ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთსა და პოლონეთში დღეიდან ძალაში შევიდა რუსეთის მოქალაქეთა შეშვებაზე აკრძალვა შენგენის ტურისტული ვიზებით.
რუსეთის მოსაზღვრე ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც გადაწყვიტა, არ შემოიღოს ეს აკრძალვა, ფინეთია. ამასთან, ფინეთმა საგრძნობლად შეამცირა რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული ვიზების რაოდენობა.
იმის შესახებ, რომ ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი საკუთარ საზღვრებს აღარ გადააკვეთინებენ შენგენის ვიზების მფლობელ რუსეთის მოქალაქეებს, სექტემბრის დამდეგს გახდა ცნობილი. გამონაკლისები დაიშვება იმათთვის, ვინც ოჯახური და ჰუმანიტარული გარემოებების გამო მგზავრობს.
ადრე იგივე ქვეყნები ევროკავშირისგან ითხოვდნენ, რუსეთის მოქალაქეებისთვის სრულად აკრძალულიყო ვიზების გაცემა უკრაინაში სამხედრო შეჭრის საპასუხოდ. ასეთი აკრძალვა არ იქნა შემოღებული, მაგრამ ევროპის კავშირმა რუსეთს შეუჩერა გამარტივებული სავიზო რეჟიმის მოქმედება. ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ გაძვირდება ვიზები და გაიზრდება მათი გაცემის ვადები.
ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ცხოვრების უფლების მქონეებზე ახალი შეზღუდვები არ მოქმედებს. მაგრამ, გასულ კვირაში ლატვიის სეიმმა პირველი წაკითხვით მიიღო კანონპროექტი რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეთათვის ცხოვრების უფლების მინიჭების გამკაცრების შესახებ.
გარდა ამისა, ეს შეზღუდვები მოქმედებს ევროკავშირის მხოლოდ საგარეო საზღვრებზე. ეს ნიშნავს, რომ შენგენის ზონის სხვა ქვეყნებიდან ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში შესვლა შესაძლებელი იქნება.