უკრაინული მხარის ცნობით, რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს და დააპატიმრეს რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ზაპორიჟიეს ატომური სადგურის ხელმძღვანელის მოადგილე. ატომურ ენერგო კომპანია "ენერჰოატომში" აცხადებენ, რომ მათთვის გატაცებული პიროვნების ადგილსამყოფელი უცნობია.
"ენერჰოატომის" მიერ, ტელეგრამში გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ ვალერი მარტინიუკი ორშაბათს დააკავეს. რუსულ მხარეს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
უკრაინული მხარე მოუწოდებს "საერთაშორისო ატომური სააგენტოს" ხელმძღვანელს, რაფაელ გროსის, რომ მიიღოს "ყველა შესაძლო ზომა", რათა დაკავებულ მარტინიუკს დაეხმაროს. სააგენტო "როიტერთან" საერთაშორისო სააგენტოს კომენტარი არ გაუკეთებია. კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, გროსი დღეს ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდეს.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ზაპორიჟიეში ატომური სადგურის თანამშრომლის დაპატიმრება მოხდა. 1 ოქტომბერს, რუსმა სამხედროებმა მაშინდელი დირექტორი, იჰორ მურაშოვი დააკავეს. მის გათავისუფლებაშიც "საერთაშორისო ატომური სააგენტოს" ხელმძღვანელი იყო ჩართული. 3 ოქტომბერს, სწორედ რაფაელ გროსიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მურაშოვი გაათავისუფლეს და რომ ის ზაპორიჟიეს ატომური სადგურის ხელმძღვანელის პოზიციას აღარ დაიკავებდა.
ზაპორიჟიეს ატომური სადგური ევროპაში სიდიდით ნომერ პირველია. მისი წყობიდან გამოსვლა, ან აფეთქება საფრთხეს უქმნის, როგორც უკრაინას, ისე მის შემოგარენ ტერიტორიებს.
ატომურ სადგურსა და მის ირგვლივ პერიმეტრზე კონტროლი რუსებმა ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მოიპოვეს. მას შემდეგ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ტერიტორიის ნეიტრალურ ზონად გამოცხადებისა და დემილიტარიზაციის შესახებ, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა.
გასულ კვირას რუსეთმა განაცხადა, რომ ატომური სადგურის მუშაობას ამიერიდან რუსები განახორციელებენ. თუმცა ამის კატეგორიულად წინააღმდეგია "ენერჰოატომი". მისმა უკრაინელმა ხელმძღვანელმა, პეტრო კოტინმა თქვა, რომ სადგურის მუშაობის შესახებ გადაწყვეტილებებს მხოლოდ ოფიციალური კიევი მიიღებს.