ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთმა „ამერიკის ხმას“ და „დოიჩე ველეს“ მაუწყებლობა დაუბლოკა


აშშ-ის რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ და გერმანიის „დოიჩე ველეს“ თურქულენოვანი სამსახურების მაუწყებლობაზე წვდომა შეაჩერა თურქეთის მედიის კონტროლის ორგანომ, რასაც მოჰყვა ბრალდება, რომ თურქეთში მედიას ცენზურას უწესებენ.

თურქეთის რადიოსა და ტელევიზიის უზენაესმა საბჭომ აამოქმედა თებერვლის გადაწყვეტილება, რომელიც უცხოურ მედიას, რომელიც თურქულ ენაზე მაუწყებლობს ინტერნეტით, ავალდებულებს, განაცხადი შეიტანოს მაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.

30 ივნისს, გვიან საღამოს, სასამართლომ ანკარაში გადაწყვეტილება მიიღო, სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფ „ამერიკის ხმას“ და „დოიჩე ველეს“ შეეზღუდოთ წვდომა ვებსაიტებზე.

თავის განცხადებაში, „დოიჩე ველე“ იტყობინება, რომ მას არ შეუსრულებია ლიცენზიის მოპოვების მოთხოვნა, რადგან ეს „თურქეთის მთავრობას ნებას მისცემდა, სარედაქციო შინაარსისთვის ცენზურა დაეწესებინა“. გენერალურმა დირექტორმა პეტერ ლიმბურგმა თქვა, რომ ამის შესახებ დაწვრილებით აუხსნეს თურქეთის რადიო და ტელევიზიის საბჭოს.

საბჭოს წევრმა, ილჰან თასქიმ, რომელიც თურქეთის მთავარ ოპოზიციურ, რესპუბლიკურ სახალხო პარტიაში ირიცხება, განაცხადა, რომ ის წინააღმდეგია ორი უცხოური მაუწყებლის ბლოკირებისა.

საბჭოში უმრავლესობა აქვთ თურქეთის მმართველ პარტიის წარმომადგენლებს და მის ნაციონალისტ მოკავშირეებს. საბჭო ხშირად აჯარიმებს კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებს.

თურქეთის ჟურნალისტთა კავშირმა გადაწყვეტილებას ცენზურა უწოდა. „შეწყვიტეთ მცდელობები, აკრძალოთ ყველაფერი, რაც არ მოგწონთ, ეს საზოგადოება თავისუფლებას ითხოვს“, - დაწერა მან ტვიტერით.

თებერვალში გამოცხადდა, რომ საბჭომ გამოავლინა სამი საიტი, რომლებსაც არ ჰქონდათ ლიცენზიები. მათ შორის Euronews-ი, რომელიც ამტკიცებდა, რომ არ მაუწყებლობს პირდაპირ თურქულ ენაზე, არ ავრცელებს ვიზუალურ ბიულეტენებს და ამიტომ მას არ ეხება ლიცენზიის მოთხოვნა.

თებერვალში „ამერიკის ხმა“ აღნიშნავდა, რომ მაშინ, როცა მაუწყებლობის ლიცენზირება ნორმაა, რადგან ეთერი შეზღუდული რესურსია, ინტერნეტს არ აქვს შეზღუდული გამტარობა. „ინტერნეტში გავრცელებისთვის ლიცენზირების მოთხოვნის ერთადერთი შესაძლო მიზანი არის ცენზურის აღსრულება“, - ნათქვამია „ამერიკის ხმის“ განცხადებაში. რაც შეეხება მაუწყებლობას, „მთავრობებს აღიარებული პასუხისმგებლობა აკისრიათ სპექტრის რეგულირებაზე, რათა უზრუნველყონ მისი გამოყენება ფართო საზოგადოების ინტერესებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თბერვალში, როდესაც ლიცენზირების რეგულაცია გამოქვეყნდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა “ტვიტერში” დაწერა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია საბჭოს გადაწყვეტილებით, გააფართოოს მთავრობის კონტროლი თავისუფალ მედიაზე.

რაზე შეთანხმდნენ თურქეთი, შვედეთი და ფინეთი?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:04 0:00

საპასუხოდ, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თანჩუ ბილგიჩმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა მოითხოვა თურქეთის სახელმწიფო ინგლისურენოვანი მაუწყებლის, TRT World-ის რეგისტრაცია „უცხოურ აგენტად“ კანონის მიხედვით, რომელიც განკუთვნილია უცხოური მთავრობებისთვის მომუშავე ლობისტებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფირმებისთვის.

2021 წელს, Freedom House-ის ინტერნეტის თავისუფლების ინდექსით, თურქეთი შეფასდა "არათავისუფალ" ქვეყნად, სადაც დაბლოკილია ასობით ათასი დომენი და ვებმისამართი.

ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” თურქეთს 180 ქვეყნიდან 149-ე ადგილი მიაკუთვნა პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში და თქვა, რომ „ყველა შესაძლო საშუალება გამოიყენება კრიტიკის დასაძლევად“, მათ შორის ჟურნალისტებისთვის პრესბარათების ჩამორთმევა, ინტერნეტცენზურა, სასამართლო პროცესები და დაპატიმრებები.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG