სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC), პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, ე.წ „ცხინვალის მთავრობის“ სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი გამოსცა. ჰააგის სასამართლო ითხოვს, ოსი სეპარატისტების ყოფილი ე.წ „შსს მინისტრის“ მიხეილ მინძაევის დაკავებას.
66 წლის მინძაევი ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს. იგი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, არის რუსეთის შინაგანი ჯარების თადარიგის გენერალი, რომელსაც პუტინმა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა.
ჰააგის სასამართლომ ასევე მოითხოვა დავით სანაკოევისა და ჰამლეტ გუჩმაზოვის დაკავება. 45 წლის სანაკოევი ომის დროს, სეპარატისტების ე.წ „ომბუდსმენი“ და ერთ-ერთი შეიარაღებული ბანდფორმირების წევრი იყო. შემდეგ, ე.წ „საგარეო საქმეთა მინისტრის“ პოსტი ეჭირა, ახლა ე.წ „ცხინვალის პარლამენტის“ წევრია.
44 წლის ჰამლეტ გუჩმაზოვს 2008 წელს, ცხინვალში მოწყობილი უკანონო საპყრობილე ებარა, სადაც ქართველ სამოქალაქო და სამხედრო პირებს აწამებდნენ. წინასწარი ინფორმაციით, გუჩმაზოვი რუსეთში ცხოვრობს, სანაკოევი კი ოკუპირებულ ცხინვალშია.
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, "ICC-ის გამოცემული დაკავების განჩინებები ყველა რელევანტურ სახელმწიფოს გაეგზავნება, რათა უზრუნველყონ ამ პირების დაკავება და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგენა". მათ შორის, არ არის რუსეთი.
რუსეთი არ აღიარებს ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას. პუტინმა არათუ რომის სტატუტის რატიფიკაცია არ მოახდინა, არამედ 2016 წელს, საერთოდ გაიწვია 16 წლით ადრე სტატუტზე გაკეთებული ხელმოწერა. ბუნებრივია, კრემლი არ თანამშრომლობს ჰააგასთან, არც საქართველოს და არც უკრაინის ომის დანაშაულების გამოძიების საქმეში.
განჩინებები აღსრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს პირები გადაკვეთენ რომის სტატუტის ხელშემკვრელი სახელმწიფოების საზღვარს, სხვა შემთხვევაში, რუსეთი და მის მიერ ეფექტიანად კონტროლირებადი ტერიტორია, მხოლოდ მათი თავშესაფარიათამარ ონიანი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია), საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებისთვის, ყველაზე დიდი გამოწვევა არის სწორედ რუსეთის პოზიცია, რომელიც სასამართლოსთან არ თანამშრომლობს“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ თამარ ონიანი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი.
მისი თქმით, „განჩინებები აღსრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს პირები გადაკვეთენ რომის სტატუტის ხელშემკვრელი სახელმწიფოების საზღვარს, ამ სახელმწიფოებს აქვთ მათი დაკავების ვალდებულება. სხვა შემთხვევაში, რუსეთი და მის მიერ ეფექტიანად კონტროლირებადი ტერიტორია, მხოლოდ მათი თავშესაფარია“.
ICC-ის პირველმა წინასასამართლო პალატამ მინძაევის, სანაკოევის და გუჩმაზოვის დაკავებაზე განჩინება 24 ივნისს გამოსცა, ინფორმაცია კის აჯარო 30 ივნისს გახდა.
ICC-ის სამმა მოსამართლემ, უნგრელმა კოვაჩმა, ბენინელმა ალაპინი-განსოუმ და მექსიკელმა ლიერამ, საქმის პროკურორის ბრიტანელი ხანის შუამდგომლობის საფუძველზე დაასკვნა, რომ „არსებობს გონივრული საფუძველი იმისა, რომ თითოეულს, ამ სამი ეჭვმიტანილიდან ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულების ჩადენაში“.
სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მინძაევს, სანაკოევსა და გუჩმაზოვს პასუხისმგებლობა ეკისრებათ ომის დანაშაულზე: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ადამიანის ღირსების შელახვა, მძევლების აყვანა და სამოქალაქო პირების უკანონო გადაადგილება.
რუსული ოკუპაციის დროს, დაპატიმრებული ეთნიკური ქართველები, „ექვემდებარებოდნენ არასათანადო მოპყრობას, და იმყოფებოდნენ მძიმე პირობებში ცხინვალის საპატიმრო დაწესებულებაში (ე.წ. „იზოლატორში“, ან „კაპეზეში“). მოგვიანებით მოხდა რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მათი ზეწოლის იარაღად გამოყენება პატიმართა და ტყვეთა გაცვლის დროს“ – აცხადებს ICC.
სანამ ამ სამ პირს არ დააკავებენ, ჰააგის სასამართლო პროცესს ვერ დაიწყებს. ეს კი შეიძლება უსაშველოდ გაიწელოს. ამიტომ მნიშვნელოვანია მოხერხდეს ამ პირების დაკავება
„ამ ადამიანების დაკავება ძალიან მნიშვნელოვანია“ - ამბობს Justice International-ის აღმასრულებელი დირექტორი ნიკა ჯეირანაშვილი. მისი თქმით, „ICC-ში არ არსებობს ვადები ანუ სანამ ამ სამ პირს არ დააკავებენ, სასამართლო პროცესს ვერ დაიწყებს. ეს კი შეიძლება უსაშველოდ გაიწელოს. ამიტომ მნიშვნელოვანია მოხერხდეს ამ პირების დაკავება“.
მინძაევის, სანაკოევის და გუჩმაზოვის გარდა, ICC-ის პროკურორი ომის დანაშაულში, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორ ვიაჩესლავ ბორისოვსაც სდებდა ბრალს. გენერალი ბორისოვი 2008 წელს საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების შემოჭრის დროს, ოკუპანტების საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილე იყო და თავს „საქართველოს კომენდატსაც“ უწოდებდა. ბორისოვი 2021 წლის ნოემბერში გარდაიცვალა, შესაბამისად, მის დაკავებაზე ორდერი ვეღარ გამოიცა.
სამწუხაროდ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთელი 14 წელი დასჭირდა, რომ „ცხინვალის სეპარატისტული მთავრობის, სამი ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ, დაკავების ორდენები გამოეცა, რასაც ჰქონდა როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური პოლიტიკური თუ იურიდიული მიზეზები.
ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისმა, 2008 წლის, რუსეთ-საქართველოს ომის დანაშაულების წინასწარი მოკვლევა 14 აგვისტოს დაიწყო და ამ პროცესს 7 წელზე მეტი მოანდომა. 2016 წლიდან, წინასასამართლო პალატის გადაწყვეტილებით, დაიწყო გამოძიება უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
2022 წლის მარტში, ჰააგის სასამართლოს (ICC) პროკურორმა, წინასასამართლო პალატას სამი სეპარატისტის დაკავების განჩინების გამოცემის მოთხოვნით მიმართა, ეს მოთხოვნა პალატამ ივნისის ბოლოს დააკმაყოფილა. ჰააგის სასამართლოს გამოძიება 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე, ჩადენილ ომის დანაშაულს მოიცავს.
მნიშვნელოვანია, რომ თავის დროზე, რუსული მხარის მიერ წარდგენილი "30 ტომი მასალების" მიუხედავად, ICC-მა 2008 წლის ომის დროს, ქართველი სამხედროების ან სამოქალაქო პირების მოქმედებებში დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა.