უკრაინის პრეზიდენმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დიდი შვიდეულის ქვეყნებს ონლაინ მიმართა და რუსეთის მხრიდან განხორციელებული, ორ-დღიანი მასობრივი დაბომბვის შემდეგ, მათგან საჰაერო დაცვის სისტემები მოითხოვა.
ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა დაბლოკონ რუსული ენერგო სექტორი დამატებითი სანქციების დაწესებით და შეუზღუდონ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვის მიღებული სარგებელი.
"რუსეთი სრულად უნდა იყოს იზოლირებული და დასჯილი. დასჯილი როგორც პოლიტიკურად, ისე სანქციების სახით",- თქვა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით "ასეთ ნაბიჯებს შეუძლიათ დაგვაახლოვონ მშვიდობასთან, ისინი აიძულებენ ტერორისტულ სახელმწიფოს, რომ მშვიდობაზე დაფიქრდეს, ამ ომის წამგებიანობაზე დაფიქრდეს".
დიდი შვიდეულის, ანუ ამერიკის, კანადის, გერმანიის, ბრიტანეთის, იაპონიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერებმა მკაცრად დაგმეს რუსეთის ბოლო სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე, რომლის დროს, ბოლო ორი დღის განმავლობაში, მინიმუმ 20 ადამიანი გარდაიცვალა, ქვეყნის ნაწილი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მსოფლიო ლიდერების თქმით, პუტინი პასუხს აგებს ჩადენილზე.
"ჩვენ ვგმობთ ამ თავდასხმას შესაძლო ზომებს შორის ყველაზე მკაცრი გზით და შეგახსენებთ, რომ ანგარიშმიუცემელი თავდასხმები უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობაზე ომის დანაშაულია",- წერია მსოფლიო ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.
თავის სიტყვით გამოსვლაში, ზელენსკიმ, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი შვიდეულის წევრებს დამატებით და უფრო მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები მოთხოვა, რათა უკრაინამ სარაკეტო თავდასხმებისას მტრის ტექნიკის განეიტრალება შეძლოს.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გერმანიას და ამერიკას იმ საჰაერო თავდაცვითი სისტემებისთვის, რომელიც ამ ორმა ქვეყანამ უკრაინას გადასცა. თუმცა, პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა ირანისგან 24,000 დრონი შეუკვეთა, რაც ნიშნავს იმას, რომ უკრაინას დამატებითი საჰარეო თავდაცვის სისტემები დასჭირდება.
ბელარუსის ლიდერის, ალექსნადრ ლუკაშენკოს ბოლოდროინდელი განცხადების ფონზე, რომ ბელარუსის ჯარი რუსეთისას შეუერთდება უკრაინის მიმდებარედ, ზელენსკიმ დიდ შვიდეულს ამ ტერიტორიაზე საერთაშორისო მონიტორინგის დაწყებაც თხოვა. "ფორმატი დიპლომატებს შეუძლიათ რომ შეიმუშაონ. მე ამას თქვენ, დიდი შვიდეულის დონეზე გთხოვთ, დაუჭირეთ მხარი ამ ინიციატივას",- მიმართა პრეზიდენტებს ზელენსკიმ.
ზელენსკიმ რუსეთთან სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკებაზეც ისაუბრა და თქვა, რო უკრაინა მზადაა მშვიდობისთვის აწარმოოს მოლაპარაკებები, თუმცა არა ვლადიმირ პუტინთან. მისი თქმით, მოლაპარაკებები შედგება, თუ რუსეთს სხვა პრეზიდენტი ეყოლება, ან ისეთ პირთან, ვინც "გაეროს ქარტიას, ძირითად ადამიანურ პრინციპებს და უკრაინის ტერიტორიის ერთიანობას პატივს ცემს".
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, 11 ოქტომბერს განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა დასავლეთთან უკრაინის ომის შესახებ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ამ დრომდე სერიოზული შეთავაზება მოლაპარაკებაზე არ მიუღია.