მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩრდილო-აღმოსავლეთის დიდი მდინარის აღმოსავლეთ ნაპირს მიაღწია, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შემოჭრილი რუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლის ველზე „გამარჯვებების წყება“ ახსენა. თუმცა, კონფლიქტში ახალის რისკების შესახებ დასავლელი სამხედრო და სხვა ოფიციალური პირების გაფრთხილებაც გაიზიარა.
18 სექტემბერს გაკეთებულ მიმართვაში, ზელენსკიმ გაფრთხილება გამოთქვა, რომ ნებისმიერი „მიძინება“ ოპერაციების „შემდგომი წყებისთვის მზადების“ ნაწილი იყო. გავრცელებული ცნობებით, მიკოლაივის ატომურ ელექტროსადგურზე რუსული ჯარის თავდასხმას რეაქტორები არ დაუზიანებია. ამის მიუხედავად, ზელენსკიმ უკრაინის ატომური ობიექტებისთვის არსებულ რისკს ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.
იმავდროულად, პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ იმ დროს, როდესაც უკრაინელები „რუსეთს ამარცხებენ“, ჯერ კიდევ ბევრად მეტია გასაკეთებელი. აშშ-ის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ მიანიშნა შეშფოთებაზე იმ რეაქციის გამო, რომელიც მოსკოვს ბრძოლაში წარუმატებლობაზე შეიძლება ჰქონდეს. გენერალმა მარკ მილიმ ევროპაში აშშ-ის ძალებს და მათ მოკავშირეებს „მზადყოფნის [და] სიფხიზლის მაღალ დონეზე“ ყოფნისკენ მოუწოდა.
„შეიძლება ზოგიერთისთვის ისე ჩანს, რომ გამარჯვებების წყების შემდეგ რაღაც მიძინების მსგავსი გვაქვს, მაგრამ მიძინება არ იქნება. შემდეგი წყებისთვის მზადება მიმდინარეობს... რათა უკრაინა თავისუფალი იყოს. მთლიანად “, განაცხადა ზელენსკიმ ტრადიციულ მიმართვაში.
უკრაინის სამხედრო უწყებამ „ტელეგრამზე“ განაცხადა, რომ ჯარმა ხარკივის რეგიონში კონტრშეტევისას, როდესაც ათასობით კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნა, მდინარე ოსკილის მეორე ნაპირზე პლაცდარმი დაიკავა. ექსპერტები მიანიშნებენ, რომ უკრაინელების ოსკილზე გამაგრებით, შესაძლოა დონბასის რეგიონში რუსულ ძალებს საფრთხე შეექმნას.
19 სექტემბერს, უკრაინის გენერალურმა შტაბმა თქვა, რომ გასულ დღენახევარში რუსებმა ექვსი სარაკეტო, 22 საჰაერო და მრავალჯერადი სარაკეტო გამშვებით 90-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს. 30-ზე მეტ ქალაქში ინფრასტრუქტურა დაზიანებულია და უკრაინელები მთელ ქვეყანაში საჰაერო და სარაკეტო დარტყმების მიმდინარე საფრთხეზე გააფრთხილეს.
ბირთვული ობიექტის უკრაინულმა ოპერატორმა „ენერჰოატომმა“ რუსულ ჯარებს ბრალი დასდო ატომურ ელექტროსადგურ „პივდენნოუკრაინსკაზე“ თავდასხმაში, რომელიც მიკოლაივის რეგიონში მდებარეობს. თუმცა, იქვე განაცხადა, რომ სამი რეაქტორიდან არცერთი არ დაზიანებულა და ობიექტი ნორმალურად მუშაობს.
გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ ევროპაში ამერიკული ჯარები უშუალო საფრთხის წინაშე არ დგას. მაგრამ, კითხვები პუტინის რეაქციაზე ბრძოლის ველზე დამარცხებებთან მიმართებაში იმას ნიშნავს, რომ ჯარს გაძლიერებული მზადყოფნა და სიფხიზლე მართებს. აშშ-ის და ნატოს ოფიციალურმა პირებმა მოსკოვი გააფრთხილეს, რომ ნატოს ტერიტორიაზე ნებისმიერი თავდასხმა ძლიერ სამხედრო პასუხს გამოიწვევს.
პრეზიდენტმა ბაიდენმა სატელევიზიო გამოსვლისას თქვა: „უკრაინაში ომში გამარჯვება ნიშნავს რუსეთის უკრაინიდან სრულად გაგდებას და [უკრაინის] სუვერენიტეტის აღიარებას.“ მან მიანიშნა, რომ „ისინი [უკრაინელები] რუსეთს ამარცხებენ. როგორც ირკვევა, რუსეთი არ აღმოჩნდა ისეთი კომპეტენტური და უნარიანი, როგორც ბევრი ფიქრობდა".
პრეზიდენტისადმი დასმულ კითხვაზე იმ რისკის შესახებ, რომ უკრაინაში მარცხის პირობებში პუტინმა შეიძლება ატომური იარაღის გამოყენებაზე იფიქროს, ბაიდენს რუსეთის პრეზიდენტისთვის უბრალო სიტყვები ჰქონდა: „არ ჰქნა. არ ჰქნა. არ ჰქნა. ეს ომის სახეს ისე შეცვლის, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სხვა არაფერს უქნია.“