ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთი კალინინგრადთან საზღვარს ამაგრებს


პოლონელი ჯარისკაცები რუსეთის ტერიტორიულ ექსკლავ კალინინგრადთან საზღვარს ამაგრებენ. პოლონეთის მთავრობამ საზღვარზე ბარიერის მშენებლობის ბრძანება გასცა. ამის მიზეზი მისი განმარტებით, მიგრანტთა კიდევ ერთი კრიზისის საფრთხეა.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლასჩაკი ამბობს, რომ რუსეთის საავიაციო უწყების მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახემ, რომ ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან ფრენები კალინინგრადის მიმართულებით განხორციელდეს, არის იმის საფუძველი, რომ საზღვრების გამაგრება დაიწყოს. კალინინგრადს რუსეთთან სახმელეთო საზღვარი არ აქვს, თუმცა ეს ტერიტორიული ერთეული რუსეთს ეკუთვნის. კალინინგრადი ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, პოლონეთსა და ლიეტუვას ესაზღვრება.

ბლასჩაკმა ვარშავაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ საზღვრის გამაგრება პოლონეთის უსაფრთხოებისთვისაა საჭირო. მისი თქმით, გაცემულია ბრძანება თითქმის 210 კილომეტრიან საზღვარზე დროებითი ბარიერის მშენებლობის თაობაზე. მინისტრის განმარტებით, ეს ბარიერი მჭრელი მავთულხლართის სამი შრისგან გაკეთდება და სიმაღლით - 2.5 მეტრი, სიგანით კი 3 მეტრი იქნება. ახალი ბარიერი აღჭურვული უნდა იყოს ელექტრონული მონიტორინგის სისტემებითა და კამერებით. პოლონურ მხარეს კიდევ ერთი დამცავი ღობე ცხოველებს მჭრელ ბარიერთან მიახლოების საშუალებას არ მისცემს.

კალინინგრადის "ხრაბროვო" აეროპორტის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე კორიტნი რუსულ საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსთან" საუბარში ოქტომბრის დასაწყისში ამბობდა, რომ მისი აეროპორტი აპირებს "მიიზიდოს ავიახაზები სპარსეთის ყურისა და აზიის ქვეყნებიდან", მათ შორის არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ყატარიდან.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი აეროპორტის გეგმებს "შემაშფოთებელს" უწოდებს. პოლონელმა ჯარისკაცებმა ბარიერების აღმართვა პოლონურ სოფელ ვიშტინეკში უკვე დაიწყეს. ამის შესახებ ადგილობრივი საზღვრის დაცვის სამსახურის სპიკერის მიერ დადასტურებულ ინფორმაციას პოლონური სახელმწიფო მედია ავრცელებს. ვიშტინეკი სწორედ ის სოფელია, სადაც ერთმანეთს პოლონეთი, რუსეთი და ლიეტუვა ესაზღვრება.

მიროსლავა ალექსანდროვიჩი, სასაზღვრო ადმინისტრაციის პრეს-სპიკერი ამბობს, რომ კალინინგრადიდან პოლონეთში უკანონოდ საზღვრის გადაკვეთის მცდელობა ოქტომბერში არ დაფიქსირებულა.

ამ დრომდე, საზღვარზე ბარიერი არ ყოფილა. მის უსაფრთხოებას ადგილობრივი საზღვრის მცველების მუშაობა და ხშირი პატრულირება უზრუნველყოფდა.

გასულ წელს პოლონეთის საზღვარი ბელარუსთან მიგრაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტად იქცა. მოქალაქეები მასშტაბურად კვეთდნენ საზღვარს არალეგალურად. პოლონეთმა ბელარუსთან ფოლადის კედლის მშენებლობა ივნისში დაასრულა.

პოლონელი და სხვა ევროკავშირის ლიდერები, ბელარუსის მთავრობას, რომელიც რუსეთის უმთავრესი მოკავშირეა, მიგრაციის კრიზისის ხელოვნურად გამწვავებაში სდებდნენ ბრალს.

XS
SM
MD
LG