ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას ნიშნავს რუსეთის მიერ ჰააგის სასამართლოს დატოვება


ICC
ICC

16 ნოემბერს, მოსკოვმა განაცხადა, რომ ის ტოვებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. სასამართლო რომის სტატუტით 1998 წელს დაარსდა. რუსეთი რომის შეთანხმებას თავდაპირველად შეუერთდა, თუმცა მისი რატიფიკაცია მოსკოვს არ მოუხდენია. სწორედ ამიტომ, ექსპერტების აზრით, რუსეთის მიერ სასამართლოს დატოვებას დიდი გავლენა არ ექნება ინსტიტუტის მუშაობაზე.

სასამართლო საერთაშორისო დანაშაულების საქმეებს, მათ შორის გენოციდის, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს, და ომის დანაშაულებს განიხილავს. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, კრემლის უკმაყოფილების მიზეზი, ნაწილობრივ, სასამართლოს მიერ საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის საკითხის გარშემო გამოტანილი წინასწარი შეფასებაა, რომლის მიხედვითაც სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო და წინასწარი განხილვით დაადგინა, რომ 5 დღიანი ომის შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ქონოდა ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშულებს.

„გონივრული საფუძველი არსებობს საქართველოს სიტუაციასთან მიმართებით, კერძოდ კი - 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის ფარგლებში ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე გამოძიების წარმოებისთვის“, - აღნიშნულია სასამართლოს ერთი წლის წინანდელ განცხადებაში.

ამასთანავე, კრემლის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე, სასამართლოს მთავარმა პროკურორმა ანგარიში გამოსცა, რომლის მიხედვითაც ყირიმში და სევასტოპოლში შექმნილი მდგომარეობა რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციას ასახავს. რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს, მაიდანის რევოლუციის შემდეგ განახორციელა.

სასამართლოს დატოვება ნებისმიერ ხელმომწერ ქვეყანას შეუძლია და მასში გაწევრიანება ყველასათვის სავალდებულო არ არის.

„რომის სტატუსთვის მიერთდება სავალდებულო არაა და ეს ყველა მონაწილე სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა... სასამართლო პატივსცემს ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტს“, - განაცხადა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრესსპიკერმა, ფადი ელ აბდალამ „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.

Amnesty International-ის ხელმძღვანელის სერგეი ნიკიტინის აზრით, რუსეთის გადაწყვეტილებას სასამართლოს ფუნქციონირებაზე დიდი გავლენა არ ექნება.

„გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს არასდროს მოუხდენია რომის სტატუტის რატიფიკაცია, პრაქტიკული კუთხით დიდი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. თუმცა გადაწყვეტილება შემაშფოთებელია, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი უარს აცხადებს უნივერსალურ მართლმსაჯულების სისტემებთან თანამშრომლობაზე“, - აღნიშნა Amnesty International-ის რუსეთის ბიუროს დირექტორმა სერგეი ნიკიტიმა.

კრემლმა გადაწყვეტილებასთან ერთად განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სასამართლომ ვერ შეასრულა დაკისრებული ვალდებულებები და ვერ გახდა დამოუკიდებელი. მოსკოვმა სასამართლოს „მიკერძოებული“ და არაეფექტური უწოდა.

სასამართლოს მომავალი

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო აქამდეც მოექცა ყურადღების ცენტრში, მაშინ, როდესაც რამდენიმე აფრიკულმა სახელმწიფომ სასამართლოს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სამხრეთ აფრიკამ, ბურუნდიმ და გამბიამ გაეროს ცნობით მიმართეს, რომ ისინი სასამართლოს დატოვებას აპირებდნენ.

აფრიკული სახელმწიფოების თქმით, სასამართლო სელექციურია და უფრო მეტ ყურადღებას მათ უთმობს. მიუხედავად იმისა, რომ საქმეთა ნაწილი, რომელსაც სასამართლო განიხილავს აფრიკულ ქვეყნებს შეეხება, სასამართლო ასევე განიხილავს ავღანეთის, კოლუმბიის, კამბოჯის და სხვა ქვეყნებთან დაკავშირებულ საქმეებს.

„თუ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც თურმე წლებია ცდილობდნენ მასკარადის დადგმას და იმის დამტკიცებას, რომ მათ სისხლის სამართლის საკითხები ადარდებთ, სურთ წავიდნენ, ისინი ასეც უნდა მოიქცნენ“ - განაცხადა გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში ზაიდ რა’ად ალ-ჰუსეინმა.

მისი თქმით, ეს სახელმწიფოები სასამართლო დევნისგან საკუთარი ლიდერების დაცვას ცდილობენ. სასამართლომ სუდანის პრეზიდენტის, ომარ ალ-ბაშირის დაკავების ორდერი გამოსცა დარფურში ჩადენილი დანაშაულებების გამო. თუმცა სხვა შემთხვევაში, ჰააგამ კენიაში, 2007 და 2008 წლების არჩევნების შემდგომი ძალადობის გარშემო გახსნილ საქმეზე კენიის პრეზიდენტის უჰურუ კენიატას წინააღმდეგ გამოძიება შეწყვიტა.

Amnesty International-ის ასოცირებული დირექტორის ელიზაბეთ ევერსონის თქმით, მსგავსი კამპანიით სახელმწიფოები ცდილობენ სასამართლო იძულებული გახადონ დათმობებზე წავიდეს. თუმცა, მისი თქმით საჭიროა სიმტკიცის გამოჩენა.

„ახლა გვჭირდება, რომ წევრმა სახელმწიფოებმა სიმტკიცე გამოიჩინონ, მხარში დაუდგენ სასამართლოს და დაზარალებულებს“, - განაცადა ელიზაბეტ ევერსონმა.

XS
SM
MD
LG