ფინეთში, ქალაქ იმატრაში თითქმის ერთი საუკუნის წინ აშენებული კაშხალი იმატრანკოსკი რუს ტურისტებს უკრაინის ჰიმნის ჰანგებით ხვდება. მდინარე და მასზე აშენებული კაშხალი რუსეთის მოქალაქეების ერთ-ერთი საყვარელი სანახაობაა. აქ დილა ფინელი კომპოზიტორის ჟან სიბელიუსის ჰანგებით იწყებოდა და ვარდნილების ხმას ერეოდა. თუმცა ივლისის ბოლოდან, ქალაქ იმანტრაში გადაწყვიტეს, რომ იქ უკრიანის ჰიმნის ხმა უნდა გაჟღერებულიყო. ფინეთი, რომელსაც რუსეთთან 1 300 კმ-იანი საზღვარი აქვს და რომელიც მალე ნატოს წევრი გახდება, მეზობელი ქვეყნიდან ტურისტების შემოდინების შეზღუდვას ვიზების გაცემის შეზღუდვით გეგმავს. ზოგიერთი ქვეყანა კი უფრო მეტიც, უკვე გაცემული ვიზების შეზღუდვასაც საჭირო ზომად მიიჩნევს.
დასავლეთის ქვეყნებში ძლიერდება მოწოდებები იმის შესახებ, რომ რუსეთის მოქალაქეებს ამ სახელმწიფოებში მოგზაურობა შეეზღუდოთ. მაშინ, როცა მოქალაქეთა და ლიდერთა ნაწილი ამბობს, რომ აგრესორი ქვეყნის და რეჟიმის მხარდამჭერთა ამგვარი დასჯა სასურველია, მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ასე შესაძლოა, უდანაშაულო ადამიანები, ან რეპრესიებისთვის თავის დაღწევის მსურველებიც დაზარალდნენ.
შეწყვიტეთ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. ევროპაში სტუმრად ჩასვლა პროვილეგიაა და არა - ადამიანის უფლება",- ესტონეთის პრემიერი
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს რამდენჯერმე მოუწოდა, აკრძალოს რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზის გაცემა, დაუხუროს კარი რუს ტურისტებს, რომლებიც ევროპაში ჩასვლას მაინც ახერხებენ და მოსკოვი უკრაინაში შეჭრისთვის ამგვარადაც დასაჯოს. უკრაინის პრეზიდენტმა კვირა საღამოს მოსახლეობისადმი ტრადიციული ვიდეო-მიმართვისასაც აღნიშნა, რომ ის მუშაობს დასავლელ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ვიზების გაცემა გამკაცრდეს და შეიზღუდოს.
უკრაინა, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ფინეთი, ჩეხია - ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ევროკავშირს რუსეთის მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ტურისტული ვიზების შეზღუდვის ან სრული აკრძალვისკენ მოუწოდებენ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ თქვა, რომ მისი ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებს ესტონეთის მიერ გაცემულ შენგენის ვიზით მიცემულ უფლებებს შეუზღუდავს და თავად ესტონეთში შესვლის უფლებას ჩამოართმევს. თუმცა ეს ვიზები კვლავ გამოსადეგი იქნება სხვა ევროპულ სახელმწიფოებში შესასვლელად. გასულ კვირას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ რუსებისთვის ვიზების გაცემა უნდა შეწყდეს: „შეწყვიტეთ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. ევროპაში სტუმრად ჩასვლა პროვილეგიაა და არა ადამიანის უფლება“. ამაზე პასუხად, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა პრემიერ კალასს „ნაცისტიც“ კი უწოდა.
ფინეთის პრემიერი სანა მარინი კი ფიქრობს, რომ „არ არის მართებული, რომ მაშინ, როცა რუსეთი ევროპაში აგრესიულ, სასტიკ ომს აწარმოებს, რუსებს შეუძლიათ ნორმალურად იცხოვრონ, იმოგზაურონ ევროპაში და იყვნენ ტურისტები“. ფინეთის მთავრობა სამშაბათს შეიკრიბება და ტურისტული ვიზების შეზღუდვაზე იმსჯელებს. ფინეთი ევროკავშირს ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს, თუმცა ქვეყნებს დამოუკიდებელი შეზღუდვების დაწესებაც შეუძლიათ.
გამოცემა „ევრონიურის“ ცნობით, ამ დროისთვის ფინეთის მიერ გაცემული შენგენის ვიზა რუსეთის 100 000-მდე მოქალაქეს აქვს, ასობით ათას სხვა პირს კი შენგენის ვიზა ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების საელჩოებში აქვთ მიღებული.
ესტონეთმა უკვე გადაწყვიტა, რომ მეზობელი სახელმწიფოდან ტურისტული ვიზის უკვე მქონე მოქალაქეებს ქვეყანაში არ შეუშვებს. „რუსეთის მოქალაქეებისთვის არსებული შესაძლებლობა, ასე მრავლად ეწვიონ ესტონეთს ან ეწვიონ [დანარჩენ] ევროპას ესტონეთის გავლით, არ შეესაბამება იმ სანქციების შინარსს, რომლებიც ჩვენ დავაწესეთ“, - განაცხადა ესტონეთის პირველმა დიპლომატმა ურმას რეინსალუმ.
„ჩვენ ვიპოვეთ გზა და ვმუშაობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად. ასე შეგვიძლია შევაფასოთ არსებობს თუ არა ჰუმანიტარული საჭიროება და რაიმე შევიწროვებისგან გაქცევის აუცილებლობა",- გებრიელიუს ლენდსბერგისი
ესტონეთმაც და ფინეთმაც რუსეთთან უკრაინაში შეჭრის შემდეგ საჰაერო მიმოსვლა შეწყვიტეს. სამგზავრო მატარებლის ბოლო რეისი, რომელიც სანქტ-პეტერბურგსა და ჰელსინკის აკავშირებდა, მარტში ბოლოჯერ შედგა. მაგრამ ამ ორივე ქვეყანაში კვლავ შესაძლებელია რუსეთიდან სახმელეთო გზით შესვლა. აქედან კი სხვა ევროპულ ქალაქებში ფრენა. რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქს ფინეთის დედაქალაქიდან 300 კილომეტრი აშორებს. ქალაქ ლაპენრანტაში, რომელიც ფინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობს, რუსი ტურისტების მიერ დახარჯული თანხები, მნიშვნელოვანი შემოსავალია. ფინეთს პანდემიამდე ყოველწლიურად 2 მილიონამდე რუსი ტურისტი სტუმრობდა.
ფინეთი აქამდე ევროკავშირის ბოლო ქვეყანა იყო, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და კვლავ გასცემდა ტურისტულ ვიზებს - მხოლოდ წელს 13 000-მდე ასეთი ვიზა გაიცა. პოლონეთი უკვე რამდენიმე თვეა ტურისტულ ვიზებს აღარ გასცემს, აგვისტოში ლატვიამაც შეწყვიტა ვიზების გაცემა. ჩეხეთი აღარ გასცემს ვიზებს და დროებითი ცხოვრების უფლებას რუსებისთვის 2023 წლის მარტამდე.
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ილვესი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყანაში მტკიცედ სჯერათ, თუკი ერთი სახელმწიფო მეორეში შეიჭრა, მაშინ მის მოსახლეობას ევროპაში მოგზაურობის პრივილეგია არ უნდ აჰქონდეს.
"შედარებისთვის მაგალითი იქნებოდა ის, რომ ნაცისტები დასასვენებლად მაიამიში ჩასულიყვნენ 1940 წელს, სანამ შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში ჩაერთვებოდა. ეს სასაცილო იქნებოდა და ვფიქრობ, სასაცილოა ის, რომ რუსი ტურისტები დღეს აქ ჩამოდიან და კარგ დროს ატარებენ. გარდა ამისა, ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ჩემს ქვეყანაშიც, ჩამოსული რუსები უკრაინელ ლტოლვილებს ავიწროებენ, რაც მე სრულიად ამაზრზენ და წარმოუდგენელად უსინდისო საქციელად მიმაჩნია. მათ აქვთ ვიზები ევროპაში ჩასასვლელად და ამ ქვეყნებში ჩადიან და ავიწროებენ უკრაინელებს, რომლებსაც თავის გადასარჩენად საკუთარი ქვეყნიდან გაქცევა დასჭირდათ - ეს ამაზრზენია. ეს ჩვენი, ბევრი ესტონელის და ასევე სხვების შეხედულებაა. ამასთან, ტურისტული ვიზების უფრო ფართო პრობლემაც არსებობს", - ამბობს ყოფილი პრეზიდენტი.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გებრიელიუს ლენდსბერგისმა „დოიჩე ველეს“ უთხრა, რომ ქვეყანამ პრაქტკუალდ შეწყვიტა ვიზის გაცემა იმ რუსებისთვის, ვინც რეკრეაციის მიზნით აპირებდა ევროპაში წასვლას. დაახლა მხოლოდ ისეთ ვიზებს გასცემს, რომლებსაც „ჰუმანიტარული საფუძველი“ აქვს: „ჩვენ ვიპოვეთ გზა და ვმუშაობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად და ასე შეგვიძლია შევაფასოთ არსებობს თუ არა ჰუმანიტარული საჭიროება და რაიმე შევიწროვებისგან გაქცევის აუცილებლობა“, ამბობს ლენდსბერგისი.
რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების საყოველთაო შეზღუდვის წინააღმდეგია გერმანიის კანცლერი. ოლაფ შოლცის აზრით, ამგვარი ყოველისმომცველი შეზღუდვა უდანაშაულო ადამიანებსაც ავნებს და ის „ძნელი წარმოსადგენია“.
რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში მოგზაურობა არც ახლაა ადვილი, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ რუსეთის მოქალაქეებისადმი პროტესტის ნიშნად ტურისტული ვიზების გაცემა უკვე შეწყვიტა. ამასთან, ევროკავშირმა რუსეთს საჰაერო სივრცე დაუკეტა. შედეგად, რუსები, რომლებსაც შენგენის ვიზა ჰქონდათ, ევროპაში ლატვიის, ესტონეთისა თუ ფინეთის გავლით შედიოდნენ.
რუსული გამოცემები წერენ, რომ შენგენის ზონაში ვიზაზე მოთხოვნა ბოლო ორი კვირის განმავლობაში თითქმის 40 %-ითაა გაზრდილი. გამოცემა „კომერსანტი“ რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ევროპაში რუსი მოგზაურების რიცხვი თითქმის 90%-ითაა შემცირებული. მისი აღმასრულებელი დირექტორის ცნობით, ის მოქალაქეები, რომლებიც შენგენის ვიზის აღებას ჩქარობენ, ძირითადად ტურისტული დანიშნულების ადგილებისკენ ცდილობენ გამგზავრებას, მათ შორის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთისა და საბერძნეთისკენ.
ის აქტივისტები, ჟურნალისტები ან მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ ომს ეწინააღმდეგებიან, ამგვარი შეზღუდვის კონტრპროდუქტიულობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ აკრძალვის პერსპექტივა საბჭოთა კავშირის დროინდელ იზოლაციონისტურ პერიოდს ახსენებთ. აქტივისტების აზრით, რუსებს ევროპაში ვიზიტი არ უნდა აუკრძალონ, რადგან მათ უნდა ნახონ „თავისუფალი სამყარო“.
ილია კრასილშჩიკი, რუსი გამომცემელი, რომელიც ახლა ევროპაშია და რომელსაც რუსეთში გასამართლება ემუქრება, „გარდიანთან“ საუბარში ამბობს, რომ ევროპაში საბანკო ანგარიშების გახსნასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა საზღვარგარეთ მყოფ დისიდენტებს ისედაც გაურთულა მუშაობა. ის ისეთი გამკაცრებული შემოწმების მომხრეა, რომლის შედეგადაც ევროპის კარი რეჟიმის მომხრეთათვის დაიკეტება, მისგან გაქცევის მსურველთათვის კი კვლავ თავშესაფრად დარჩება.
კრემლი თავის მხრივ შეზღუდვების თაობაზე მოწოდებებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ეს არარაციონალურია და რუსეთის თუ რუსების იზოლირების ნებისმიერი მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული და უარყოფით რეაქციას გამოიწვევს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სავარაუდოდ ამ საკითხს აგვისტოს ბოლოს ჩეხიაში შეკრებისას განიხილავენ. პოლონური მედიის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პოიტრ ვავჟიკმა თქვა, რომ ქვეყანა სლოვაკ, ჩეხ და ბალტიისპირელ პარტნიროებთან ერთად, ცდილობს ისეთი მექანიზმის შეთავაზებას, რომელზეც შესაძლოა სავიზო რეჟიმის გამკაცრებას ან შეზრუდვას დათანხმდნენ ისეთი ქვეყნებიც, როგორებიც გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდებია.