ორშაბათს, 31 ოქტომბერს, რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის დედაქალაქზე, სარაკეტო იერიში განახორციელა. უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთის თავდასხმის სამიზნეებს შორის, ინფრასტრუქტურული ობექტები იყო.
უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, რუსეთმა თავდასხმა რამდენიმე ტალღად, „50-ზე მეტი“ ფრთოსანი რაკეტით განახორციელა.
დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, თავდასხმის შედეგად, კიევის ნაწილს ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეუწყდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსეთის თავდასხმები შეუძლებელია გამართლდეს, მისთვის „საპასუხო“ დარტყმების წოდებით. ამ განცხადებით, კულებამ რუსეთის მტკიცებაზე მიანიშნა, რომლის მიხედვით, უკრაინამ, ანექსირებული ყირიმის მახლობლად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმა განახორციელა.
„ბრძოლის ველზე ბრძოლის ნაცვლად, რუსეთი მშვიდობიან მოქალაქეებს ებრძვის. რუსეთი ამას აკეთებს იმიტომ, რომ მას ჯერ კიდევ აქვს რაკეტები და სურვილი, მოკლას უკრაინელები“ - წერს „ტვიტერზე“ კულება.
უკრაინას ამ დრომდე არც დაუდასტურებია და არც უარყვია, რუსეთის მტკიცება იმის შესახებ, რომ უკრაინამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე, თავდაახმა განახორციელა. რუსეთმა, შაბათს, სწორედ ამ ბრალდების საბაბით, განაცხადა, რომ აჩერებს მონაწილეობას გაეროს ეგიდით მიღწეულ შეთანხმებაში, რომლის მიხედვით, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი ხორციელდებოდა.
შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის შესახებ გადაწყვეტილებას, შაბათს, უკრაინის პრეზიდენტმა „პროგონოზირებადი“ უწოდა და გამოთქვა ბრალდება, რომ მოსკოვი, სექტემბრიდან, მარცვლეულის გადამზიდ გემებს „ბლოკავს“.
„აღმაშფოთებელი“ - ასე შეაფასა კვირას, ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის გადაწყვეტილება, შეაჩეროს მონაწილეობა მარცვლეულის ექსპორტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებაში. ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ეს მსოფლიოში შიმშილს გაზრდის.
რუსეთის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთი თავისსავე წამოწყებულ ომში, საკვებს კვლავ იარაღად იყენებს. ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები „დაჟინებით მოუწოდებს რუსეთს, განაახლოს მონაწილეობა ინიციატივაში, სრულად შეასრულოს შეთანხმება და იმუშაოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანებმა, მთელს მსოფლიოში, შეძლონ ინიციატივის მიერ ხელშეწყობილი სარგებლის მიღება.“