ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ხერსონიდან უკან იხევს


უკრაინის შეიარაღებული ძალები ზაპორიჟიის რეგიონში. 27 ოქტომბერი, 2022 წ.
უკრაინის შეიარაღებული ძალები ზაპორიჟიის რეგიონში. 27 ოქტომბერი, 2022 წ.

კრემლის მხარდაჭერით მოქმედი, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის მარიონეტული მთავრობა აცხადებს, რომ რუსული ჯარები დიდი ალბათობით ხერსონს დატოვებენ. საუბარია მდინარე დნიპროს სანაპიროზე, საიდანაც მშვიდობიანის მოსახლეობის ევაკუაცია უკვე კვირებია მიმდინარეობს. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს შესაძლოა იყოს იმის ნიშანი, რომ რუსეთი ომში კიდევ უფრო უკან იხევს.

„სავარაუდოდ, ჩვენი ქვედანაყოფები, ჩვენი ჯარისკაცები აღმოსავლეთ სანაპიროზე გადაინაცვლებენ,“- თქვა კირილ სტრემუსოვმა, ოკუპირებული ხერსონის რეგიონის სამოქალაქო ადმინისტრაციის პრორუსმა ხელმძღვანელმა, მაშინ როცა ის კრემლის პროპაგანდისტ ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში საუბრობდა.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსკოვი და დახევს თუ არა ჯარებს ფრონტის ხაზიდან კიდევ უფრო უკან, ეს ამ დროისთვის ცნობილი არ არის. კრემლი, რომელიც გასულ კვირებში რუსული ჯარის უკანდახევას გამორიცხავდა, დღეს დუმს. უკრაინის მთავრობა და ცალკეული ანალიტიკოსები კი ამბობენ, რომ შესაძლოა ეს ხაფანგი იყის უკრაინელთა კონტრშეტევის პირობებში.

ხერსონი სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორიაა, მისი ოკუპაცია რუსულმა ჯარმა ხანგრძლივი ბრძოლების შედეგად ზაფხულში შეძლო. ხერსონში, მდინარე დნეპრზე მდებარე კაშხალს ამ დრომდე რუსები აკონტროლებენ, რომლითაც ყირიმის ნახევარკუნძულის წყალმომარაგება ხდება. ყირიმი უკრაინული ნახევარკუნძულია, რომელიც 2014 წლის შემდეგ რუსეთს აქვს ანექსირებული.

ოკუპირებული ხერსონის მარიონეტული მმართველი რუსულ ტელეკომპანიასთან საუბრისას ასევე ამბობდა, რომ ახლა მათ „ძალიან რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ, რაც არ უნდა იყოს მათი სტრატეგია“. კირილ სტრემუსოვმა, ადგილობრივ მცხოვრებლებს მიმართა და მოუწოდა, დატოვონ რეგიონის დასავლეთ სანაპირო და გადავიდნენ აღმოსავლეთ სანაპიროზე.

„გთხოვთ გადადით აღმოსავლეთ სანაპიროზე. გაცილებით უსაფრთოდ იქნებით,“ - თქვა მან რუსულ ტელევიზიასთან საუბრის დროს და აღნიშნა, რომ რუსული ჯარები ხერსონის სრულად დატოვებას არ აპირებს. თუ ეს მოხდება, „ეს იქნება დიდი დარტყმა“ და დააზარალებს რუსეთის იმიჯს და იმ ადამიანებს, რომლებიც ხერსონში იმყოფებიან.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინის მოქალაქეების იძულებით გადაყვანაში ადანაშაულებს. კიევი ამბობს, რომ რუს სამხედროებს ზაპორიჟიიდან და ხერსონიდან უკრაინელები ძალით გაჰყავთ და ეს ომის დანაშაულია. მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს.

