კიევმა განაცხადა, რომ კრემლის მიერ უკრაინის ტერიტორიების რუსეთის ნაწილად გამოცხადებიდან მეორე დღეს, უკრაინულმა ძალებმა, ბრძოლის ველზე პასუხად, ათასობით რუსი ჯარისკაცის ალყაში მოაქცია და აღმოსავლეთ ბასტიონ, ლიმანის მისადგომებს მიაღწია.
პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკის და კიდევ სამი რეგიონის რეგიონის ანექსიის გამოცხადების შემდეგ ლიმანის დაკარგვა, რუსეთისთვის დიდი დარტყმა იქნება.
უკრაინის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, ორმა მომღიმარმა უკრაინელმა ჯარისკაცმა, დონეცკის ჩრდილოეთის ქალაქ ლიმანის შესასვლელში, ქალაქის დასახელების დაფაზე უკრაინის სახელმწიფო დროშა დაამაგრა.
„1 ოქტომბერს, ჩვენს სახელმწიფო დროშას ვშლით და ჩვენს მიწაზე აღვმართავთ. ლიმანი უკრაინა იქნება,“ ამბობს ერთ-ერთი ჯარისკაცი.
უკრაინის აღმოსავლეთის ძალების პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთს ლიმანთან 5 ათასიდან 5.5 ათასამდე ჯარისკაცი ჰყავდა, მაგრამ ბრძოლებში დაღუპულთა გათვალისწინებით, შესაძლოა ალყაშემორტყმული დაჯგუფების რიცხვი უფრო მცირე იყოს.
პრეს-მდივანმა სერჰიი ჩერევატიმ ტელევიზიით გამოსვლისას თქვა: „ლიმანის რაიონში რუსული დაჯგუფება ალყაშია.“
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კომენტარის თხოვნას ჯერ-ჯერობით არ უპასუხა.
ოპერატიულ ვითარებაზე ბოლო ინფორმაცია რუსეთმა პარასკევ საღამოს გამოაქვეყნა. შაბათს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს „ტელეგრამის“ არხზე არმიის დღასასწაულის, „სახმელეთო ძალების დღის“ მისალოცი შეტყობინებები გამოქვეყნდა, მათ შორის ერთი - პუტინისგან.
რუსეთი ლიმანს დონეცკის რეგიონის ჩრდილოეთში ოპერაციებისთვის, ლოგისტიკურ და სატრანსპორტო კვანძად იყენებდა. მისი დაცემა, ხარკივის რეგიონში ელვისებური კონტრიერიშის შემდეგ, უკრაინის უდიდესი საბრძოლო გამარჯვება იქნება.