ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ხერსონს


უკრაინის სამხრეთში, ხერსონის რეგიონში, უკრაინული ძალები ზეწოლას ახორციელებენ რუსულ ჯარზე, რომელიც მოსკოვმა თებერვალში დაიკავა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისას. რეგიონზე კონტროლის დაკარგვა კიდევ ერთი დიდი მარცხი იქნება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის. რატომ არის ეს რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი?

ყირიმის კარიბჭე

ხერსონის რეგიონი ყირიმს ესაზღვრება. ის მოსკოვს საშუალებას აძლევს სახმელეთო კავშირი ჰქონდეს შავ ზღვაში მდებარე ყირიმის ნახევარკუნძულთან, რომლის ოკუპაციაც კრემლმა 2014 წელს მოახდინა. უკრაინის მიერ ხერსონის აღება რუსეთს ამ დერეფანს შეუზღუდავს და ყირიმთან უკრაინის არტილერიას დააახლოებს.

ნახევარკუნძული, რომლის ანექსიასაც პუტინი მისი ორ ათწლეულზე მეტი ხნის მმართველობის მთავარ მიღწევად მიიჩნევს, რუსული სამხედრო ძალების დიდ კონტინგენტს მასპინძლობს. მათ შორისაა შავი ზღვის ფლოტიც, რომელსაც მოსკოვი ხმელთაშუა ზღვასა და ახლო აღმოსავლეთში მისი ოპერაციებისთვის იყენებს.

მტკნარი წყალი

თუ უკრაინა ხერსონის ოლქს დაიბრუნებს,მტკნარი წყლის მიწოდებას ყირიმისთვის საფრთხე შეექმნება. მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ყირიმი დაიკავა, კიევმა ნახევარკუნძულისთვის მდინარე დნიპროს არხით, წყლის მიწოდება შეზღუდა. რუსეთის მიერ ხერსონის და აღმოსავლეთით, მეზობელი ზაპორიჟიის რეგიონის ნაწილის დაკავებასთან ერთად, რუსეთი წყლის ნაკადის აღდგენას ეცადა. რუსეთს წყლის ეს არხი, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ნახევარკუნძულის მშრალი მიწის მოსარწყავად და სამხედრო ობიექტებისთვის სჭირდება.

ლოჯისტიკური მნიშვნელობა

ხერსონის რეგიონი მდინარე დნიპროს შესართავებს მოიცავს, რომელიც უკრაინას ორად ყოფს. რეგიონის მუნიციპალური ცენტრი, ქალაქი ხერსონი, მდინარის დასავლეთ ნაპირზე მდებარეობს. ეს არის ერთადერთი წერტილი, რომელსაც უკრაინაში, დნიპროს დასავლეთ სანაპიროზე რუსეთი აკონტროლებს. აქ რუსეთმა, უკანასკნელ პერიოდში, მისი ძალების რაოდენობა გაზარდა.

უკრაინული ჯარი მდინარეზე გავლებულ ხიდებს უტევს, რათა რუსეთის მიწოდების ჯაჭვი გაარღვიოს. თუ რუსეთი მდინარის დასავლეთ მხარეს თავის ერთადერთ დასაყრდენს დაკარგავს, უკრაინა უკეთ შეძლებს რუსეთი პოზიციებზე იერიშის მიტანას და ქვეყნის სამხრეთში, მიწოდების სხვა ხაზებსაც უკეთ შეუტევს. მათ შორის - ოკუპირებულ ზაპორიჟიეში, სადაც მოსკოვი ატომურ სადგურს აკონტროლებს.

„ხერსონი რეგიონში დნიპროს მარჯვენა (დასავლეთის) ნაპირი მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის - [რუსეთისთვის], რათა უზრუნველყოს ზაპორიჟიის მიმართულების დაცვა და [უკრაინისთვის], რათა გაათავისუფლოს ეს მიმართულება და გაკვეთოს სამი მნიშვნელოვანი კვანძი: სახმელეთო დერეფანი ყირიმთან, წყლით მომარაგება ყირიმში და დაიბრუნოს ატომურ სადგურზე კონტროლი“, - ამბობს ოლეჰ ჟდანოვი, უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსი.

სიმბოლური მნიშვნელობა

ქალაქი ხერსონი დღემდე ერთადერთი რეგიონალური დედაქალაქია, რომელიც 24 თებერვლის შემდეგ რუსულმა ძალებმა დაიკავეს. მისი დაკარგვა კრემლისთვის მნიშვნელოვანი სიმბოლური დარტყმაც იქნება. ამასთან, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ვერ შეძლებს ქალაქების მიკოლაევის და ოდესის მიმართულებით წასვლას, რომელთა აღებაც მოსკოვის მიზნებში შედიოდა, - ამბობს სამხედრო ანალიტიკოსი, ოლეკსანდრე მუსიენკო.

„ცხადია, ხერსონის და ხერსონის ხიდის დაკარგვა იქონიებს გავლენას რუსეთის იმიჯზე და უარყოფითი რეაქცია მოჰყვება რუსეთის შიგნით“, - თქვა მან.

შავი ზღვის კონტროლი

ხერსონის რეგიონი, სადაც ომამდე მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, შავ ზღვაზე მდებარეობს. მისი დაბრუნება კიევს დაეხმარება შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაწილზე კონტროლის მოპოვებაში. ეს კი უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უცხოეთის ბაზრებზე მისი სურსათის და სხვა პროდუქციის ექსპორტირებისთვის.

XS
SM
MD
LG