ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

1 ნოემბერს ისრაელში არჩევნები იმართება


ისრაელში ამომრჩევლები ხვალ კიდევ ერთხელ წავლენ არჩევნებზე, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, მეხუთედ. გამოკითხვები აჩვენებს, რომ კანდიდატებს შორის სხვაობა იმდენად მცირეა, რომ შედეგების პროგნოზირება რთულია.

ყოფილი პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც 12 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას, ამომრჩევლებს კიდევ ერთ შანსს სთხოვს. ხოლო ქვეყნის პრემიერი, იაირ ლაპიდი ცდილობს პოზიციონირებას, როგორც ქვეყნის ერთიანობის ხმა.

არც ნეთანიაჰუს „ლიკუდს“ და არც ლაპდის „იეშ ატიდს“ არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა, რათა პარლამენტში ახალი მთავრობა ჩამოაყალიბონ. ორივე მათგანს ქნესეთში, 61 მანდატის სჭირდება ამისთვის. მათ შედარებით მცირე პოლიტიკურ პარტიებთან მოუწევთ თანამშრომლობა, მმართველი კოალიციის შესაქმნელად.

საარჩევნო ბარიერი 3.25 პროცენტია. პარლამენტში შესვლა შესაძლოა 10 პარტიამ მოახერხოს. ლაპიდის შესაძლო მოკავშირე „ლეიბორისტული“ და „მერეცის“ პარტიები არიან, თუ ისინი ზღვარს გადალახავენ, წინააღმდეგ შემთხვვაში, ქვეყნის პრემიერი ვერ მოახერხებს მხარდაჭერის მოპოვებას. ნეთანიაჰუს მხარეზე კი ნაციონალისტური პარტია „ებრაული სახლია“. კვლევებით ამ უკანასკნელს შანსები მცირე აქვს, მაგრამ თუ პარლამენტში შევა, ნეთანიაჰუ არჩევნებში გაიმარჯვებს.

კიდევ ერთი მოთამაშე, ულტრამემარჯვენე პარტია „რელიგიური სიონიზმია“, რომელიც ნეთანიაჰუს მოკავშირეა. მეორეს მხრივ, თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის პარტია, რომელიც მემარჯვენე-ცენტრისტულია, შეიძლება გახდეს გადამწყვეტი ლაპიდის გამარჯვებაში. განცს შეუძლია ნეთანიაჰუს ამომრჩევლის ნაწილი საკუთარ მხარეზე გადაიბიროს. თავდაცვის მინისტრი, კოალიციის მოლაპარაკებებში, შესაძლოა ძლიერ მოთამაშედ იქცეს.

ისრაელში, არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მმართველ კოალიციაში, რომელიც რვა პარტიისგან შედგებოდა, უთანხმოებებმა ერთიანობა შეარყია და ივნისში, მაშინდელმა პრემიერმა, ნაფტალი ბენეტმა მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტის დაშლის და ახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე.

XS
SM
MD
LG