ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სააპელაციო სასამართლომ გვარამია პატიმრობაში დატოვა - აშშ-ის საელჩოს გამოხმაურება


ნიკა გვარამია სასამართლო პროცესზე. 24 ოქტომბერი, 2022.
ნიკა გვარამია სასამართლო პროცესზე. 24 ოქტომბერი, 2022.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ნიკა გვარამია საპატიმროში დატოვა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას სასჯელის ზომად, საბოლოოდ განისაზღვრა 3 წელი და 6 თვე, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ მას ბრალი დაუმძიმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, "ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე (მითვისება ან გაფლანგვა) მუხლის "ა", "ბ" და ამავე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, დაკვალიფიცირდა სს კოდექსის 220-ე (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლით და ნიკა გვარამია ცნობილ იქნა დამნაშავედ სს კოდექსის 220-ე მუხლით - ორ ეპიზოდში გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად, 2015 წლის ეპიზოდში დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და ექვსი თვის ვადით."

3 წელი და ექვსი თვე განუსაზღვრა სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ნიკა გვარამიას 2019 წლის, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდშიც. კოლეგიის გადაწყვეტილებაში.საბოლოოდ კი, დანაშაულთა ერთობლიობის პრინციპით სასჯელის საერთო ზომად სწორედ 3 წელი და 6 თვე განისაზღვრა.

სასამართლოს პირველ ინსტანციას ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით ჰქონდა გამოტანილი. ეს ეხებოდა 2015 წლის ეპიზოდს, სადაც ბრალდების მტკიცებით, ზიანმა 6 763 509 ლარი შეადგინა და საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას სასჯელის სახედ 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმა განუსაზღვრა.

ხოლო 2019 წლის ეპიზოდზე, ავტომობილის საქმეზე, სადაც ბრალდების მტკიცებით, ზიანმა 66 271 ლარი შეადგინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვის ვადით ჰქონდა მისჯილი პატიმრობა.

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას მანქანის ნაწილში სასჯელად კვლავ დაუტოვა პატიმრობა 3 წლითა და 6 თვით, თუმცა, 2015 წლის ეპიზოდში, ნაცვლად ჯარიმისა, მას ასევე მიუსაჯა პატიმრობა 3 წლითა და 6 თვის ვადით,

სასამართლო კოლეგიის განცხადებით, სასჯელის მოხდის ვადა ნიკა გვარამიას დაეწყო 2022 წლის 16 მაისიდან.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ გამოაცხადა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გამოტანილ განაჩენზე - ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 2022 წლის 16 მაისს 3 წლით და 6 თვით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა.

ნიკა გვარამია დამნაშავედ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს.

ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.

24 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში გამართულ ბოლო სხდომაზე, ნიკა გვარამიამ საბოლოო სიტყვით ისარგებლა და გამოთქვა იმედი, რომ ის საპატიმროს დატოვებდა.

სახალხო დამცველის შეფასება

ნიკა გვარამიას მიმართ გამოიტანილ განაჩენს გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ომბიდსმენის აპარატი, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ დასაბუთებული განაჩენის მიღებისთანავე, საქმის დეტალურ შეფასებას საზოგადოებას დამატებით წარუდგენს .

"სამწუხაროდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და არ გაითვალისწინა სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამიჯვნის ფუნდამენტური პრინციპები. სააპელაციო სასამართლომ კი ხსენებული სამართლებრივი საკითხების სწორად შეფასების ნაცვლად, კიდევ უფრო მძიმე გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა გვარამიას მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოიყენა იმ ქმედების გამო, რომელიც თავისი შინაარსით სამოქალაქო სამართლებრივია და რომლის სისხლისსამართლებრივად მიჩნევის მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება", - ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკის საელჩოს განცხადება


"იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედია პლურალიზმის მიმართ განსაკუთრებული დაკვირვების საგანია, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა", - ასე ეხმაურება საქართველოში ამერიკის საელჩო, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეზე

"არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა თავიდანვე წამოჭრა სერიოზული კითხვები ამ საქმის შესახებ, მათ შორის დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით, აგრეთვე, მსჯავრდებისა და სასჯელის შესახებ. შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების აღქმაც კი ასუსტებს საზოგადოების ნდობას სამართალდამცავების, პროკურატურის, სასამართლოებისა და თავად ხელისუფლების მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს მედიის თავისუფლებისა და სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას, "რაც აუცილებელია სტაბილური და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად და რაც ქართველი ხალხის მკაფიო სურვილია."

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG