ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ავიაციაში პილოტების დანაკარგი ამყარებს რუსეთის „საჰაერო უპირატესობის ნაკლებობას, რასაც ემატება ცუდი წვრთნის პრობლემა" ავიაციაში. ლონდონი თვლის, რომ ეს ყოველივე იდევ უფრო წარმოაჩენს რუსეთის ავიაციის სისუსტეებს, რომელთა შორის სახელდება "ახლო საჰაერო მხარდაჭერის რისკები მჭიდრო საჰაერო თავდაცვის ზონებში".
ბრიტანული თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ რუსეთის საჰაერო შესაძლებლობები, „მომდევნო რამდენიმე თვეში, სავარაუდოდ, არ შეიცვლება.“
„რუსეთის მიერ განცდილი თვითმფრინავების დანაკარგი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნასდ აღემატება მათ შესაძლებლობებს, ახალი თვითმფრინავების წარმოებისთვის. კომპეტენტური მფრინავების მომზადებისთვის საჭირო დრო, კიდევ უფრო ამცირებს რუსეთის უნარს, აღადგინოს საბრძოლო-საჰაერო შესაძლებლობები“ - წერს უწყება „ტვიტერზე“.
უკრაინამ მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემები მიიღო
უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემები, „ნასამები“ ჩავიდა. რეზნიკოვი ამის შესახებ პოსტს „ტვიტერზე“ აქვეყნებს.
„ნახეთ, ვინ არის აქ! NASAMS და Aspide საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში ჩამოვიდა! ეს შეიარაღება, მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის ჯარს და ჩვენს ცას უფრო უსაფრთხოს გახდის. ჩვენ გავაგრძელებთ მტრის სამიზნეების ჩამოგდებას, რომლებიც თაავს გვესხმის. მადლობა ჩვენს პარტნიორებს: ნორვეგიას, ესპანეთს და აშშ-ს“ - წერს რეზნიკოვი.
ვითარება ხერსონში
ოკუპირებულ ხერსონში რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით ევაკუაციას აძლიერებს და აღიარებს, რომ რეგიონში ვითარება გაუარესებულია. იძულებითი ევაკუაციის ფარგლებში, ხერსონიდან სულ მცირე, 70 000 მშვიდობიანი მოქალაქე უკვე გაიყვანეს.
კვირას, ხერსონის მოსახლეობა, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა. რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის, რუსეთითის მიერ ხელდასმული მმართველები, უკრაინას მტკიცებულებების გარეშე , „დივერსიაში“ ადანაშაულებდნენ.
კრემლის მხარდაჭერილმა „ოფიციალურმა პირებმა“ განაცხადეს, რომ უკრაინის მიერ ორგანიზებულმა თავდასხმამ, „მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის, 3 საყრდენი ბეტონის ბოძი“ დააზიანა.
თუმცა, ხერსონის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იაროსლავ იანუშევიჩმა, ელექტროენერგიის გათიშვაში რუსეთი დაადანაშაულა.
იანუშევიჩმა „ტელეგრამში“ დაწერა: „დროებით ოკუპირებულ ბერისლავში რუსულმა ჯარებმა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები ააფეთქა. განადგურდა დაახლოებით კილომეტრნახევარი სიგრძის გადამცემი ხაზები და საყრდენი ბოძები.“
ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემები კიევსა და რეგიონებში
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდომირ ზელენსკიმ და სხვა ოფიციალურმა პირებმა გასულ თვეში განაცხადეს, რომ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 30%-დან 40%-მდე, რუსული ავიაციის მიერ განადგურდა.
ზელენსკიმ კვირას ღამით გაკეთებულ ვიდეომიმართვაში თქვა: "დღეს საღამოს მდგომარეობით, გამორთვა გრძელდება კიევსა და ექვს რეგიონში. 4,5 მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშეა. მათი უმეტესობა ახლა კიევში და კიევის რეგიონშია. ეს მართლაც რთულია".
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ მოსახლეობა მოსალოდნელი მძიმე ზამთრის შესახებ გააფრთხილა, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს განაგრძობს. კლიჩკოს თქმით, ამ შემთხვევაში, მოსახლეობა შესაძლოა ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშე დარჩეს.
”ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს თავიდან ავიცილოთ. მაგრამ მოდით, გულწრფელნი ვიყოთ, - ჩვენი მტრები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქალაქი გათბობის, ელექტროენერგიის, ზოგადად, წყალმომარაგების გარეშე დარჩეს... ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მზად ვართ სხვადასხვა სიტუაციებისთვის“, - განუცხადა კლიჩკომ სახელმწიფო მედიას.
კიევი თეირანის წინააღმდეგ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდომირ ზელენსკის განცხადებით, ყველამ, ვინც რუსეთს ომის გაგრძელებაში ეხმარება, ამ ომის შედეგებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ზელენსკი ამ განცხადებით, რუსეთისთვის ირანის მიერ გაწეულ დახმარებას გამოეხმაურა.
„რომ არა ირანის მიერ, აგრესორის შეიარაღებით მომარაგება, ახლა მშვიდობასთან უფრო ახლოს ვიქნებოდით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო ახლოს ვიქნებოდით სასურსათო კრიზისის მოგვარებასთან; უფრო ახლოს ვიქნებოდით ამ მსხვერპლიანი კრიზისის მოგვარებასთან; ენერგობაზრის სტაბილიზაციასთან; უფრო ახლოს ვიქნებოდით რადიაციული შანტაჟის საიმედო უსაფრთხოებასთან, რომელსაც რუსეთი არ თმობს“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰაინმა, შაბათს პირველად აღიარა, რომ ირანმა რუსეთში დრონები გააგზავნა. თუმცა, მან იქვე თქვა, რომ ეს ომამდე მოხდა.
კვირას საღამოს, თავის ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ უარყო ირანის პოზიცია, თითქოს რუსეთს უპილოტო სამხედრო თვითმფრინავები მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით მიაწოდა. მისი თქმით, უკრაინული ძალები, უპილოტო საფრენ აპარატებს ყოველდღიურად ანადგურებს.
შეერთებულმა შტატებმა და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს მოუწოდეს გამიძიოს, გამოიყენა თუ არა რუსეთმა ირანული დრონები, უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმისთვის.