ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვის სასამართლომ რუსეთში "რადიო თავისუფლების" იურიდიული პირის გაკოტრების პროცესი დაიწყო


მოსკოვის სასამართლომ „რადიო თავისუფალი ევროპის/ რადიო თავისუფლების“ რუსული იურიდიული პირის, RFE/RL LLC-ის წინააღმდეგ გაკოტრების პროცესი დაიწყო. პროცესი ადგილობრივმა საგადასახადო უწყებამ ამ წლის დასაწყისში წამოიწყო, რის გამოც მაუწყებელმა ქვეყანაში მოქმედება შეწყვიტა.

15 აგვისტოს, მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ გაკოტრების პროცესის დაწყების განჩინება გამოიტანა ფედერალური საგადასახადო სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც აცხადებს, რომ RFE/RL LLC-ს 2021 წლისთვის, საგადასახადოს 7 მილიონი რუბლი (112 ათასი დოლარი) ვალი აქვს.

RFE/RL LLC მოსკოვში „რადიო თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლების“ ინტერესებს წარმოადგენს და 2020 წელს, რუსეთის საკამათო „უცხოეთის აგენტის“ კანონის გამო შეიქმნა.

გაკოტრების პროცესი იმ მედია რეგულაციების შედეგია, რომლებიც „რადიო თავისუფლებას“ და კრემლის მიერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადებულ სხვა მედია საშუალებებს ავალდებულებს ყველა სახის გამოქვეყნებულ მასალას ეს აღნიშვნა დაურთონ.

ამ მოთხოვნას დაემთხვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი, 5 მარტს ძალაში შესული კანონი, რომელიც რუსული არმიის შესახებ „ყალბი ახალი ამბების“ გავრცელებისთვის 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„რადიო თავისუფლებამ“ უარი თქვა ამ მოთხოვნის შესრულებაზე და გასული წლიდან, რუსეთის მედია მარეგულირებელმა „როსკომნადზორმა“ ათასზე მეტი ადმინისტრაციული ბრალი წაუყენა და თითქმის 1 მილიარდი რუბლის (16 მილიონი დოლარის) გადახდა დააკისრა.

გაკოტრების ოფიციალური პროცესი გამოიწვია იმან, რომ RFE/RL LLC-მ გადასახადის გადახდა ვერ შეძლო, რადგან გასულ წელს სასამართლოს ბოქაულებმა მისი საბანკო ანგარიში დაბლოკეს.

რუსეთის დედაქალაქში 30 წლიანი მუშაობის შემდეგ, მარტში „რადიო თავისუფლებამ“ მოსკოვში თავისი ბიურო დაკეტა. დაახლოებით 27 ჟურნალისტი, რომელიც „რადიო თავისუფლებისთვის“ მასალებს ამზადებდა, ამჟამად იუსტიციის სამინისტროში „უცხოეთის აგენტების“ სიაშია.

„რადიო თავისუფლების“ რუსული სამსახურის და მისი რამდენიმე პროექტის ვებ-გვერდები, ასევე სოციალურ ქსელებში მათი ანგარიშები, რუსეთში დაბლოკილია. ამის მიუხედავად, „რადიო თავისუფლების“ პოპულარობის დონე ძალიან მაღალი რჩება.

XS
SM
MD
LG