ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხერსონი ფოკუსში - რა ხდება ფრონტზე


ბოლო რამდენიმე კვირაა უკრაინაში მთავარი აქცენტი ხერსონზე კეთდება. უკრაინის არმია რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებას ცდილობს. კონტრშეტევა უმეტესად წარმატებულია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთმა ხერსონის ოლქში სამხედრო ძალების დანაკარგის შესავსებად და საბრძოლო შენაერთების გასაძლიერებლად, ხერსონის ფრონტის ხაზზე დამატებით 2 000-მდე მობილიზებული ჯარისკაცი ჩაიყვანა. ამას გარდა, რუსეთისადმი ლოიალურმა დროებითმა მმართველებმა ევაკუაციისთვის მოამზადეს რუსეთიდან ჩაყვანილი სამედიცინო პერსონალის და მასწავლებლების სიები. ადგილზე მუშაობას წყვეტენ ჰუმანიტარული ორგანიზაციებიც.

მოსკოვმა რეგიონზე საჰაერო იერიშები გააძლიერა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, განადგურებულია ერთ-ერთი საწყობი სადაც მათი თქმით, დასავლური სამხედრო დახმარება იყო შენახული. აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი ვიდეო მტკიცებულება კრემლს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია, ინფორმაციას ჯერჯერობით არც კიევი ადასტურებს. სააგენტო "როიტერს" დამოუკიდებელი წყაროებით ამ ცნობის გადამოწმების საშუალება არ ჰქონია.

რუსეთმა უკრაინის არმია ხერსონში, მდინარე დნეპრზე მდებარე ხიდის აფეთქებაში დაადანაშაულა. რუსული მედია-საშუალებების ცნობით, დაღუპულია სულ ცოტა, 4 ადამიანი. რუსეთის მიერ დანიშნული ადგილობრივი მთავრობის ცნობით, უკრაინელებმა ხიდს 12 "ჰაიმარსის" ტიპის ამერიკული რაკეტა ესროლეს, რომელთაგანაც მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ 11-ის მოგერიება შეძლო. უკრაინული საინფორმაციო წყაროების ცნობით, ამ ხიდს რუსეთი სამხედრო მიზნებით იყენებს. „უკრაინსკა პრავდა" იუწყება, რომ ხიდთან აფეთქება 20 ოქტომბერს, ღამით მოხდა.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები ანექსირებულად გამოაცხადა 2022 წლის 30 სექტემბერს. კრემლის ამ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს საერთაშორისო საზოგადოება. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დიდი უმრავლესობით დაგმო უკრაინის 4 რეგიონის უკანონო ანექსია. რუსეთის ამ ნაბიჯს დასავლეთისგან დამატებით ახალი სანქციებიც მოჰყვა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG