გერმანიის კანცლერის განცხადებით, გერმანია ერთი ჩინეთის პოლიტიკას ახორციელებს. ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ მან ეს პოლიტიკა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს და ასევე გამოეხმაურა რეგიონში რასებულ ვითარებას.
შოლცის თქმით, ტაივანის სტატუსის ნებისმიერი ცვლილება, მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს.
„მე, ნათლად განვაცხადე, რომ ტაივანის სტატუს-კვოს ნებისმიერი ცვლილება უნდა იყოს მშვიდობიანი, ან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე“ - განაცხადა შოლცმა ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი კეჩიანგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ომის და ტაივანის გარშემო არსებული უთანხმოების გამო, პოლიტიკური ურთიერთობები გამწვავდა, ჩინეთსა და გერმანიას შორის, სავაჭრო ურთიერთობები გაღრმავდა. ჩინეთი უკვე მე-6-ე წელია, რაც გერმანიის წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. ის ბერლინის იმპორტის წამყვანი წყაროა და მეორე საექსპორტო დანიშნულებაა ამერიკის შემდეგ.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა კვირას ამასთან დაკავშირებით რუსეთის მაგალითი მოიყვანა. ის შიშობს, რომ „შეცდომა, რომელიც გერმანიამ დაუშვა ბოლო წლებში რუსეთთან, შეიძლება განმეორდეს“. ბერბოკი უკრაინის ომამდე რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასა და ენერგოდამოკიდებულების ზრდაზე მიუთითებდა, რის გამოც დღეს გერმანია რთული ვითარების წინაშეა. ჩინეთზე საუბრისას მან ტელევიზიასთან ARD თქვა: ”ჩვენ ეს თავიდან უნდა ავიცილოთ“.
შოლცის ჩინეთში ვიზიტის წინ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჟაო ლიჯიანმა აღნიშნა, რომ პეკინის რწმენით, შოლცის ვიზიტი „ახალ იმპულსს მისცემს“ ორ ქვეყანას შორის „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ განვითარებას „და ხელს შეუწყობს მსოფლიო მშვიდობას, სტაბილურობასა და ზრდას“.