გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნალის“ მიერ პარასკევს გავრცელებული ცნობის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა დაადგინეს, რომ ზღვაში მოპოვებული რუსული ნავთობის ყოველი ტვირთი (პარტია) ფასის ზედა ზღვარს დაექვემდებარება, როდესაც ის ხმელეთზე პირველად გაიყიდება.
ეს გადაწყვეტილება ამერიკელ ოფიციალურ პირებსა და დიდი შვიდეულის ქვეყნებს შორის ბოლო კვირებში წარმოებული ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგია. ეს არის უპრეცედენტო გეგმა, რომელიც ზღვით გადაზიდულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარს აწესებს.
გეგმა 5 დეკემბერს ამოქმედდება, რათა მან უზრუნველყოს, რომ ევროკავშირის და აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციებმა, რომლის მიზანია შეზღუდოს მოსკოვის შესაძლებლობა - უკრაინაში თავისი ომი დააფინანსოს - ნავთობის გლობალური ბაზარი არ მოგუდოს.
გამოცემა ამ საქმეში ჩახედულ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჯერ კიდევ ზღვაში მყოფ რუსულ ნავთობზე შუალედური გარიგებებიც ამ ზღვარს დაექვემდებარება.
თუმცა, თუ რუსული ნავთობი სხვა პროდუქტად გადამუშავდება, როგორიც ბენზინია, ზღვაში მყოფ ამ ტვირთზე გარიგებები შესაძლოა ასეთ სავალდებულო ზღვარს არ დაემორჩილოს.
ხუთშაბათს სააგენტო „როიტერი“ იუწყებოდა, რომ შვიდი განვითარებული ქვეყანა და ავსტრალია შეთანხმდნენ, რომ რუსულ ნავთობზე „მცურავი ფასის“ ნაცვლად ფიქსირებული ფასი დაწესდეს.