ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის პრემიერი პოსტიდან მიდის, ქვეყანა ახალი არჩევნებისთვის ემზადება


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი, იერუსალიმი, 2022 წლის 20 ივნისი
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი, იერუსალიმი, 2022 წლის 20 ივნისი

ისრაელის ქნესეთმა ხუთშაბათს პარლამენტი დაითხოვა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის მმართველი კოალიცია დაიშალა. შედეგად, 1 ნოემბერს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რომელიც ისრაელში მეხუთე არჩევნები იქნება ბოლო ოთხ წელიწადში.

ბენეტი თანამდებობას შუაღამეს დატოვებს, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრის პოსტს კოალიციაში მისი პარტნიორი და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი დაიკავებს. ლაპიდი პრემიერის მოვალეობას არჩევნებამდე შეასრულებს.

ბენეტი, რომელიც ისრაელის არმიის სპეცდანიშნულების რაზმის წევრი იყო და ამასთან, კომპიუტერიული ტექნოლოგიებში წარმატებული ბიზნეს საქმიანობით, მილიონერია, ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ქნესეტის მიერ მთავრობის დათხოვნის შემდეგ, ბენეტმა თქვა, რომ მისი მთავრობა "აყვავებულ, ძლიერ და უსაფრთხო ქვეყანას" ტოვებს და ყველას აჩვენებს, რომ პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა მხარეს მყოფ პარტიებს ერთმანეთთან თანამშრომლობა შეუძლიათ.

არჩევნებში ლაპიდს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დაუპირისპირდება, რომელიც სულ რაღაც ერთი წლის წინ დაამარცხა ბენეტის მიერ შეკრულმა კოალიციამ. მაშინ მმართველ გუნდში პარტიების ნაკლებად სავარაუდო და უპრეცედენტო კოალიცია შეიკრიბა, რომელშიც მემარჯვენე და მემარცხენე პარტიები და ასევე ისრაელის არაბული უმცირესობის წარმომადგენელი პარტია გაერთიანდნენ. ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ასეთ კოალიციას არსებობა არ უწერია და რომ ის ხელისუფლებაში თავისი მემარჯვენე ლიკუდის პარტიით დაბრუნდება.

„ისინი დაგვპირდნენ ცვლილებებს, ლაპარაკობდნენ განკურნებაზე, ჩაატარეს ექსპერიმენტი და მათი ექსპერიმენტი ჩაიშალა“, თქვა ნეთანიაჰუმ პარლამენტში კენჭისყრის წინ სიტყვით გამოსვლისას. ”ეს არის ის, რაც ხდება მაშინ, როცა ცრუ მემარჯვენეს, რადიკალურ მემარცხენეებს და მუსლიმთა საძმოს ერთ სიაში გააერთიანებ”.

ბენეტის კოალიციის წარმატებას ბევრი არ ვარაუდობდა, თუმცა მან იმაზე მეტხანს გასტანა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამასთან, მისი ხელისუფლებაში ყოფნის ერთი წლის მანძილზე ისრაელს ძლიერი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, შემცირდა ბიუჯეტის დეფიციტი და ღაზას სექტორიდან ჰამასის მხრიდან სარაკეტო თავდასხმები არ მომხდარა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ლიკუდი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური პარტიაა, თუმცა ამ ეტაპზე ერთი ლიდერი არ იკვეთება.

ისრაელში შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტი აგვისტოშია დაგეგმილი. აქამდე თეთრი სახლი მჭიდრო ურთიერთობებს ინარჩუნებდა ბენეტის მთავრობასთან, რაც სავარაუდოდ, არც ლაპიდის მიერ პრემიერის თანამდებობის დაკავების შემდეგ შეიცვლება.

XS
SM
MD
LG