ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ხერსონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე საუბრობს


ვლადიმირ პუტინმა პარასკევს განაცხადა, რომ უკრაინაში, ხერსონის რეგიონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უნდა განხორციელდეს. პუტინმა ამით პირველად აღიარა ის, რომ უკრაინის მის მიერ ანექსირებულად გამოცხადებულ ამ რეგიონში, ვითარება კრემლისთვის გაუარესებულია.

„ახლა, რა თქმა უნდა, ვინც ხერსონში ცხოვრობს, ყველაზე საშიში მოქმედებების ზონიდან უნდა გავიდნენ, რადგან მშვიდობიანი მოსახლეობა არ უნდა დაზარალდეს“ - ეს განცხადება ვლადიმირ პუტინმა, რუსეთის ეროვნული ერთიანობის დღის აღნიშვნისას, აქტივისტებთან 4 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

ოკუპირებულ ხერსონის დასავლეთიდან, კრემლის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, მოსახლეობის ევაკუაციიის შესახებ კრემლს სექტემბერში სთხოვეს. რეგიონში კონტრშეტევითი მოქმედებების ფარგლებში, უკრაინულ ძალებს წინსვლა აქვს.

ხუთშაბათს, რუსეთის მიერ დანიშულმა ე.წ. გუბერნატორის მოადგილემ, კირილ სტრემუსოვმა რამდენიმე ვიდეომიმართვა გაავრცელა და მშვიდობიან მოსახლეობას მდინარე დნიპროს დასავლეთი სანაპიროს დატოვებისკენ მოუწოდა. მან თქვა, რომ რუსული ძალები, სავარაუდოდ, მალე დნიპროს დასავლეთ სანაპიროს დათმობდნენ.

ხერსონის რეგიონი, რომლის დიდ ნაწილს რუსეთი ომის დასაწყისიდან აკონტროლებს, სტრატეგიული მნიშვნელობისაა. სწორედ ხერსონი აკონტროლებს ანექსირებულ ყირიმთან სახმელეთო კავშირსა და ნახევარკუნძულის წყალმომარაგების დიდ ნაწილს.

უკრაინამ აგვისტოში ხერსონში კონტრშეტევა გამოაცხადა, რის შედეგადაც რუსული ძალები რეგიონის ჩრდილოეთის დიდი ნაწილიდან სექტემბერში განდევნეს.

XS
SM
MD
LG