ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევს წყლის და ელექტრომომარაგება აღუდგა, აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლა გრძელდება


კიევის მერი აცხადებს, რომ რუსული თავდასხმების შემდეგ, დედაქალაქს წყლითა და ელექტროენერგით მომარაგება აღუდგა. კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში, წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება, ასევე მობილური სატელეფონო კავშირი მას შემდეგ შეფერხდა, რაც რუსულმა ძალებმა, ქვეყნის ენერგოდაწესებულებებზე, მათ შორის ჰიდროელექტრო სადგურებზე, საავიაციო იერიში განახორციელა.

„კიეველების სახლებში, წყალმომარაგება სრულად აღდგა. მადლობა Kyivvodokanal-ისა და DTEK-ის ექსპერტებს, რომლებმაც წყლისა და ელექტროენერგიის მომარაგების აღდგენისთვის, თითქმის ერთი დღე იმუშავეს“ - წერს „ტელეგრამში“ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო.

კლიჩკოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა, შემდგომი გათიშვა გარდაუვალია, რადგან რუსული თავდასხმების შედეგად, ელექტროსისტემას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

მიკოლაივში, რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ვიტალი კიმმა 1 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთმა ღამით ოთხი S-300 ტიპის რაკეტა გაისროლა. მისი თქმით, რუსულ თავდასხმას, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვეროლა, ამასთან, თითქმის სრულად ჩამოინგრა საცხოვრებელი კორპუსი.

ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთის სარაკეტო, საარტილერიო და დრონებით განხორციელებული თავდასხმის სამიზნე, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და სხვა სამოქალაქო ობიექტებია. ეს ყველაფერი კი უკრაინული კონტრშეტევის ფონზე ხდება, რომლის შედეგად, უკრაინულმა ძალებმა, რუსული ჯარები ჩრდილო-აღმოსავლეთიდან განდევნა და აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთის პოზიციებზე უკან დააბრუნა.

ღამით გავრცელებულ მიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვა კარგად მუშაობს და რუსული რაკეტების უმეტესობის ჩამოგდება შეძლო. თუმცა, ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, კვლავ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.

„ჩვენმა საჰაერო ძალებმა და ყველამ, ვინც ჩართულია ჩვენი ცის დაცვაში, დღეს ძალიან კარგად იმუშავა. მოხერხდა ობიექტების უმეტესობის გადარჩენა, რომლებიც ტერორისტების სამიზნე იყო. მხოლოდ დღეს, ტერორისტებმა მასიური თავდასხმისთვის, 55 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს. 45 მათგანი ჩამოვაგდეთ. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას“ - განაცხადა 31 ოქტომბერს გავრცელებულ მიმართვაში, ვოლოდომირ ზელენსკიმ, რომელიც ტერორისტებად, რუსულ ძალებს მოიხსენიებს.

მისივე თქმით, რეგიონებში, რუსული ძალების მიერ მიყენებული ზიანის აღდგენითი სამუშაობი მიმდინარეობს.

ბრძოლა აღმოსავლეთ უკრაინაში

1 ნოემბერს, უკრაინის გენშტაბმა განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა, დარტყმები, დონეცკის რეგიონის 50 დასახლებაზე განახორციელა.

რუსეთის ასევე აგრძელებს, ოკუპირებული ხერსონის რეგიონიდან, უკრაინის მოქალაქეების იძულებით ევაკუაციას.

უკრაინის სამხედრო მაღალჩისნოსნები აცხადებენ, რომ რუსი ჯარისკაცები, ევაკურებულ ტერიტორიებს ნაღმავენ.

ამ ფონზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ სამხედრო მობილიზებასთან დაკავშირებული ყველა მოქმედება შეჩერებულია. გავრცელებულ განცხადებაში უწყება ამბობს, - „სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული ყველა მოქმედება“ შეჩერდა.

განცხადების მიხედვით, ამის შემდეგ, სამხედრო დანაყოფები, მხოლოდ მოხალისეებისა და კონტრაქტორების მიღებას განაგრძობს.

თუმცა, ეს განცხადება არ ნიშნავს, რომ სექტემბერში, ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული ე.წ. ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია ოფიციალურად დასრულდა. ამისთვის, ისევ პუტინის ოფიციალური განაკარგულებაა საჭირო.

სამხედრო მობილიზაცია, რომელსაც კრემლი ნაწილობრივს უწოდებს, ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა. მას შემდეგ, ასობით ათასმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რუსეთი დატოვა. ნაწილმა თავი საქართვლოს შაეფარა. .

XS
SM
MD
LG