სამშაბათს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ რუსეთს ბრალი დასდო, რომ ენერგო-ობიექტებზე მიზანმიმართული თავდასხმებით „სამოქალაქო მოსახლეობისთვის გაუსაძლისი პირობების“ შექმნით, ომის დანაშაულებს სჩადის.
„რუსეთის დარტყმების მთავარი სამიზნეები ენერგო-ობიექტებია. გუშინ ბევრს დაარტყეს და დღეს იგივე და ახალ [ობიექტებს] დაარტყეს. ეს, წინასწარ დაგეგმილი ომის დანაშაულებია, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობისთვის გაუსაძლისი პირობების შესაქმნელადაა გამიზნული - თვეების წინ დაწყებული რუსეთის მიზანმიმართული სტრატეგია,“ დაწერა კულებამ „ტვიტერზე“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ორშაბათს დაარტყა „ყველა მონიშნულ სამიზნეს“ და ამას სამხედრო, საკომუნიკაციო და ენერგო-ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა უწოდა.
კრემლის პრეს-მდივანმა კი თქვა, რომ შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის დაპირებული მოწინავე ანტისაჰაერო სისტემების მიწოდება კონფლიქტს მხოლოდ გააფართოებს და უკრაინას მეტ ტკივილს მიაყენებს.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ევჰენ ენინმა სამშაბათ დილით თქვა, რომ რუსული თავდასხმების შედეგად, კიევის რეგიონში დაახლოებით 300 დასახლებულ პუნქტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. უკრაინის დასავლეთში, ლვივის გარშემო, ელექტროენერგიის გარეშე დასახლებული პუნქტების დაახლოებით იგივე რიცხვია.
უკრაინის სამხედრო უწყების ორშაბათს გამოქვეყნებული ცნობით, რუსეთმა უკრაინას 84 ფრთოსანი რაკეტა და 24 დრონი დაუშინა, ქვეყანაში სულ მცირე 14 წერტილს დაარტყა და სულ მცირე 14 ადამიანი იმსხვერპლა. თავდასხმების უმეტესობა კიევის ცენტრზე, დასახლებულ უბნებზე, მათ შორის პარკებზე და ტურისტულ ადგილებზე მოხდა. დაიღუპნენ და დაიჭრნენ სამოქალაქო პირები. ქვეყნის დიდი ნაწილი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.