ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნების შედეგების არაღიარება დემოკრატიას საფრთხეს უქმნის და ეს ტრამპის ბრალია - ბაიდენი


ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში გამოსვლისას. ვაშინგტონი, აშშ. 2 ნოემბერი, 2022 წ.
ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში გამოსვლისას. ვაშინგტონი, აშშ. 2 ნოემბერი, 2022 წ.

ოთხშაბათს ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზოგიერთი რესპუბლიკელი კანდიდატის მიერ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიუღებლობა დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, შედეგების აღიარების შემთხვევაში, კანდიდატებმა 8 ნოემბრის არჩევნებზე შეიძლება წააგონ და ამაში დამნაშავე ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია.

"არაფერი შეგეშალოთ, ბიულეტენზე ყველა ჩვენგანისთვის ახლა დემოკრატიაა" - განაცხადა ბაიდენმა არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე. 8 ნოემბერს, კონგრესის შუალედურ არჩევნებზე მისული ამერიკელები გადაწყვეტენ, დარჩება თუ არა ორივე პალატის კონტროლი დემოკრატების ხელში, თუ სენატის და წარმომადგენელთა პალატის, ან რომელიმეს კონტროლის უფლებას რესპუბლიკელები მოიპოვებენ.

დემოკრატია კვლავ საფრთხეშია, ისევე როგორც 2021 წლის 6 იანვარს - თქვა ბაიდენმა 2 ნოემბერს, ვაშინგტონის ცენტრალურ რკინიგზის სადგურზე ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე. მან მაგალითად მოიყვანა ცოტა ხნის წინ, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ოჯახზე თავდასხმის ფაქტი.

"თავდამსხმელი სახლში შევიდა და კითხულობდა: სად არის ნენსი? სად არის ნენსი? ეს იგივე სიტყვებია, რომელთაც ბრბო იყენებდა 6 იანვარს, შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში შეჭრისას" - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

ბაიდენმა ამომრჩევლებს მოუწოდა, კარგად დაფიქრდნენ იმაზე, თუ "რა მომენტში ვიმყოფებით" ახლა. პრეზიდენტის თქმით, "ვიდრე ჩვენ აქ ვდგავართ, არიან კანდიდატები, რომლებიც ოფისისთვის ყველა დონეზე იბრძვიან - გუბერნატორის, კონგრესმენის, გენერალური პროკურორის, სახელმწიფო მდივნის პოსტებზე - რომლებიც არ აღიარებენ იმ არჩევნების შედეგებს, რომელშიც თავად მონაწილეობენ.

ამ ყველაფერში კი ბრალი ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიუძღვის, რომელიც მათი შთაგონების წყაროა - აღნიშნავს ბაიდენი. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ მისი წინამორბედის გამოა "ამერიკული დემოკრატია იერიშის ქვეშ", რადგან ტრამპი არ აღიარებს მის მიერ წაგებული 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.

გამოკითხვების მიხედვით, 8 ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე რესპუბლიკელებს წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვების დიდი შანსი აქვთ. სენატში კი გამოკვეთილი უპირატესობა ჯერჯერობით არცერთ პარტიას არ აქვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG