ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიყურადება-თვალთვალი, ჩანაწერების გამოქვეყნება და დეზინფორმაცია - ინტერნეტ თავისუფლების გამოწვევები საქართველოში


USA, Washington, Freedom of the net 2022 Freedom house report (Foto: www.freedomhouse.org)
USA, Washington, Freedom of the net 2022 Freedom house report (Foto: www.freedomhouse.org)

საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ ახალი ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლებას იკვლევს. ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ინტერნეტის თავისუფლება უკვე მე-12 წლის განმავლობაში, თანმიმდევრულად იკლებდა. საქართველო, რომელიც დემოკრატიის ინდექსით „ფრიდომ ჰაუსის“ “ნახევრად თავისუფალი” ქვეყნების სიაშია, ამ ანგარიშში „თავისუფალ“ ქვეყნადაა შეფასებული და გასულ წელთან შედარებით, 1 ქულითაცაა დაწინაურებული. კვლევის მთავარ მიგნებებზე და საქართველოს მიღწევებსა და გამოწვევებზე ორგანიზაციის ევროპისა და ევრაზიის მკვლევარს, გრანტ ბეიკერს ვესაუბრეთ.

- ინტერნეტის თავისუფლება თქვენი შეფასებების თანახმად, ბოლო 12 წლის განმავლობაში გამუდმებით უარესდება. რა ძირითადი ტენდენციები გამოიკვეთა წლევანდელი კვლევისას? რა მეთოდებს იყენებენ ავტორიტარი ლიდერები ციფრული სივრცის შესაზღუდად?

- სულ ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშში ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლება წელს, უკვე მე-12 წელია, თანმიმდევრულად იკლებს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რაც დავინახეთ, ეს ინტერნეტის ფრაგმენტაციის ზრდაა. მთავრობები ცდილობენ შექმნან ერთგვარი „კედლები“ იმისთვის, რომ თავიანთი ქვეყნები გლობალურ ინტერნეტს ჩამოაშორონ.

გრანტ ბეიკერი
გრანტ ბეიკერი

ინტერნეტი, ცხადია, დეცენტრალიზებულ ინფრასტრუქტურას ეფუძნება, რაც მთელ მსოფლიოში მოქალაქეებს ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს. Ნათელია, რომ ყოველთვის არსებობდა გარკვეული ეროვნული კონტროლი, მაგრამ ახლა ნამდვილად ვხედავთ მთავრობების ძალისხმევის ზრდას იმისთვის, რომ შინაარსზე, მასალებზე წვდომა შეზღუდონ, მოაგროვონ მომხმარებელთა ინფორმაცია და ზოგ შემთხვევაში სრულად ჩამოაშორონ თავიანთი მოსახლეობა დანარჩენ მსოფლიოს. ეს მომხმარებლებს სანდო ინფორმაციაზე წვდომის გარეშე ტოვებს და უფრო რთულს ხდის ორგანიზებასაც. წლევანდელი ჩვენი შეფასებით, ეს შეშფოთების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგანია.

მიყურადება-თვალთვალი, ჩანაწერების გამოქვეყნება, დეზინფორმაცია და შევიწროება - ეს ნამდვილად არის პრობლემური საკითხები.

მათი მეთოდები მრავალფეროვანია. მათ შორისაა ინტერნეტის დაბლოკვაც. რაც ყველაზე მეტ ყურადღებას იპყრობს. გასულ წელს ეს უკვე ნაკლებად ხდებოდა. მაგრამ რა თქმა უნდა მსოფლიოში ეს კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემაა. მაგალითად, ამის მოწმენი გავხდით ყაზახეთში, 2022 წლის იანვარში მიმდინარე პროტესტისას (/საპროტესტო აქციების დროს). უფრო და უფრო მეტად ვხედავთ ავტორიტარული თუ სხვა მთავრობების მიერ სოციალურ მედია პლატფორმებზე წვდომის შეზღუდვას, უცხოური მასალების მქონე ვებ-გვერდების დაბლოკვას იმისთვის, რომ შეზღუდონ ის, თუ რისი ნახვა შეუძლია ხალხს.

- ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი გაუარესება წელს რუსეთში მოხდა. უკრაინაში შეჭრის შემდეგ ერთი სიტყვის, „ომის“ ხსენებაც კი ისჯება. რა გზები და თავისუფლება რჩებათ მოქალაქეებს რუსულ ონლაინ სივრცეში?

- რუსეთი ცხადია, ძალიან რთული შემთხვევაა. ფართოდაა გავრცელებული სოციალური მედია პლატფორმების და უცხოური საინფორმაციო ვებგვერდების, მათ შორის უკრაინული საინფორმაციო ვებგვერდების დაბლოკვა. არის მასობრივი ძალისხმევა მომხმარებელთა მონაცემების შესაგროვებლად. რუსეთში „სუვერენული ინტერნეტის“ შესახებ კანონის გამოცემის შემდეგ, მთავრობა ცდილობს შექმნას საკუთარი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ მას მიეცეს საშუალება გამოეყოს გლობალურ ინტერნეტს.

