ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აგვისტოს ომის დანაშაულის გამოძიება: რამდენად შორს წავა ჰააგის სასამართლო?


ჰააგის სასამართლოს პროკურორი, 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულის გამოძიების პროცესში, რუსეთის გმირის, გენერალ მიხეილ მინძაევის, დავით სანაკოევის და ჰამლეტ გუჩმაზოვის დაკავებას ითხოვს
ჰააგის სასამართლოს პროკურორი, 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულის გამოძიების პროცესში, რუსეთის გმირის, გენერალ მიხეილ მინძაევის, დავით სანაკოევის და ჰამლეტ გუჩმაზოვის დაკავებას ითხოვს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული „ხელისუფლების“ ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებზე: მიხეილ მინძაევზე, დავით სანაკოევსა და ჰამლეტ გუჩმაზოვზე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის მიერ დაკავების განჩინების გამოცემა, პირველი დიდი გარღვევაა, 2008 წლის ომის დროს მომხდარი დანაშაულის საერთაშორისო გამოძიების პროცესში.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ქარიმ ხანი
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ქარიმ ხანი
„ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ქმედებები, ისევ არის საერთაშორისო სასამართლოების დღის წესრიგში. ასევე ეს ცხადად მიუთითებს, რომ უკრაინის და საქართველოს სიტუაციები არსობრივად ერთმანეთის მსგავსია"
თამარ ონიანი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი

„პროკურორის გადაწყვეტილება, როცა მან დაკავების განჩინების მოთხოვნით მიმართა პალატას არის ძალიან მნიშვნელოვანი“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელმა თამარ ონიანმა.

მისი თქმით, „ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ქმედებები, ისევ არის საერთაშორისო სასამართლოების დღის წესრიგში. ასევე, ეს ცხადად მიუთითებს, რომ უკრაინის და საქართველოს სიტუაციები არსობრივად ერთმანეთის მსგავსია.

როგორც პროკურორის განცხადებაშია აღნიშნული, ორივე შემთხვევაში ადგილი აქვს რუსეთის მხრიდან, ერთსა და იმავე ტიპის და ხასიათის ქმედებებს, პროკურორმა მოითხოვა ე.წ. ცხინვალის მთავრობის სამი ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნის დაკავება, რომელთაც ომის დანაშაულის ჩადენაში ედებათ ბრალი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ჯერ გამარჯვება, ეს არის დიდი პროცესის დასაწყისი, და გამარჯვება მხოლოდ დიდი ძალისხმევის შედეგად მოვა."

2008 წლის აგვისტოში, საქართველოში რუსეთის შემოჭრის დროს, ოსმა სეპარატისტებმა და რუსმა სამხედროებმა, ოკუპირებულ ცხინვალში ქართველ ტყვეთა რამდენიმე ბანაკი მოაწყვეს, სადაც წამება და არაადამიანური მოპყრობა ჩვეულებრივი ამბავი იყო.

თამარ ონიანი ICC-ს პროკურორის გადაწყვეტილებაზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:02 0:00

ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორი, ბრიტანელი იურისტი ქარიმ ხანი ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამების ფაქტზე ითხოვს, 66 წლის გენერალ-ლეიტენანტ მიხეილ მინძაევის დაპატიმრებას, რომელსაც რუსეთის გმირის წოდება აქვს.

მინძაევი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, რუსეთის შინაგანი ჯარების თადარიგის გენერალი, რომელსაც პუტინმა აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა. 2005-2008 წლებში, მინძაევს ცხინვალის სეპარატისტული ანკლავის ე.წ „შსს მინისტრის“ პოსტი ეჭირა. 2010-12 წლებში, რუსეთის ფედერაციაში შემავალ - ნენთა ავტონომიურ ოლქში, პოლიციის უფროსი იყო. ამჟამად პენსიაზეა და მოსკოვში ცხოვრობს.

დავით სანაკოევი, რომელზეც მალე ჰააგის სასამართლოს ორდერით ძებნა დაიწყება და რუსეთის საგარეო მინისტრი ლავროვი
დავით სანაკოევი, რომელზეც მალე ჰააგის სასამართლოს ორდერით ძებნა დაიწყება და რუსეთის საგარეო მინისტრი ლავროვი

დაპატიმრების ორდერის გაცემას პროკურორი ხანი ასევე ითხოვს რუსეთის მოქალაქეებზე: ჰამლეტ გუჩმაზოვზე, რომელიც 2008 წლის ომის დროს, ცხინვალში უკანონოდ მოწყობილ საპყრობილეს კურირებდა; და, დავით სანაკოევზე, იგი ომის „დროს“ სეპარატისტების ე.წ „ომბუდსმენი“ და ერთ-ერთი შეიარაღებული ბანდფორმირების წევრი იყო. შემდეგ წლებში ე.წ „ცხინვალის საგარეო მინისტრის“ პოსტიც ეკავა.

