ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მასკი უკრაინისთვის ინტერნეტის დაფინანსებას გააგრძელებს


ილონ მასკმა 15 ოქტომბერს თქვა, რომ მისი კომპანია „სპეის-იქსი“ გააგრძელებს უკრაინაში „სტარლინკის“ სატელიტებით ინტერნეტის მიწოდებას და დაფინანსებას. „ჯანდაბას... იმის მიუხედავად, რომ „სტარლინკი“ ჯერ ისევ წაგებაზე მუშაობს და სხვა კომპანიები [ამერიკელი] გადამხდელებისგან მილიარდობით დოლარს იღებენ, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მთავრობისთვის მათ უფასოდ მიწოდებას“ - დაწერა მან „ტვიტერზე“. ამ განცხადებაზე ერთ-ერთი კომენტარის ავტორს კი, რომელიც წერს: „არ არსებობს, სიკეთემ დაუსჯელად ჩაიაროს“, მასკმა უპასუხა: „ამის მიუხედავად, ჩვენ სიკეთის კეთება უნდა გავაგრძელოთ“.

ასე დასრულდა ოქტომბრის დასაწყისში ელონ მასკს და უკრაინელ ოფიციალურ პირებს შორის დაწყებული მწვავე გაუგებრობა, რომელშიც როგორც პარასკევს გაირკვა, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტიც კი იყო ჩართული.

პრეისტორია

აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე სულ ერთი დღით ადრე, 14 ოქტომბერს, მასკმა „ტვიტერზევე“ განაცხადა, რომ „სპეის-იქსი“ გაუთავებლად ვერ დააფინანსებდა უკრაინისთვის „სტარლინკს“. „ძველი ხარჯების ანაზღაურებას „სპეის-იქსი“ არ ითხოვს, მაგრამ ის ასევე ვერ შეძლებს არსებული სისტემის განუსაზღვრელი ვადით დაფინანსებას და ათასობით დამატებითი ტერმინალის გაგზავნას, რომელთა ციფრული მოხმარება 100-ჯერ აღემატება საშუალო ოჯახისას“ - დაწერა მან „ტვიტერზე“ პარასკევს.

პარალელურად, მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ მასკმა სატელიტების მომსახურების საფასურის ანაზღაურება რამდენიმე ხნით ადრე, პენტაგონს მოსთხოვა. შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა აღნიშნული ცნობა სიტყვა-სიტყვით არ დაადასტურა, მაგრამ პარასკევს, პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ საბრინა სინგმა თქვა, რომ მათ კომუნიკაცია აქვთ „სპეის-იქსთან", „სტარლინკის“ დაფინანსებასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთი ნაბიჯით უკან რომ წავიდეთ, ეს ყველაფერი მას შემდეგ გამჟღავნდა, რაც ამერიკელ მილიარდერს და უკრაინელ ოფიციალურ პირებს შორის სკანდალი საჯაროდ, სოციალურ ქსელებში დაიწყო, მასკის ე.წ. სამშვიდობო შეთანხმების გეგმაზე. რუსეთს და უკრაინას შორის მიმდინარე ომის დარეგულირების მასკისეული ვერსია აშკარად მოსკოვს უფრო სწყალობდა, ვიდრე კიევს, რამაც აღაშფოთა უკრაინელები და უკრაინის მხარდამჭერები მთელ მსოფლიოში, კრემლში კი მოწონება დაიმსახურა.

მასკის „სამშვიდობო გეგმა

3 ოქტომბერს, ამერიკელმა მილიარდერმა „ტვიტერზე“ მისი გვერდის გამომწერებს გაუზიარა უკრაინაში მშვიდობის დამყარების მისეული ხედვა. ილონ მასკის აზრით, ამისთვის საჭირო იყო, რომ რუსეთის მიერ 2014-ში უკრაინაში ანექსირებული ყირიმი ფორმალურად იქნას ცნობილი, როგორც რუსეთის ტერიტორია. ცოტა უფრო ადრე კი მასკმა დაწერა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის 4 ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. რეფერენდუმი თავიდან უნდა ჩატარდეს, ოღონდ - გაეროს ზედამხედველობით.

მასკის კომენტარი სასწრაფოდ დაგმეს უკრაინის ოფიციალურმა პირებმა, დაწყებული პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკით. მან „ტვიტერის“ საკუთარ მომხმარებელს მაშინვე ჰკითხა, რომელი მასკი უფრო მოსწონდათ მათ, რომელიც უკრაინას ეხმარებოდა, თუ რომელიც რუსეთის მხარეს იყო. კომენტარები დასავლეთის არაერთმა ლიდერმა და დიპლომატმა გააკეთა. „როცა ვინმე თქვენ „ტესლაზე“ საბურავების მოპარვას ცდილობს, ის ავტომატურად მანქანის ან საბურავების მფლობელი ვერ გახდება, თუნდაც ორივე ამას ხმას აძლევდეს“ - დაწერა პასუხად ლიეტუვის პრეზიდენტმა გაიტანას ნაუსედამ.

ბევრ სხვა პასუხს შორის, გამორჩეული იყო გერმანიაში უკრაინის ელჩის, ანდრეი მელნიუკის რეაქცია, რომელმაც მასკს შეურაცხყოფა მიაყენა და უხეშად უთხრა, იქაურობას გაცლოდა. „ეს იქნება ჩემი ძალიან დიპლომატიური პასუხი“ - განაცხადა მან. სწორედ მელნიუკის პასუხი მოიშველია მოგვიანებით მასკმა პენტაგონისთვის „სტარლინკის“ დაფინანსების საკითხზე კომენტირებისას და ირონიულად თქვა, რომ უკრაინელი დიპლომატის რჩევას მიჰყვება.

რა შუაშია იან ბრემერი

რეალურად, ნამდვილი სკანდალი ამ საკითხთან დაკავშირებით დაიწყო სწორედ ამერიკელი პოლიტოლოგის იან ბრემერის კომენტარის შემდეგ, რომელიც მედიამ სწრაფად აიტაცა. პოლიტიკური რისკების საკონსულტაციო ორგანიზაციის, „ევრაზიის ჯგუფის“ ხელმძღვანელის თქმით, საკუთარი სამშვიდობო ხედვის გაზიარებამდე, ილონ მასკი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ესაუბრა. იან ბრემერი ამბობს, რომ ეს მას თავად მასკმა უთხრა.

განცხადებას ილონ მასკი „ტვიტერზე“ გამოეხმაურა. „პუტინთან მხოლოდ ერთხელ ვისაუბრე და ეს დაახლოებით 18 თვის წინ იყო. საუბრის საგანი კოსმოსი გახლდათ“ - დაწერა მასკმა. ბრემერმა მოგვიანებით გაიმეორა ბრალდება. პოლიტოლოგის თქმით, მასკმა მასთან საუბრის დროს ახსენა, რომ კრემლს სწორედ უკრაინაზე და რუსეთის „წითელ ხაზებზე“ ესაუბრა. მასკის შემდეგი პასუხი იყო: „ბრემერს არავინ არ უნდა ენდოს“.

რა არისსტარლინკი

ილონ მასკის კომპანიაში შექმნილი „სტარლინკი“, სატელიტების დაბალორბიტული კონსტელაციაა, რომელიც დედამიწაზე ინტერნეტით მომსახურებას უზრუნველყოფს. უკრაინაში მიმდინარე ომში „სტარლინკის“ მიერ შეთავაზებულმა სწრაფმა და საიმედო ინტერნეტ-კომუნიკაციებმა უკრაინის წარმატებულ თავდაცვაში და კონტრიერიშში დიდი როლი ითამაშა. „სტარლინკის“ ინტერნეტს მუდმივად იყენებს კიევში უკრაინის მთავრობა, უკრაინის არმია, არასამთავრობო სექტორი, ჰუმანიტარული და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.

მასკი ამბობს, რომ „სტარლინკის“ მომსახურებით უკრაინის უზრუნველყოფა მის კომპანიას თვეში $20 მილიონი უჯდება და მან ამ საქმისთვის $80 მილიონი უკვე გაიღო, რის გამოც საკუთარი კომპანიები რუსეთის კიბერიერიშების რისკის ქვეშ დააყენა.

ვინ აფინანსებსსტარლინკს

ტელეკომპანია „სი-ენ-ენის“ ინფორმაციით, „სტარლინკის“ მიერ უკრაინის ინტერნეტით მომსახურების 85%, მათ შორის, უკრაინაში 25 000-მდე ტერმინალის ჩატანის საფასური, გადაიხადეს ამერიკის, პოლონეთის და რამდენიმე სხვა ქვეყნის მთავრობებმა, თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. მათ ასევე გაიღეს იმ ხარჯების 30%, რაც ამ ტერმინალების ინტერნეტთან დაკავშირებას ესაჭიროებოდა.

როგორც ირკვევა, ტერმინალები რუსეთის მხრიდან სარაკეტო დაბომბვის ხშირი ობიექტია. "სპეის-იქსიდან" ანონიმურმა წყარომ ტელეკომპანია „სი-ენ-ენს“ აცნობა, რომ უკრაინის გენშტაბის მეთაურის, გენერალ ვალერი ზალუჟნის თქმით, უკრაინაში თვეში საშუალოდ 500 ასეთი ტერმინალი ნადგურდება. ამის გამო, უკრაინამ „სტარლინკს“ სექტემბრის დასაწყისში შეიარაღებული ძალების და დაზვერვის სამსახურებისთვის დამატებით 6 200 ტერმინალი სთხოვა. მაშინ მათ ამაზე პასუხად კიევს უთხრეს, რომ აჯობებდა ამ თხოვნით პენტაგონისთვის მიემართათ - განმარტავს "სპეის-იქსის" ოფიციალური წარმომადგენელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG