გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში ნიუ-იორკში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პირისპირ შეხვედრებს მართავს. ერთ-ერთი პირველი შეხვედრა მან გაეროს გენერალურ მდივანთან გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ღარიბაშვილმა გუტერეშს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აფასებს გაეროს ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.
„ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია, რაც საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასა და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად", - ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრემიერსა და გენერალურ მდივანს შორის შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და მის გავლენას მსოფლიოზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომმა საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა და წესებზე დაფუძნებული წესრიგი მთლიანად შეარყია.
გარდა ამისა, შეხვედრაზე ილაპარაკეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ.
ანტონიო გუტერეშთან შეხვედრას ღარიბაშვილი „ტვიტერზე" გამოეხმაურა.
„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან. მოსაზრებები გავცვალეთ საერთო დღის წესრიგთან დაკავშირებით, რაც მოიცავს გლობალურ მშვიდობას, ბრძოლას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ, მდგრადი განვითარების მიზნებსა და ურთიერთობების გაძლიერებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და საქართველოს შორის. ვაფასებთ გაეროს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, - წერს პრემიერ-მინისტრი.
გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან.
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავარი განსახილველი საკითხები იყო საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.
პრეზიდენტ ერდოანთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ტვიტერზე დაწერა, რომ საქართველო და თურქეთი დიდი ხნის პარტნიორები და მეგობრები არიან და მტკიცედ იკისრეს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების ვალდებულება.
თურქული სააგენტოს, „ანადოლუს“, ინფორმაციით, პრეზიდენტმა ერდოანმა პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში მდებარე „თურქულ სახლში“ მიიღო და მათი შეხვედრა პრესისთვის დახურულ რეჟიმში გაიმართა.