უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთის მიმართულებით რუსეთის თავდაცვა გაარღვიეს. ისინი ქვეყნის აღმოსავლეთშიც წინ სწრაფად მიიწევენ - რუსეთის არმიის მომარაგების მთავარ არტერიებს პრობლემებს უქმნიან და მოსკოვის მიერ ანექსირებული ტერიტორიის ნაწილს ათავისუფლებენ.
კიევი ომის დაწყების დღიდან, სამხრეთ ფრონტზე ყველაზე მეტად ორშაბათს დაწინაურდა. უკრაინის არმიამ ოკუპანტებისგან გაათავისუფლა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მდინარის, დნიპროს გასწვრივ განლაგებული რამდენიმე სოფელი. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის მიერ იქ დანიშნული ლიდერებიც ადასტურებენ.
დაზუსტებული ინფორმაციით, სამხრეთში უკრაინელებმა სოფელი დუდჩანი დაიბრუნეს. ეს ინფორმაცია რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას ვლადიმირ სალდომ, კრემლის მიერ დანიშნულმა ხერსონის რეგიონის ე.წ. მმართველმა მიაწოდა. ეს ნიშნავს, რომ უკრაინელებმა ორშაბათს ფრონტის ხაზი ადგილზე სულ ცოტა, 30 კილომეტრით სამხრეთით გადაწიეს. იქ რუსეთის დიდი ძალები იყო მობილიზებული.
უკრაინის არმიამ რუსეთის 31 ტანკი და ერთი მრავალჯერადი გამოყენების სარაკეტო დანადგარი გაანადგურა - აცხადებს სამხრეთის ოპერაციების მართვის ცენტრი. განცხადებაში არ არის მითითებული ის, თუ კონკრეტულად სად მიმდინარეობდა ეს შეტაკებები. სააგენტო "როიტერს" კი ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმების საშუალება ამ ეტაპზე არ ჰქონია.
იმის მიუხედავად, რომ რუსეთმა ე.წ. რეფერენდუმის საფუძველზე უკრაინის აღმოსავლეთში 4 რეგიონის ანექსია განახორციელა, სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და ბირთვულ მუქარასაც ავრცელებს, უკრაინელები აღმოსავლეთშიც დაწინაურდნენ და ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილი გაათავისუფლეს კიდეც. მნიშვნელოვანი წინსვლაა სარკინიგზო ჰაბის - ლიმანის მიმდებარე ტერიტორიაზეც, რომელზე კონტროლიც უკრაინამ სულ რამდენიმე დღის წინ დაიბრუნა.
კიევი ახლა დონბასის რეგიონზე შეტევისთვის ემზადება. სააგენტო "როიტერი" ადასტურებს, რომ ლიმანთან უკრაინის სამხედრო მანქანების გრძელი კოლონა გადააადგილდება.
მართალია ოფიციალური კიევი ფრონტის ხაზზე მიღწეული გამარჯვებების სრულ სიაზე ჯერჯერობით არ საუბრობს, მაგრამ ადგილობრივი ლიდერების განცხადებებით და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოებით ირკვევა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიბრუნეს მაგალითად, სოფელი მაროლიუბივკა. სოფლის ცენტრში უკრაინის 128-ე ბრიგადის ჯარისკაცებმა უკრაინული დროშა აღმართეს. ეს სოფელი რამდენიმე დღის წინ ყოფილ ფრონტის ხაზს და მდინარე დნიპროს შორის მდებარეობს.
სერჰი ხლანი, ხერსონის რეგიონული საბჭოს წევრი ამბობს, რომ უკრაინამ დნიპროს გასწვრივ კიდევ 4 სოფელი გაათავისუფლა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ამ სოფლებში ახლა უკრაინის არმიის ქვედანაყოფები არიან.
განწყობის შეცვლა რუსულ სახელმწიფო მედიასაც დაეტყო. ტოკშოუების წამყვანები საუბრობენ უკანდახევაზე და მის გამომწვევ შესაძლო მიზეზებზე. "გარკვეული დროის განმავლობაში, ჩვენი საქმე არც ისე იოლად წავა. ჩვენ კარგი ამბების მოლოდინში ახლა არ უნდა ვიყოთ", - თქვა ვლადიმირ სოლოვიოვმა, კრემლის მიერ კონტროლირებული რუსული მედიის ერთ-ერთმა წამყვანმა ჟურნალისტმა.
მას შემდეგ, რაც პარასკევს, წითელ მოედანზე უკრაინის ტერიტორიების - დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონის და ზაპორიჟიის - ანექსია ზარ-ზეიმით და კონცერტებით აღნიშნეს, უკრაინა ფრონტზე დაწინაურებას კიდევ უფრო სწრაფად ახერხებს. რუსული საინფორმაციო არხების ცნობით, კრემლმა დაკავებული პოზიცია დაატოვებინა დასავლეთის სარდლობის მეთაურს, იმ რეგიონის, რომელიც უკრაინას ესაზღვრება.