აღმოსავლეთ უკრაინის ზოგიერთ ნაწილში და ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხარკივის მიმართულებით, უკრაინისა და რუსეთის ძალების მძიმე შეტაკებები გრძელდება. მოსკოვი ამასობაში უკრაინაში საბრძოლველად გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციის წინააღმდეგ გამოსული აქტივისტების დაკავებას აგრძელებს. განკარგულებას "ნაწილობრივი" მობილიზაციის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი გასულ კვირას მოაწერა.
უკრაინა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონი უდიდესი სტრატეგიული პრიორიტეტია როგორც უკრაინისთვის, ისე - რუსეთისთვის. რეგიონის რამდენიმე ქალაქში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, პარალელურად კი რუსეთი სამხრეთით და დასავლეთით დაწინაურებას ცდილობს.
დონეცკში სიტუაცია "განსაკუთრებით მწვავეა" - განაცხადა ზელენსკიმ ორშაბათს. "ყველაფერს ვაკეთებთ მტრის მოქმედების შესაზღუდად. ეს ახლა ჩვენი ნომერ პირველი მიზანია, რადგან დონბასი ოკუპანტებისთვის კვლავ ნომერ პირველ სამიზნედ რჩება", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ საღამოს მიმართვაში.
რეგიონების მმართველები და ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთმა სულ მცირე, 5 იერიში მიიტანა სამიზნეებზე, რომლებიც ოდესის რეგიონში მდებარეობს. მათი ცნობით, კრემლი შეტევების დროს ირანულ დრონებს იყენებს. რუსეთის რაკეტების სამიზნე გუშინ ცენტრალურ უკრაინაში, რივი რიჰში მდებარე აეროპორტიც იყო, რის გამოც ის გამოუსადეგარი გახდა - ზმის შესახებ "ტელეგრამზე" ვალენტინ რეზნიჩენკომ, დნიპროპეტროვსკის გუბერნატორმა დაწერა.
ბრძოლები ასევე გრძელდება ხარკივის რეგიონში, რომელიც ბოლო თვეში დაწყებული უკრაინის კონტრიერიშის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და ხერსონის რეგიონშიც. უკრაინის შეიარაღებული ძალები იტყობინება, რომ 27 სექტემბრისთვის, ხერსონის მიმართულებით მიმდინარე ბრძოლებში, რუსეთმა 77 ჯარისკაცი, 6 ტანკი, 14 საბრძოლო მანქანა, ასევე რაკეტები და ანტისარაკეტო დანადგარები დაკარგა. ამ განცხადების დამოუკიდებელი წყაროების საშუალებით გადამოწმება ჯერჯერობით შეუძლებელია.
რუსეთი
მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი მეზობელ უკრაინას განმეორებით დაესხა თავს და ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო, რუსეთში მიმდინარე საპროტესტო აქციები აღარაა გაფანტული და პირველად გახდა მდგრადი. რუსეთის მოქალაქეები პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გასულ კვირაში გამოცხადებულ სამხედრო მობლიზაციას აპროტესტებენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მობილიზაცია ნაწილობრივია და ჯარში გაწვევა შეეხება მხოლოდ 300 000 რეზერვისტს. თუმცა, პრეზიდენტის განკარგულებამ მოსახლეობაში სრული მობილიზაციის შიში გააჩინა, მამაკაცების ნაწილი ქვეყანას ტოვებს, ნაწილი კი - გადაწყვეტილებას ქუჩებში აპროტესტებს.
"ოვდ-ინფო" - უფლებადამცველი ჯგუფი, რომელიც რუსეთში პოლიტიკურ დაპატიმრებებს აღნუსხავს და აკვირდება, ამბობს, რომ 26 სექტემბერს რუსეთში 2 386 ადამიანი დააკავეს. ქვეყანაში ჯერ კიდევ აკრძალულია უკრაინის კონტექსტში "ომის" ხსენება, ან თუნდაც "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" კრიტიკა.
რუსულენოვანი გამოცემები "მედუზა" და "ნოვაია გაზეტა", რომლებიც უცხოეთიდან მუშაობენ, გადასცემენ რეპორტაჟებს, სადაც ნათქვამია, რომ მთავრობა აპირებს მამაკაცებს აუკრძალოს ქვეყნის დატოვება. ქვეყნის ფიზიკურ საზღვრებზე კი, განსაკუთრებით მეზობელ საქართველოსთან, უპრეცედენტო საცობებია და მანქანების 48-საათიანი რიგები დგას. საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს უვიზოდ შესვლის საშუალება აქვთ.
როცა კრემლის პრესსპიკერ დმიტრი პესკოვს ჟურნალისტებმა საზღვრის ჩაკეტვის თაობაზე ჰკითხეს, მან 26 სექტემბერს თქვა: "ამაზე არაფერი ვიცი. ამ წუთისთვის არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული".
Facebook Forum