საფრთხე ძალიან ბევრია. ვფიქრობ ვხედავთ, რომ მომხმარებლები კვლავ იყენებენ VPN-ს და შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის სხვა გზებსა თუ მეთოდებს. მაგრამ მთავრობა მათაც იღებს მიზანში. ცხადია, საკომუნიკაციო აპლიკაციები დიდწილად არაა დაბლოკილი და ეს ჯერაც აძლევს მომხმარებლებს საშუალებას, რომ კერძო კომუნიკაცია ჰქონდეთ იმის შესახებ, რასაც შეიძლება ონლაინ ვერ ხედავდნენ. თუმცა ინფორმაციის გაზიარება ძნელდება. გზები არსებობს, მაგრამ გარემო კვლავ რეპრესიულია.

- რამდენადაა გავრცელებული მსგავსი ტენდენციები ევრაზიის სხვა ქვეყნებში? რა არის კვლავ გამოწვევა ინტერნეტის თავისუფლებისთვის?

- ევრაზიის ქვეყნებიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ძალიან საინტერესოა ცენტრალური აზიის ქვეყნების შემთხვევები. მაგალითად, ყაზახეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი. ამ ქვეყნებში შემუშავებულია კანონმდებლობა, რომელიც ჰგავს რუსულსს და რომლის მიზანიც სოცმედია პლატფორმების შევიწროებაა იმისთვის, რომ წაიშალოს არასასურველი მასალები. სანამ რუსეთი „ფეისბუქსა“ და „ტვიტერს“ დაბლოკავდა, გამოსცემდა არაერთ კანონს იმისთვის, რომ მათ ის აკრძალული მასალები ჩაეხსნათ, რომელიც ხშირად შეიცავდა პროტესტებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

ყველაზე დიდი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის განსხვავება დემოკრატიის ხარისხსა და ინტერნეტის თავისუფლებას შორის საქართველოში, ისაა, რომ სხვადასხვა ფაქტორებს ვაკვირდებით., ინტერნეტზე წვდომას აქ საფრთხე არ ემუქრება.

ასევე ჩვენ ვნახეთ, რომ მონაცემთა ლოკალიზაციის შესახებ კანონით იგივეს გაკეთებას ცდილობდა უზბეკეთიც. ეს კანონი მოითხოვს მომხმარებელთა მონაცემების ქვეყნის ფარგლებშივე შენახვას. მათ მართლაც დაბლოკეს არაერთი სოცმედიის პლატფორმა თითქმის მთელი წლით, თუმცა ბევრ მათგანზე წვდომა განახლდა. ახლა ყაზახეთმა გამოსცა ახალი კანონი კიბერბულინგის შესახებ, რაც მთავრობას აძლევს ფართო უფლებამოსილებას განსაზღვროს, რა შინაარსის მასალები უნდა ჩაიხსნას სოციალური მედიის პლატფორმებიდან.

ყირგიზეთმა გამოსცა კანონი, რომელიც ოფიციალურად „ყალბი ინფორმაციისგან“ დაცვას ისახავს მიზნად, რომელიც ყაზახეთის მსგავსად მთავრობას აძლევს შესაძლებლობას, მოსთხოვოს პლატფორმებსა და ვებგვერდებს, წაშალონ ის ინფორმაცია, რომელიც მიჩნეულია „ყალბად“. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი საინტერესო ტენდენციაა, რომელსაც წელს ვხედავთ.

- მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების ყოველწლიური შეფასებით, „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში, საქართველო „ნახევრად თავისუფალ“/ჰიბრიდულ რეჟიმად მიიჩნევა. თუმცა ინტერნეტის თავისუფლების მხრივ ის „თავისუფალ“ ქვეყნადაა შეფასებული. სანამ უშუალოდ საქართველოს გამოწვევებზე ისაუბრებთ, აგვიხსენით, რა კონკრეტულ მახასიათებლებს აკვირდებით ამ ანგარიშის მომზადებისას, რაც ზოგჯერ იწვევს განსხვავებასაც ზოგადი თავისუფლებისა და ინტერნეტის თავისუფლების შეფასებაში. რა ფაქტორები ახდენს ამაზე გავლენას?

- დიახ, ვფიქრობ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ინტერნეტის თავისუფლება მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია უფრო ფართო დემოკრატიისა და თავისუფლების. ჩვენ ვაფასებთ მახასიათებლების მხოლოდ ერთ ნაწილს. და საქართველოს შემთხვევაშიც, ისევე როგორც ბევრ იმ ქვეყანაში, სადაც ზოგადი შეფასება განსხვავდება ინტერნეტის თავისუფლების კუთხით შეფასებისგან, ეს არის ინტერნეტზე წვდომასთან დაკავშირებული.

საქართველოში ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია. მთავრობა არ ბლოკავს ინტერნეტს. მთავრობის მხრიდან არაა ფართოდ გავრცელებული ვებგვერდების დაბლოკვა, განსაკუთრებით კი იმ ვებგვერდებისა, სადაც ისეთი მასალებია განთავსებული, რაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტითაა დაცული. ეს უბრალოდ არ ხდება. ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი, რომ საქართველო თავისუფალ ქვეყნადაა შეფასებული. ცხადია, კვლავ არის პრობლემები საქართველოში. ის რომ თავისუფლადაა შეფასებული არ ნიშნავს, რომ იდეალურია.

მიყურადება-თვალთვალი, ჩანაწერების გამოქვეყნება, დეზინფორმაცია და შევიწროება - ეს ნამდვილად არის პრობლემური საკითხები. მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე დიდი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ეს განსხვავება, ისაა, რომ სხვადასხვა ფაქტორებს ვაკვირდებით. დიახ, ინტერნეტზე წვდომას აქ საფრთხე არ ემუქრება, რასაც სხვა ქვეყნებში ვხედავთ.

- ანგარიში რამდენიმე კატეგორიას იკვლევს - მათ შორისაა წვდომის შეზღუდვები, შინაარსზე დაწესებული ლიმიტი, და მომხმარებელთა უფლებების დარღვევა. ბოლო არის კატეგორია, სადაც საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა აქვს. რა არის ყველაზე შემაშფოთებელი თქვენთვის საქართველოში და რის გამოსწორებას ისურვებდით?

- ვფიქრობ, კვლავ მიყურადება-თვალთვალის შესახებ ვისაუბრებდი. გასული წლის ანგარიშში საუბარი იყო იმაზე, რომ მთავრობა ჩართული იყო რელიგიური პირების, პოლიტიკური ფიგურების და სხვების ფართომასშტაბიან სატელეფონო მოსმენა/ჩაწერაში. ეს სია გრძელია. ამის შესახებ ცნობების გავრცელება წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

ეს იყო ერთგვარი შემაჯამებელი, დასკვნითი მტკიცებულება. ჩვენი საანგარიშო პერიოდი მაისში მთავრდება, მაგრამ ვფიქრობ ახალი ჩასწორებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომლებსაც ვეტო დაედო და შემდეგ პარლამენტში დაბრუნდა, ახლა როგორც ჩანს, გააფართოებს იმ შემთხვევებს, როდესაც მთავრობას მოსმენა/თვალთვალი/ჩაწერა შეუძლია. ვფიქრობ ეს შემაშფოთებელია.

მიყურადების მიღმაც, აუცილებლად ნახავთ სხვა პრობლემებსაც, როგორებიცაა დეზინფორმაცია, ამა თუ იმ აქტორის მიერ „ტროლების“ ქსელებისა და სოციალური მედია კამპანიების გამოყენება. ჩვენ ამას კოორდინირებულ და არანამდვილ ქცევას ვეძახით იმისთვის, რომ გააძლიერონ ესა თუ ის ხმა. პრობლემურია ონლაინ შევიწროებაც, რომელიც გავლენას ახდენს ჟურნალისტებზე რეალურ სამყაროში. ჩვენ ვნახეთ, რომ ჟურნალისტები, რომლებიც გასულ ივნისში „პრაიდის“ მარშს, ან არჩევნებს აშუქებდნენ, ძალადობის პირისპირ აღმოჩნდნენ.

- დეზინფორმაცია და ტროლები რამდენიმე წელია თქვენს ანგარიშებში ხვდება. საინტერესოა, რომ ამ მეთოდს წარმატებით იყენებს რუსეთი და როგორც ირკვევა, ადგილობრივი პოლიტიკური აქტორებიც, მათ შორის - ხელისუფლებასთან აფილირებული ჯგუფები. რა ტიპის საფრთხეა ეს საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების თვალსაზრისით და რა შეიძლება გაკეთდეს?

- დეზინფორმაცია სერიოზული გამოწვევაა საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც, არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ქვეყანამ იპოვა იდეალური მიდგომა. Ჩემი აზრით, სოციალური მედიის პლატფორმებმა უნდა ითამაშონ შესაბამისი როლი იმის უზრუნველყოფაში, რომ ჰყავდეთ ადგილობრივ ენებზე მოსაუბრე მეტი თანამშრომელი, რათა შესაბამისად ამოიცნონ დეზინფორმაციის ქსელები. მნიშვნელოვანია ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების როლიც იმაში, რომ ყალბი ცნობები გამოავლინონ და ამის შესახებ ცნობიერებაც გაზარდონ.

დეზინფორმაცია ერთ-ერთი კომპლექსური პრობლემაა, საქართველო კი დეზინფორმაციის სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი გამავრცელებლის მეზობელია.

XS
SM
MD
LG