რუსეთი აცხადებს, რომ ის ბრიტანეთის მიმართ "საპასუხო ნაბიჯების" შესახებ მსჯელობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შაბათს განაცხადა, რომ "ჩრდილოეთის ნაკადის" მილსადენებზე სექტემბერში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ბრიტანეთის საზღვაო ძალებს ეკისრება. ლონდონმა ამ განცხადებებს სიცრუე და უკრაინაში რუსეთის წარუმატებლობისგან ყურადღების გადატანის მცდელობა უწოდა.
"არსებობს მტკიცებულებები, რომ ბრიტანეთი ჩართულია საბოტაჟში, ტერორისტულ აქტში კრიტიკული ენერგო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ", - განაცხადა დმიტრი პესკოვმა. "ამგვარი ქმედებები უგულებელყოფილი ვერ იქნება. რა თქმა უნდა ჩვენ ვფიქრობთ შემდგომ ნანიჯებზე. და ეს ასე ნამდვილად ვერ დარჩება", - ამბობს კრემლის პრეს-სპიკერი.
თუმცა კრემლს ბრიტანეთის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. მოსკოვი ასევე ამბობს, რომ ჯერჯერობით არ მიღებულა გადაწყვეტილება იმის თაობაზე, შეკეთდეს თუ არა რუსეთის კონტროლის ქვეშ არსებული მილსადენები.
პესკოვის თქმით, კრემლი ექსპერტების შეფასებებს ელოდება მილსადენების დაზიანების თაობაზე და გადაწყვეტილებები მისი მომავლის შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღებული.
გასულ კვირას შვედეთმა დამატებითი გამოძიების გადაწყვეტილება მიიღო. აქამდ, შვედეთისა და დანიის შესაბამისმა უწყებებმა დაადგინეს, რომ გაზის გაჟონვა აფეთქებებით იყო გამოწვეული, თუმცა კონკრეტული მხარის ბრალეულობა არ გამოუკვეთავთ.