ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში ელექტრომომარაგების კუთხით პრობლემებია


უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად, ქვეყანაში ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით პრობლემებია. მიზეზი რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სტრატეგიულ ობიექტებზე მიტანილი იერიშებია, რომელთა შედეგადაც დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

20 ოქტომბერს, უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდვით ხდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ამის მიზეზი სარემონტო, სარეაბილიტაციო სამუშაოებია, სპეციალისტებმა უნდა აღადგინონ დაზიანების წერტილები, რათა უკრაინა ზამთარს მომზადებული შეხვდეს.

„ჩვენ გვჭირდება დრო ელექტროსადგურების აღსადგენად, ამისთვის გვჭირდება მიწოდების შემცირება“, - ამბობს „უკრენეგოს“ ხელმძღვანელი ვოლოდომირ კურიცკი.

დიდმა უკრაინულმა ქალაქებმა, როგორიცაა კიევი და ხარკივი, მიიღეს გადაწყვეტილება შეამცირონ ელექტროენერგიის მოხმარება. შემცირდა ელექტროენერგიაზე მომუშავე ტრანსპორტის გამოყენებაც, როგორიცაა ტროლეიბუსები, შეზღუდვებით მუშაობს მეტროპოლიტენი, მატარებლები უფრო დიდი შუალედით გადაადგილებიან.

კომპანია „დტეკ“ ამბობს, რომ სარემონტო სამუშაოების ფარგლებში მაქსიმალურად ეცდებიან, რომ დედაქალაქს ელექტროენერგიის მიწოდება 4 საათზე მეტხანს არ შეუზღუდონ.

ელექტროენერგიის გათიშვა მოხდება სუმშიც, დილის 7 საათიდან ღამის 11 საათამდე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG