკუთარი ეროვნული იდენტობა, ფასეულობები, მათ შორის ქრისტიანული ფასეულობები და გაუფრთხილდეს ადამიანების პიროვნულ იდენტობას, რისთვისაც კონკრეტული ნაბიჯები იდგმება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ზუსტად იგივე ფასეულობები და ვიბრძვით იგივე ფასეულობებისთვის“,- განაცხადა პრემიერმა კობახიძემ.

თბილისი, 28 ოქტომბერი, 2024
თბილისი, 28 ოქტომბერი, 2024

თავის მხრივ, უნგრეთის პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ კონსერვატიული ძალების გამარჯვებით არჩევნებში, ევროპა, როგორც წესი, შფოთავს. “ლიბერალებს რომ გაემარჯვათ არჩევნებში, ეს საუკეთესო ფორმაში მყოფი დემოკრატია იქნებოდა ევროპელებისთვის, მაგრამ რაკი კონსერვატიულმა სულისკვეთებამ გაიმარჯვა, დასავლეში ეს საკამათოა. ასე იყო უნგრეთის შემთხვევაშიც. თქვენ ამას სერიოზულად არ შეხედოთ”,- მიმართა ორბანმა კობახიძეს.

უნგრეთის პრემიერის შეფასებით, “ევროპული პოლიტიკა სახელმძღვანელოზეა დაფუძნებული”, რაც არის იმის საფუძველი, რომ “თუ ლიბერალები იმარჯვებენ, მაშინ დემოკრატიაა, თუ კონსერვატორები იმარჯვებენ, მაშინ არაა დემოკრატია”. “უნგრეთის პრემიერ-მინისტრის რანგში, ბევრი დავა მომიგია. გეტყვით, რომ მომავალშიც იქნება კამათი, მაგრამ ეს ისე უნდა მიიღოთ, როგორც აქამდე ხდება. არჩევნების შედეგები უდავოა! თქვენთან თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, მაგრამ ევროპაში კამათი მაინც იქნება,”- განაცხადა ვიქტორ ორბანმა. საქართველოში ჯერ კიდევ ელიან არჩევნების შედეგების საერთაშორისო ლეგიტიმაციის თაობაზე განცხადებებს.

28 ოქტომბერს, მასობრივ საპროტესტო აქციაზე თბილისში, სადაც არჩევნების მოპარვის გამო გამოსვლისკენ მოუწოდა ხალხს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: “არავინ, გარდა ერთი ადამიანისა, რომელმაც აქ ჩაიარა, არ აღიარებს ამ არჩევნებს.” ზურაბიშვილმა სიტყვებში “ერთი ადამიანი” იგულისხმა ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერი, რომელმაც სწორედ იმ დროს გაიარა რუსთაველზე.

“ამერიკის ხმასთან” საუბრისას ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი, გიგა ჯოხაძე აცხადებს, რომ არჩევნებიდან მეორე დღეს ორბანის ვიზიტი სულაც არაა გასაკვირი. “მისი ჩამოსვლა ამ რთულ პერიოდში ერთ მთავარ და ძირითად მიზანს ისახავდა: არჩევნების ლეგიტიმაციას "ქართული ოცნებისთვის", რასაც საერთაშორისო საზოგადოების თვალში არჩევნების სამართლიანად ჩატარების იმიჯი უნდა შეექმნა. ქართული ოცნება ცდილობდა ორბანის ვიზიტი გაეყიდა, როგორც ევროპის კავშირის მიერ არჩევნების ლეგიტიმაცია და ხშირად აღნიშნავდა იმას, რომ უნგრეთი ევროპის კავშირის საბჭოს მოქმედი პრეზიდენტია 6 თვის ვადით და ამით ის თითქოს აჩვენებდა პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებს, რომ ორბანი საუბრობდა ევროპის კავშირის სახელით. თუმცა, ორბანს ეს მცდელობა ჩაეშალა პირველ რიგში იმის გამო, რომ ბორელმა და ბრიუსელში სხვა მთავარმა გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა აღნიშნეს, რომ ორბანის პოზიცია გამოხატავს მხოლოდ მის პირად პოზიციას, რაც არაა თანხვედრაში ევროპის კავშირის პოზიციასთან”,- გვეუბნება გიგა ჯოხაძე.

მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი უნგრელი კოლეგის მცდელობა ნამდვილად ჩავარდა. ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი მიიჩნევს, რომ ორბანი მხოლოდ საკუთარ ბანაკს ამაგრებს და მისთვის მთავარია ხელისუფლების რაც შეიძლება დიდი ხნით შენარჩუნება და რომ ამით ის ივანიშვილის ერთგვარი ანალოგია.

“ორბანი, ერთი პერიოდი, ცდილობდა დასავლურ/რუსული გავლენების დაბალანსებას. ბალანსი მოირღვა რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი ინტერვენციის შემდეგ, როდესაც ორბანმა ღიად პრორუსული კურსი აიღო. მე ვფიქრობ, რომ ორბანმა, ისევე როგორც ივანიშვილმა ომში რუსეთის გამარჯვებაზე დადო ფსონი, სწორედ აქედან გამომდიონარეობს მისი პრორუსული და მკვეთრი ანტიდასავლური რიტორიკა ბოლო პერიოდში”, - გვეუბნება გიგა ჯოხაძე.

თბილისი, 28 ოქტომბერი, 2024
თბილისი, 28 ოქტომბერი, 2024

ორბანსა და საქართველოს ხელისუფლებას ერთი საერთო საქმე აკავშირებთ. ესაა ეგრეთ წოდებული “აგენტების შესახებ” კანონი. მისი მიღების მცდელობა უნგრეთში წარუმატებლად დასრულდა. გიგა ჯოხაძე ამბობს, რომ ევროპის კავშირის არცერთ სახელმწიფოში არ არსებობს და ვერ იარსებებს რუსული კანონის მსგავსი ანალოგი, რომლის მიზანიც არის ყველა კრიტიკული ხმის ჩახშობა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების გაჩუმება.

“ეს კანონი წინააღმდეგობაში მოდის ევროპის კავშირის იდეასთან და ზოგადად დემოკრატიასთან. ამის გამო ორბანმა ვერ მოახერხა და ვერც ვერასდროს მოახერხებს ამ ან მსგავსი კანონის მიღებას, სანამ ევროპის კავშირის წევრია. რაც შეეხება საქართველოს, აქ ბევრად რთულადაა საქმე, საქართველო არც ევროპის კავშირის წევრია და კანდიდატის სტატუსიც მხოლოდ გეოპოლიტიკური გადაწყვეტილების გამო მიანიჭა ბრიუსელმა ქართველ ხალხს. საქართველო ჯერ ახლოსაც არაა წევრობასთან და იღებს პუტინის რუსეთში არსებულ იდენტურ კანონს. ცხადია, ამით ჩვენ ვერ დავუახლოვდებით ევროკავშირს და განსაკუთრებით ორბანი - საერთოდ ვერ იქნება ის პერსონა, ვისაც ამ საკითხში დახმარება შეუძლია,”- ამბობს გიგა ჯოხაძე.

თბილისი, 28 ოქტომბერი, 2024
თბილისი, 28 ოქტომბერი, 2024

არჩევნების შედეგების თაობაზე მილოცვები საქართველომ უნგრეთის გარდა, რუსეთისგანაც მიიღო, თუმცა დასავლელი პარტნიორებისგან საერთაშორისო აღიარება ჯერ არ ჩანს.

XS
SM
MD
LG