კირილ სტრემუსოვმა რუსულ არხს ინტერვიუ მას შემდეგ მისცა, რაც ინტერნეტში გავრცელდა ფოტო ხერსონიდან, სადაც ჩანს, რომ ხერსონის მთავარი ადმინისტრაციული შენობიდან რუსული დროშა ჩამოხსნილია. კიევი არ გამორიცხავს, რომ ეს ფოტოები რუსული დეზინფორმაციის ნაწილი იყოს.

უკრაინის სამხრეთ სარდლობის პრესსპიკერი, ნატალია ჰუმენიუკი ფიქრობს, რომ შესაძლოა ეს ერთგვარი ხაფანგი იყოს, რომელსაც კრემლი უკრაინელებს უწყობს.

„ეს შეიძლება იყოს კონკრეტული პროვოკაციის გამოვლინება, რათა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ დასახლებები მიტოვებულია, უსაფრთხოა მათში შესვლა, სანამ ისინი ემზადებიან ქუჩის ბრძოლებისთვის,“- ამბობს ჰუმენიუკი.

რუსული თავდასხმები უკრაინულ სტატეგიულ ობიექტებზე

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა განაახლა უკრაინული ქალაქების დაბომბვა. მათ 16 საჰაერო და სამი სარაკეტო დარტყმა მიიტანეს უკრაინულ სამიზნეებზე. ასევე დაფიქსირდა 40-ზე მეტი დაბომბვის ეპიზოდი, სხვადასხვა საშუალებებიდან - ნათქვამია უკრაინის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.

სამხრეთის ფრონტზე, რუსეთმა 35-ზე მეტ ქალაქზე მიიტანა იერიში, მათ შორის დრონებით - ამბობს კიევი.

უკრაინულმა ავიაციამ კი რუსეთის მიერ კონტროლირებულ 8 ტერიტორიულ ერთეულს შეუტია და სულ 12 დარტყმა განახორციელდა. იერიშები განხორციელდა სამხედრო ტიპის შენობებზე, სადაც კონცენტრირებული იყვნენ სამხედროები, მათი აღჭურვილობა და საზენიტო დანადგარები. განადგურებულია საბჭოლო მასალების ორი რუსული საცავი.

დამოუკიდებლად აღნიშნული მონაცემების გადამოწმება სააგენტო „როიტერმა“ ჯერჯერობით ვერ შეძლო.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსული სარაკეტო თავდასხმები, რომელიც ფოკუსირებულია უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებსა და წყლის საცავების მწყობრიდან გამოყვანაზე, მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს მშვიდობიან მოსახლეობას. განსაკუთრებით მაშინ როცა ზამთარი ახლოვდება.

ოფიციალური მონაცემებით, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 4.5 მილიონი ადამიანი კიევის და უკრაინის სხვა 10 რეგიონში.

კონტრიერიში

უკრაინული ძალები კონტრშეტევას ქვეყნის სამხრეთით აგრძელებენ. წარმატებული კონტრიერიშის პარალელურად ვაშინგტონი ამბობს, რომ უკრაინა დეოკუპაციის პროცესს წარმატებით გაართმევს თავს. ამერიკის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს სჯერა, რომ უკრაინელები ხერსონის გათავისუფლებას შეძლებენ. ეს ყველაზე ოპტიმისტური კომენტარია, რომელიც კონტშეტევის დაწყებიდან დღემდე ამერიკის თავდაცვის მდივანმა გააკეთა.

დასავლეთის ერთ-ერთი ოფიციალური პირი სააგენტო „როიტერთან“ კონფიდენციალურობის დაცვით ამბობს, რომ რუსეთის სამხედრო მეთაურების ნაწილმა ხერსონის დასავლეთი ნაწილი უკვე დატოვა და აღმოსავლეთში გადავიდა.

„ჩვენი შეფასებით, სავარაუდოდ სარდლებმა ეშელონების უმეტესობა ახლა აღმოსავლეთით გადაიყვანეს, რის გამოც [ჯარი] დემორალიზებულია“- ამბობს ოფიციალური პირი სააგენტო „როიტერთან“ საუბრის დროს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG