უკრაინაში რუსეთის ომისა და "ჩრდილოეთ ნაკად 1"-ზე მომხდარი აფეთქების ფონზე, ნორვეგია სამხედრო მზადყოფნას ამკაცრებს. ამის შესახებ განცხადება ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ გააკეთა.
მისი თქმით, ნორვეგიის შეიარაღებული ძალები გაძლიერებული სამხედრო მზადყოფნის რეჟიმშია გადასული.
„ეს არის ვითარების ყველაზე სერიოზული გართულება ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში”, - ამბობს სტიორე და ამატებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს რუსეთის მხრიდან საფრთხის კონკრეტული მტკიცებულება, მზარდი დაძაბულობა ქვეყანას უფრო დაუცველს ხდის სხვადასხვა სახის საფრთხეების, სადაზვერვო ოპერაციების და გავლენების წინაშე.
აღსანიშავია, რომ ნატოს წევრ ნორვეგიას, რუსეთთან 200 კილომეტრიანი საზღვარი აქვს არქტიკაში, მათ შორის ზღვისპირა საზღვარი
ცნობილი ხდება, რომ ნორვეგია შეეცდება დააჩქაროს ამერიკული წარმოების "პი 8 პოსეიდონ"-ის გამოყენება რეგულარულ ოპერაციებში. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი გენერალი ერიკ კრისტოფერსენი ავრცელებს.
ფორმალურად, მზადყოფნის ახალი დონე ძალაში 1 ნოემბრიდან შევა. ნორვეგიას ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გაძლიერებული აქვს დაცვა ქვეყნის ნავთობ პლატფორმების დასაცავად. რას მოიცავს ახალი საფეხური უცნობია, რადგან დოკუმენტი საიდუმლოა.
ნატოს წევრი ნორვეგია უკრაინას ეხმარება, პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე ამბობს, რომ ნორვეგია უკრაინელ სამხედროებს სხვადასხვა დასავლური ტექნოლოგიის გამოყენებას ასწავლის.
რუსეთის ენერგომატარებლების აკრძალვის შემდეგ ნორვეგია ევროკავშირისთვის გაზის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა.
Facebook Forum