"ყველა ეს ქმედება მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ და პირდაპირ კავშირშია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან" - ასე გამოეხმაურა ქართველი ტყვეების წამებაში ეჭვმიტანილი სანაკოევი, რომელიც ამჟამად ე.წ "ცხინვალის პარლამენტის" წევრია, ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას.

„ეს გადაწყვეტილება ასევე ადასტურებს, რომ 2008 წლის ომის დროს, ქართველმა სამხედროებმა სამხედრო მოქმედებები აწარმოეს საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით“
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი

„ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმით, რომ პროკურორის ოფისის მიმართვაში პირდაპირ არის მითითებული, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ” - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა.

მისი თქმით, „ეს გადაწყვეტილება ასევე ადასტურებს, რომ 2008 წლის ომის დროს, ქართველმა სამხედროებმა, სამხედრო მოქმედებები საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით აწარმოეს“.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის მიმართვიდან ჩანს, რომ მინძაევის, სანაკოევის და გუჩმაზოვის გარდა, მტკიცებულებები არსებობდა რუსეთის არმიის გენერალ-მაიორ ვიაჩესლავ ბორისოვის წინააღმდეგაც, რომელიც მაშინ ოკუპანტების საჰაერო სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილე იყო და ოკუპაციის პერიოდში, საკუთარ თავს „საქართველოს კომენდატს“ უწოდებდა.

რუსი ოკუპანტის, გენერალ ვიაჩესლავ ბორისოვის დაკავებაზე ორდერი ვეღარ გამოიწერება, იგი 2021 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. ოკუპირებული გორი, 2008 წლის აგვისტო
რუსი ოკუპანტის, გენერალ ვიაჩესლავ ბორისოვის დაკავებაზე ორდერი ვეღარ გამოიწერება, იგი 2021 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. ოკუპირებული გორი, 2008 წლის აგვისტო

ბორისოვმა პროკურორის ოფისის ინფორმაციით, გაზრახ მიიღო მონაწილეობა ეთნიკური ქართველების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში, სხვა ბრალდებები კონფიდენციალურია. ბორისოვის დაკავების განჩინების გამოცემა პროკურორის ოფისმა ვერ მოასწრო, სკანდალურად ცნობილი გენერალი, წარსულში ბათუმში რუსეთის ბაზის ყოფილი მეთაური და აჭარის ავტონომიის ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძის მეგობარი, 2021 წლის ნოემბერში გარდაიცვალა.

„საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის“, რომელიც ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, პროკურორ ხანის გადაწყვეტილებას მიესალმა, თუმცა კოალიციას მიაჩნია, რომ დაკავების ორდერი რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებზეც უნდა გამოიცეს.

ქართველების გადამწვარი სახლი სოფელ ტყვიავში, 2008 წელი
ქართველების გადამწვარი სახლი სოფელ ტყვიავში, 2008 წელი
თუ მხოლოდ სეპარატისტული რეჟიმის მაღალჩინოსნები იქნებიან პასუხისმგებელი ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე, ეს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნებს შორის დაუსჯელობის განცდას შეუწყობს ხელს"
„საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის“

„საქართველოში ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულებზე უპირველესი პასუხისმგებლობა რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს ეკისრებათ. თუ მხოლოდ სეპარატისტული რეჟიმის მაღალჩინოსნები იქნებიან პასუხისმგებელი ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე, ეს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნებს შორის დაუსჯელობის განცდას შეუწყობს ხელს. ამის ნათელი მაგალითია უკრაინაში მიმდინარე მოვლენები“- ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

რამდენად შორს წავა ჰააგის სასამართლო? რამდენად სწრაფად მოხდება გენერალ მინძაევის, სანაკოევისა და გუჩმაზოვის დაკავება, რომლებიც თავს რუსეთს და ოკუპირებულ ცხინვალს აფარებენ?

მით უფრო, რომ რუსეთს არასოდეს მოუხდენია რომის სტატუტის რატიფიცირება და ჰააგის სასამართლოც, ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2016 წელს დემონსტრაციულად დატოვა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კი ეჭვმიტანილების დაკავების გარეშე, პროცესს ვერ დაიწყებს.

რუსი ოკუპანტების სამხედრო კოლონა, საქართველოზე, 2008 წლის თავდასხმის დროს
რუსი ოკუპანტების სამხედრო კოლონა, საქართველოზე, 2008 წლის თავდასხმის დროს

„რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე გამოძიების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, რომ რუსეთი არ არის რომის სტატუტის ხელშემკვრელი მხარე. ამის გამო, შესაძლოა ეს პირები არ დააკავონ და პროცესის დაწყების ვადა დროში გაიწელოს“ - მიაჩნია საია-ს საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელს თამარ ონიანს.

