ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები ახლოვდება, ამერიკის პრეზიდენტი კი გეგმავს წარადგინოს კანონის პროექტი, რომელიც არჩევნების გამჭირვალობას ხელს შეუწყობს.
კერძოდ, არსებული ინფორმაციით ამერიკის პრეზიდენტი წარადგენს, კანონის პროექტს, რომელიც დაავალდებულებს პოლიტიკურ სამოქმედო კომიტეტებსა და სხვა ჯგუფებს, საჯარო გახადონ დონორი ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნების პერიოდში,10 000 დოლარზე მეტ დაფინანსებას გაიღებენ.
ახალი კანონპროექტის დეტალებს დღეს პრეზიდენტი თეთრ სახლში წარადგენს, მის განხილვას კი სენატი მიმდინარე კვირაშივე დაიწყებს. ინიციატივის მიზანი, საარჩევნო პროცესის მეტი გამჭვირვალობაა.
პარალელურად, წარმომადგენელთა პალატა განიხილავს რესპუბლიკელ ლიზ ჩეინისა და დემოკრატ ზოი ლოფგრენის წინადადებას, რომელიც ეხება ვიცე-პრეზიდენტის როლს, არჩევნების შედეგების დამოწმებაში. კანონის პროექტის მიხედვით, ვიცე-პრეზიდენტის როლი პროცესში სიმბოლურია.
ეს ინიციატივა პირდაპირ ეხმაურება 2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ თავდასხმას. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის მხარდამჭერები ცდილობდნენ ზეწოლა მოეხდინათ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსზე, რომელიც შედეგების რატიფიცირების პროცესს უძღვებოდა.
მას შემდეგ რაც ჯო ბაიდენი კანონის პროექტს წარადგენს, ნიუ-იორკში გაემგზავრება და გაეროს გენერალურ ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას.
Facebook Forum