აშშ-ის ბირთვული პოლიტიკა - რა შემთხვევაში გამოიყენებს ამერიკა ბირთვულ იარაღს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი არლინგტონში, ვირჯინიის შტატი

„ვიდრე ბირთვული იარაღი არსებობს, აშშ-ის ბირთვული იარაღის ფუნდამენტური როლი, შეერთებულ შტატებზე, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებზე, ბირთვული თავდასხმის შეკავებაა“ - ეს არის ჩანაწერი შეერთებული შტატების ბირთვული პოლიტიკის მიმოხილვიდან, რომელიც ამერიკის თავდაცვის უწყებამ გამოაქვეყნა.

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა, სამი სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო ვერსია, ოქტომბრის მიწურულს გამოაქვეყნა, - თავდაცვის ეროვნული სტრატეგია, ასევე ბირთვული პოლიტიკისა და სარაკეტო თავდაცვის მიმოხილვა.

იმ ფონზე, როცა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის პარალელურად, ბირთვულ რიტორიკას განაგრძობს, ვაშინგტონი კი მოსკოვს განმეორებით აფრთხილებს იმ კატასტროფული შედეგების შესახებ, რაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას მოჰყვება, ამერიკის ბირთვული პოლიტიკის სტრატეგია განსაკუთრებული ინტერესის საგანია.

ბირთვული პოლიტიკის სტრატეგია, როგორც წესი, გასაიდუმლოებული დოკუმენტია. თუმცა, საზოგადოებას საშუალება აქვს, მის არასაიდუმლო ნაწილს - მიმოხილვას - გაეცნოს, რაც ძირითად მიმართულებებს, საფრთხეებსა და მიმდინარე განვითარებების შეფასებას მოიცავს.

მიმოხილვა მოიცავს ყველა სფეროს, რომლის შესახებაც ამ ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ლიდერობის დაბრუნება სურს.
რიჩარდ ჯონსონი

ბირთვული და მასობრივი განადგურების იარაღის პოლიტიკის საკითხებში, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ამბობს, რომ დოკუმენტი „დაბალანსებული და ყოვლისმომცველია.“

„2022 წლის ბირთვული პოლიტიკის მიმოხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ისაა, რომ ჩვენ მას განვიხილავთ, როგორც ყოვლისმომცველ და დაბალანსებულ დოკუმენტს. დოკუმენტი მოიცავს მსჯელობას, როგორც ბირთვული შეკავების მნიშვნელობაზე, ჩვენი ბირთვული ძალების მოდერნიზაციაზე, ასევე ისეთ საკითხებზე, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი, რისკის შემცირება, სტრატეგიული სტაბილურობა - ყველა სფეროს, რომლის შესახებაც ამ ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ლიდერობის დაბრუნება სურს“ - განაცხადა რიჩარდ ჯონსონმა, ატლანტიკურ საბჭოში გამართულ დისკუსიაზე.

2022 წლის ბირთვული პოლიტიკის მიმოხილვაში, გაცხადებულია შეერთებული შტატების დეკლარირებული პოლიტიკა ბირთვული იარაღის როლის შესახებ.

„ვიდრე ბირთვული იარაღი არსებობს, აშშ-ის ბირთვული იარაღის ფუნდამენტური როლი, შეერთებულ შტატებზე, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებზე, ბირთვული თავდასხმის შეკავებაა. აშშ ბირთვილი იარაღის გამოყენებას მხოლოდ ექსტრემალურ გარემოებებში განიხილავს - შეერთებული შტატების, ან მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად“ - ნათქვამია მიმოხილვაში.

რუსეთი და ჩინეთი ბირთვული პოლიტიკის მიმოხილვაში

თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ დოკუმენტი აჩვენებს ყოვლისმომცველ და დაბალანსებულ მიდგომას. წარმოაჩენს შემდგომ ნაბიჯებს უსაფრთხო, დაცული, ეფექტური ბირთვული შეკავებისა და გლობალურად, ბირთვული ომის რისკის შესამცირებლად.

დოკუმენტში, ბირთვულ საკითხებში კონკურენტად კვლავ რჩება რუსეთი. რიჩარდ ჯონსონი აცხადებს, რომ არსებობს შეშფოთება, არა მხოლოდ უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრის გამო, არამედ ასევე, მოსკოვის „უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკის“ გამო. მისი თქმით, „ატომური იარაღის ნებისმიერ გამოყენებას სტრატეგიული ეფექტი ექნება და კონფლიქტის ხასიათს ძირეულად შეცვლის".

ასევე ნახეთ: “წითელი ტელეფონი“ ისევ რეკავს - რუსეთის ბირთვული რიტორიკა და ამერიკის პასუხი 

თუმცა, ახალი და მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლის გათვალისწინებაც ახლა შეერთებულ შტატებს უწევს, ჩინეთის ბირთვული ძალებია. ამ კუთხით, ჩინეთის ფაქტორი არ იყო გამოკვეთილი წინა ადმინისტრაციის ბირთვული პოლიტიკის მიმოხილვაში. ამრიგად, ჩინეთი და რუსეთი, დოკუმენტში განხილულია ბირთვული შეიარაღების მქონე კონკრენტებად, რომლებიც შერთებულმა შტატებმა უნდა გაითვალისწინოს როგორც შეკავების, ასევე შეიარაღების კონტროლის პერსპექტივიდან.

თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ამბობს, რომ ჩინეთს მეტი გამჭვირვალობა მართებს, თუმცა შეერთებული შტატები, საერთაშორისო საზოგადოება, პეკინისგან ამას ვერ ხედავს.

„ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ, მაგალითად, ჩინეთში ორი სწრაფი ნეიტრონული რეაქტორის მშენებლობის გამო, რომელთაც ბირთვულ იარაღში გამოსაყენებლად, საკმაოდ ბევრი პლუტონიუმის წარმოება შეუძლია. თუ ისინი აპირებენ ამდენი მასალის წარმოებას, კარგი იქნება მათი მხრიდან იმის დემონსტრირება, რომ მის გამოყენებას სამხედრო მიზნებით არ აპირებენ. მაგრამ, პეკინისგან ეს არ გვინახავს“ - აცხადებს ჯონსონი.

დოკუმენტი უფრო მეტად პოლიტიკის უწყვეტობის ჩვენებაა, ვიდრე ცვლილების
მეთიუ კროენგი

ექსპერტები ამბობენ, რომ დოკუმენტი უწყვეტად განაგრძობს შეერთებული შტატების სულისკვეთებას, მის სტრატეგიაში ბირთვული იარაღის როლის შესახებ.

„ვფიქრობ, რესპუბლიკური ადმინისტრაციები, უფრო მეტად შეკავების, დემოკრატიული ადმინისტრაციები კი შეიარაღების კონტროლის მხარეს ეყრდნობიან. და ვფიქრობ, ამ ტენდენციას ამ მიმოხილვაშიც ვხედავთ. თუმცა, არის განგრძობითი, უწყვეტი დებულებები. მაგალითად, როგორიცაა - ბირთვული იარაღის როლი და მისი გამოყენებისთვის საჭირო გარემოებები. ამერიკა არასდროს განიხილავს ბირთვული იარაღის პირველ რიგში გამოყენებას. და ეს კარგად ჩანს 2022 წლის ბირთვული პოლიტიკის სტრატეგიაშიც. ასე რომ, ეს დოკუმენტი უფრო მეტად პოლიტიკის უწყვეტობის ჩვენებაა, ვიდრე ცვლილების“ - აცხადებს ატლანტიკური საბჭოს სკროუკროფტის სტრატეგიისა და უსაფრთხოების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მეთიუ კროენგი.

რუსეთის ბირთვული რიტორიკა

21 სექტემბერს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. ამავე განცხადებაში, პუტინმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ ფანდი არ იყო, როცა თქვა, რომ რუსეთის დასაცავად, მზად იყო ბირთვული იარაღი გამოეყენებინა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, დასავლელი ლიდერების მკაცრი გამოხმაურება და შეფასებები მოჰყვა.

მაშინ, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს მრჩეველმა, CBS NEWS-თან საუბრისას განაცხადა, რომ კრემლის უმაღლეს წარმომადგენლობასთან, ბირთვული იარაღის ნებისმიერი სახით გამოყენების თაობაზე, პირდაპირი კონტაქტი შედგა. ეს მაშინ, როცა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის, პირდაპირი კომუნიკაცია თითქმის სრულ მინიმუმამდეა დასული.

ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას, რუსეთისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვება
ჯეიკ სალივანი

„ეს არის საკითხი, რომელსაც სერიოზულად უნდა მივუდგეთ, რადგან ეს არის უპირველესი სერიოზულობის საკითხი - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენება. ჩვენ გვქონდა კრემლთან ძალიან მაღალ დონეზე, პირდაპირი კომუნიკაცია და ვუთხარით, რომ ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას, რუსეთისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვება, რომ შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები ამას გადამწყვეტად უპასუხებენ. ჩვენ ვიყავით ძალიან მკაფიო და კონკრეტული, იმასთან დაკავშირებით, თუ რა შედეგები მოჰყვება ამას. ჩვენ ასევე თანაბრად მკაფიოდ ვისაუბრეთ საჯაროდ, რომ შერთებული შტატები გადამწყვეტად უპასუხებს, თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მის ძალისხმევაში, დაიცვას ქვეყანა და დემოკრატია“.

თუმცა, კრემლი ბირთვულ რიტორიკას კვლავ აგრძელებს და ამასთან ერთად, უკრაინის მიმართ გამოთქვა ბრალდება, თითქოს კიევი, საკუთარ ტერიტორიაზე, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, "ბინძური ბომბის" გამოყენებას გეგმავს.

Your browser doesn’t support HTML5

"რუსეთისთვის ბირთვულ იარაღს ერთადერთი სარგებელი მხოლოდ იქამდე მოაქვს, ვიდრე მას გამოიყენებს" - ჰოჯესი

დასავლელმა ლიდერებმა კრემლის ბრალდება უარყვეს და განაცხადეს, რომ შესაძლოა, რუსეთი შემდეგომი ესკალაციისთვის საბაბის შექმნას ცდილობდეს. ვაშონგტონს კი მოუწია რამდენჯერმე შეეხსენებინა მოსკოვისთვის, რომ "ბინძური, თუ ბირთვული ბომბის გამყენებას" მოსკოვისთვის "კატასტროფული შედეგები" მოჰყვება.