ამასთან, ონიანის აზრით, „ეს აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ სამართალი არ აღსრულდება. რომის სტატუტის წევრები სხვა სახელმწიფოები არიან და მათ აქვთ პირდაპირი ვალდებულება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, ნებისმიერი პირის წინააღმდეგ, თუ ასეთი დადგა, აღასრულონ.

თუმცა, ამ ყველაფერს აუცილებლად ჭირდება აქტიურობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ჩვენს პარტნიორებთან მუშაობა, რუსეთისადმი ღია მოწოდება, რომ ეჭვმიტანილები გადმოგვცენ, რასაც სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვხედავთ“ - ამბობს თამარ ონიანი.

ექსპერტების აზრით, 2014 წელს, პუტინის მიერ ყირიმის, დონბასისა და ლუჰანსკის ოლქების ნაწილის ანექსია და განსაკუთრებით, 2022 წელს, სუვერენულ უკრაინაში შეჭრა და დამანგრეველი ომის დაჩაღება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ეს გადაწყვეტილებაც, უკვე აღარ ტოვებს, სპეკულაციების ადგილს, თუ ვინ დაიწყო ომი 2008 წელს, საქართველოში და შესაძლებელი იყო თუ არა ამ ომის თავიდან აცილება.

რუსი ოკუპანტები და ოსი სეპარატისტები, ოკუპირებულ ქართულ სოფელ თამარაშენს ანგრევენ, 2008 წლის აგვისტო
რუსი ოკუპანტები და ოსი სეპარატისტები, ოკუპირებულ ქართულ სოფელ თამარაშენს ანგრევენ, 2008 წლის აგვისტო

პუტინის ღია და დაუფარავი აგრესია, თავდაყირა აყენებს საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის საბოლოო დოკუმენტსაც, რომელიც შვეიცარიელი დიპლომატის ჰეიდი ტალიავინის ანგარიშის სახელით არის ცნობილი.

ზოგიერთი საერთაშორისო აქტორი, თავის დროზე სწორედ ტალიავინის ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში „ადამიანის უფლებების დარღვევა ორივე მხარემ, რუსეთმა და საქართველომ დაუშვა“.

უფრო შორს წავიდნენ "ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც დღემდე იმეორებენ, რომ „ომი საქართველომ დაიწყო“ და „წინა ხელისუფლებამ ომის თავიდან აცილება ვერ შეძლო“.

დავით სიხარულიძე ტალიავინის კომისიის დასკვნაზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:59 0:00
"ვფიქრობ, რომ ტალიავინის ანგარიშის გარკვეული ნაწილი დღეს არის აბსოლუტურად არაადექვატური. არ არსებობდა არანაირი ნაჯიბი, რაც 2008 წელს პუტინს აგრესიას გადააფიქრებინებდა“
დავით სიხარულიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში

„ბოლო პერიოდში, დასავლეთში უკვე მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული მოსაზრება, თუ რა მოხდა 2008 წელს“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა დავით სიხარულიძემ.

„ვფიქრობ, რომ ტალიავინის ანგარიშის გარკვეული ნაწილი დღეს არის აბსოლუტურად არაადექვატური, შესაძლოა საქართველო უკეთ უნდა გამკლავებოდა ამ უდიდეს გამოწვევას, ეს სხვა თემაა, მაგრამ არ არსებობდა არანაირი ნაბიჯი, რაც 2008 წელს პუტინს აგრესიას გადააფიქრებინებდა“ - მიაჩნია სიხარულიძეს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) თითქმის 14 წელი დასჭირდა, რომ რუსეთის მიერ დასმული „ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების“ სამი ყოფილი წევრის წინააღმდეგ, დაკავების ორდენების გამოცემა მოეთხოვა.

ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისმა 2008 წლის ომის დანაშაულების წინასწარი მოკვლევა 14 აგვისტოს დაიწყო და ამ პროცესს 7 წელზე მეტი მოანდომა. 2016 წლიდან კი წინასასამართლო პალატის გადაწყვეტილებით, დაიწყო გამოძიება უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე. რუსეთის მხარე ჰააგის გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.

ეს გამოძიება მოიცავს 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე, ჩადენილ ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა: მკვლელობა, მოსახლეობის იძულებით გადაადგილება და დევნა, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა, სამშვიდობოებზე განზრახ თავდასხმა, ქონების განადგურება და ძარცვა.

რუსი ოკუპანტების მიერ ცხინვალის რეგიონიდან გამოყრილი ეთნიკური ქართველები, 2008 წლის აგვისტო
რუსი ოკუპანტების მიერ ცხინვალის რეგიონიდან გამოყრილი ეთნიკური ქართველები, 2008 წლის აგვისტო

XS
SM
MD
LG